მნიშვნელოვანისიახლეები

მთავრობამ პარაპლანით სარგებლობის წესები დაამტკიცა

მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 10 საკითხი განიხილეს. მათ შორის, დამტკიცდა პროექტი, რომელიც პარაპლანით ფრენასთან დაკავშირებულ საკითხებსა და უსაფრთხოების სტანდარტებს განსაზღვრავს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღინიშნა, რომ მოცემული სფერო უსაფრთხოების კუთხით მნიშვნელოვან რისკებს უკავშირდება და შესაბამისი საკანონმდებლო აქტის მიღებამდე, პარაპლანით ფრენების სამართლებრივი რეგულირების აუცილებლობაა დროებითი წესის საფუძველზე.

წარმოდგენილი პროექტით მტკიცდება “პარაპლანით ფრენების წარმოების, ექსპლუატაციის, უსაფრთხოებისა და ამ წესით განსაზღვრული საქმიანობისთვის დადგენილი საფასურების ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის დროებითი წესი”.

პროექტი განსაზღვრავს პროცესში ჩართულ პირთა უფლება-მოვალეობებს, საფრენი ლოკაციის ვარგისიანობის დადგენის მოთხოვნას და შესაბამის წესს, ოპერატორის სერტიფიცირების საკითხს, მოთხოვნებს მფრინავის მიმართ, მფრინავთა კატეგორიებს/ქვეკატეგორიებს, მათი მინიჭების/აღიარების და გამოცდის ჩატარების წესს, პარაპლანისა და მისი ელემენტების ვარგისიანობის დადგენის მოთხოვნას და შესაბამის პროცედურას, ფედერაციის კომპეტენციასა და უფლება-მოვალეობებს, ზედამხედველობას ფედერაციის საქმიანობაზე, წესით გათვალისწინებული შესაბამისი საქმიანობის განსახორციელებლად დაწესებული საფასურების ოდენობას და სხვა.

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, პარაპლანით ფრენას ის პირები შეძლებენ, რომლებსაც შესაბამისი გამოცდა ჩაბარებული ექნებათ.

“ჩვენ ვნახეთ არაერთი შემთხვევა, მათ შორის, სამწუხაროდ, უბედური შემთხვევებიც და ტრაგედიებიც, რა თქმა უნდა, ფედერაცია, რომელიც არ არის ჩვენი სამინისტროს მიერ აღიარებული, დღეს დამტკიცებულ წესის თანახმად, სწორედ ეს ფედერაცია აქტიურად იყო ამ წესის შემუშავებაში ჩართული, უკვე გარკვეულ რეგულაციებს იღებს, რომელიც არის საკმაოდ მკაფიო და იმედი მაქვს, მთავრობის ეს აქტი კანონად გადაიქცევა. ეს ფედერაცია ხდება სწორედ გამოცდების ჩატარებაზე პასუხისმგებელი ორგანიზაცია, ვინაიდან ამ წესის მიღების შემდეგ ვერც ერთი ინდმეწარმე, იურიდიული პირი ვერ განახორციელებს ფრენას, თუ თვითონ მფრინავი არ არის პროფესიონალი და არ აქვს ჩაბარებული გამოცდა. ასევე, ამ წესის თანახმად თავად აპარატურა უნდა იყოს გამართული.

ასევე, მონიტორინგს განახორციელეს ფედერაცია და ფედერაციაზე სახელმწიფო ზედამხედველობას განახორციელებს ეკონომიკის სამინისტროს საჰაერო ნავიგაციის სააგენტო. შსს-ს ექნება ფუნქცია, რომ როდესაც ფედერაცია განსაზღვრავს ფრენისათვის ვარგის არეალებს, რომელიც მიღმაც ფრენა აკრძალული იქნება, სწორედ ამ არეალის ფარგლებში წესების დაცვაზე პასუხისმგებელი იყოს ფედერაცია და საჭიროების შემთხვევაში, ამ წესების აღსრულების საკითხში დახმარება აღმოუჩინოს ფედერაციას შსს-მ და ასევე, ამავე სამინისტრომ უზრუნველყოს ის, რომ აღკვეთოს მოცმული არეალების მიღმა ნებისმიერი ფრენა, რომელიც უკანონო ფრენა იქნება”- თქვა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

წესი არეგულირებს პარაპლანით კომერციულ, არაკომერციულ და საწვრთნელ-სავარჯიშო ფრენებს. წესი არ ვრცელდება ექსპერიმენტულ და საჩვენებელ ფრენებზე, თუმცა ასეთი სახის ფრენების შესრულებაზე განისაზღვრება გარკვეული მოთხოვნები.

შეგახსენებთ 2022 წლის 29 ივლისს გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენის დროს, ორი ადამიანი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა და მათგან ერთი დაიღუპა.

სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.

სამაშველო ოპერაციის დროს ჩამოვარდნილ ვერტმფრენში 8 ადამიანი იჯდა. ვერტმფრენის ბორტზე იყო ეკიპაჟის ოთხი წევრი, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორი მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ორი მედიკოსი.

სამაშველო ოპერაციის დროს ყველა მათგანი დაიღუპა: ეკიპაჟის მეთაური ზაზა ლორია; მფრინავები ანდრო ქუჯოშვილი, დიმიტრი ქააძე და ლევან ჩოხელი; მაშველები გიორგი მარგიანი და კახა ტორჩინავა; ექიმები ქეთევან გულაღაშვილი და გიორგი ვენეცკი.

პრეზიდენტმა გუდაურში დაღუპულები სამოქალაქო თავდადებისთვის დააჯილდოვა.

ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ, პარაპლანით ფრენა აიკრძალა. პარაპლანისტები კი აკრძალვის მოხსნას მოითხოვდნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button