“შეცვლილი გარემოებების გამო”-კობახიძემ ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს “აგენტების კანონის” შესახებ სამუშაო ჯგუფის შექმნაზე უარი უთხრა
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2025/02/eu-saq-780x470.jpg)
“ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს, ალენ ბერსეს “აგენტების კანონის” შესახებ სამუშაო ჯგუფის შექმნაზე უარი უთხრა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ევროსაბჭო ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ბერსესა და კობახიძეს შორის სატელეფონო საუბარი 3 თებერვალს გაიმართა, რათა მხარეებს ერთობლივი სამუშაო ჯგუფის სტატუსი განეხილათ. ჯგუფს ე.წ. აგენტების კანონის ცვლილებაზე უნდა ემუშავა. შესაბამისი შეთანხმება ორმხრივად შედგა 2024 წლის 20 დეკემბერს, გენერალური მდივნის თბილისში ვიზიტის დროს.
ევროსაბჭოს განცხადებაში წერია, რომ 20 იანვარს სამდივნომ თბილისში წერილი გაგზავნა სამუშაო ჯგუფის ფორმალურად შექმნის თხოვნით, რაც, მათივე თქმით, უპასუხოდ დარჩა.
განცხადების თანახმად, 3 თებერვალს, სატელეფონო საუბრისას ირაკლი კობახიძემ ბერსეს უთხრა, რომ “შეცვლილი გარემოებების გამო” მის მთავრობას აღარ სურს მონაწილეობა მიიღოს ერთობლივ სამუშაო ჯგუფში ან შეცვალოს “უცხოურიი გავლენის” კანონი, როგორც ეს ადრე იყო განხილული:
“თუმცა, მან კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ვალდებულება გააგრძელოს მუშაობა ევროპის საბჭოსთან მთავრობათაშორისი თანამშრომლობის ფარგლებში”.
ევროსაბჭოს განცხადებით, გენერალურმა მდივანმა ამის გამო დიდი სინანული გამოხატა და, ამასთან, გაიმეორა შეშფოთება საქართველოში კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის, ასევე მზარდი პოლიტიკური პოლარიზაციის გამო. “ახლა უნდა შევაფასოთ მთავრობის კურსის შეცვლის შედეგად შექმნილი ახალი ვითარების გავლენა და შედეგი. საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგი გრძელდება”, – წერია განცხადებაში. 20 დეკემბერს ვიზიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ალენ ბერსემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან შეთანხმდნენ სამუშაო ჯგუფის შექმნაზე ამ საკითხთან დაკავშირებით.
ირაკლი კობახიძემ ამაზე პასუხად პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ხელისუფლება მზადაა ასეთი დისკუსიებისთვის, თუმცა, მისი თქმით, ხელისუფლებას უნდა „დაუმტკიცონ“ კანონის ხარვეზები.
ალენ ბერსემ მანამდე განაცხადა: „გვაქვს სიტყვები, გაცემული დაპირებები [კანონის შეცვლაზე], ვალდებულებები, მაგრამ ეს ყველაფერი ფაქტი უნდა გახდეს“.
წინასწარ ვაცნობეთ ბატონ ბერსეს იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ფორმატმა ამოწურა საკუთარი დატვირთვა, ჩვენ გვქონდა საუბარი იმაზე, რომ შეიქმნებოდა სამუშაო ფორმატი “გამჭვირვალობის შესახებ” კანონის გადასამუშავებლად, თუმცა განვითარებული მოვლენების ფონზე, ამ ფორმატმა დაკარგა თავისი პირვანდელი მნიშვნელობა,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლებამ გადადგა კონკრეტული ნაბიჯები, რასაც არავითარი შემხვედრი ნაბიჯი არ მოჰყოლია და როდესაც უცხოური დაფინანსებით მომუშავე “ენჯეოები” გამოიყენებიან, როგორც რევოლუციის მოწყობის მცდელობის მთავარი ინსტრუმენტი, „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის დარბილებაზე საუბარი ზედმეტია.
“გახსოვთ, ბატონი ბერსე ჩამობრძანდა საქართველოში, რასაც მოჰყვა ძალიან უხეში შეფასებები რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, შეურაცხმყოფელი შეფასებებიც კი. ეს არის კონტექსტი. ჩვენ გვქონდა საუბრები იმაზე, რომ შეიქმნებოდა სამუშაო ფორმატი “გამჭვირვალობის შესახებ” კანონის გადასამუშავებლად, თუმცა განვითარებული მოვლენების ფონზე, ამ ფორმატმა დაკარგა თავისი პირვანდელი მნიშვნელობა. ჩვენ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯი, თუმცა ნაცვლად იმისა, რომ გვეხილა შემხვედრი ნაბიჯი კონკრეტული სუბიექტების მხრიდან, „დიფ სთეითის“ და შესაბამისი სხვა სტრუქტურების მხრიდან, ვიხილეთ საპირისპირო ტენდენცია. გაგრძელდა რევოლუციის მოწყობის მცდელობა, ხედავთ, რომ 4 ასეული ადამიანი ყოველ დღე უყენიათ რუსთაველზე, აკეტინებენ რუსთაველის გამზირს, ანუ არავითარი შემხვედრი ნაბიჯი არ ყოფილა. გაგრძელდა სანქციების დაწესება, PACE-დან იცით, რა გადაწყვეტილება იქნა მიღებული, როდესაც დათქმებით მიანიჭეს სტატუსი ჩვენს დელეგაციას, ეს ყველაფერი არ ტოვებს სივრცეს, რომ ჩვენ ვისაუბროთ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გარშემო ფორმატის შექმნაზე. არათუ არ შეიძლება ამ ყველაფრის ფონზე დარბილდეს კანონი, მეტი რა უნდა დარბილდეს არ ვიცი ოღონდ, ვინაიდან საუბარია მხოლოდ ერთჯერად,ყოველწლიურ ფინანსურ დეკლარაციაზე, ამ ყველაფრის ფონზე, როდესაც უცხოური დაფინანსებით მომუშავე „ენჯეოები“ გამოიყენებიან, როგორც რევოლუციის მოწყობის მცდელობის მთავარი ინსტრუმენტი, „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის დარბილებაზე საუბარი ზედმეტია და გაუმჭვირვალობის შესახებ სამუშაო ფორმატის შექმნაზე საუბარი არის ზედმეტი. შესაბამისად, ჩვენ ეს პოზიცია გავაცანით ბატონ ბერსეს. ყველა პრინციპი, ყველა წესი დავიცავით, წინასწარ ვაცნობეთ ბატონ ბერსეს იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ფორმატმა ამოწურა საკუთარი დატვირთვა,”- განაცხადა პრემიერმა.
ვიზიტის დროს ალენ ბერსე, ასევე შეხვდა ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, ასევე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.
შეხვედრის შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე მისი სიტყვის მნიშვნელოვანი ნაწილი ალენ ბერსეს ნათქვამის კრიტიკას დაუთმო. ზურაბიშვილის თქმით, ევროსაბჭოს გენერალური მდივანი „გაუგებრობაში“ მოხვდა.
„მე ნათლად ავუხსენი გენერალურ მდივანს და მის დელეგაციას, რომ მათი არც მანდატი, არც მოვალეობა და არც უფლება არ არის, დანიშნონ რაღაც კომისია ჯერ არავისგან არაღიარებულ ხელისუფლებასთან, მით უმეტეს იმისთვის, რომ განიხილონ რუსული კანონი.
ვის რაღაში აინტერესებს რუსული კანონის შეცვლა თუ არშეცვლა. ეს არის ყველაზე კარგი მაგალითი იმისი, თუ როგორ იტყუება ეს ხელისუფლება წლების განმავლობაში“, – თქვა ბრიფინგზე ზურაბიშვილმა.
ევროპელი მაღალჩინოსნის საჯარო კრიტიკას ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც არ მორიდებიან.