მნიშვნელოვანიმსოფლიორეგიონისაქართველოსიახლეები

შეზღუდული ფრენები და გაძვირებული ბილეთები

მიუნხენი – თბილისი – მიუნხენის საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 2 აგვისტოდან განახლდება. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, ავიაკომპანია Lufthansa-სთან ტექნიკური მოლაპარაკებები უკვე დასრულდა.

ავიარეისები შესრულდება Airbus A319 ტიპის საჰაერო ხომალდით კვირაში ორჯერ, შემდეგი განრიგით:

• მიუნხენი – თბილისის მიმართულებით, ყოველ ხუთშაბათსა და კვირას;
• თბილისი – მიუნხენის მიმართულებით, ყოველ ორშაბათსა და პარასკევს.

აგვისტოს თვეში გერმანიაში მხოლოდ ავიაკომპანია Lufthansa იფრენს.

ბილეთები ავიაკომპანიის საიტზე უკვე დაიდო. ორმხრივი ბილეთის მინიმალური ფასი აგვისტოს პირველ ორ კვირაში 5 000 ლარს აჭარბებს, ხოლო თუ უკან დასაბრუნებელ ბილეთს აგვისტოს მეორე ნახევარში იყიდით, ჯამში, ყველაზე ცოტა, 4 000 ლარის გადახდა მოგიწევთ.

გერმანიას საქართველოს მთავრობამ უპირობოდ გაუხსნა საზღვარი, თუმცა ფრენის უფლებას მხოლოდ მაღალბიუჯეტიან კომპანიას აძლევს, მაშინ როცა, Wizz Air-ს და Ryanair-ს ამ დრომდე აქვთ ქუთაისი-დორტმუნდის და თბილისი-კიოლნის მიმართულებით იაფი ფრენები, – მათ ჯერ არ გაუუქმებიათ აგვისტოში გაყიდული ან გასაყიდი ბილეთები. ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებს “არ უღირთ” კვირაში “ერთი და ორი ფრენა”.

მოსალოდნელია, რომ ასეთივე მაღალი ფასი იქნება თბილისი-პარიზი-თბილისის და თბილისი-რიგა-თბილისის ბილეთებზეც. მთავრობა ფრენის უფლებას და ისიც შეზღუდული რაოდენობით, ამ შემთხვევაში მხოლოდ Airfrance-ს და Air Baltic-ს აძლევს, – კვირაში ორჯერ და ერთხელ. აღსანიშნავია, რომ დაბალბიუჯეტიან კომპანია Wizz Air-საც აქვს რიგასა და ვილნიუსში იაფი ფრენები და აგვისტოში ბილეთებს ისევ ყიდის, თუმცა, მისთვის მთავრობას ფრენის უფლება ამ შემთხვევაშიც არ მიუცია.

საქართველოს მთავრობა უპირობოდ, მხოლოდ ევროკავშირის ხუთ ქვეყანას უხსნის საზღვარს. გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიტვის და ესტონეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლა ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შეუძლიათ, თუმცა იმავე ქვეყნებიდან ჩამოსულმა საქართველოს მოქალაქეებმა ორკვირიანი კარანტინი უნდა გაიარონ.

როგორც მთავრობის 10 ივლისის დადგენილებაში ვკითხულობთ, საქართველოდან რეგულარული ფრენები მხოლოდ მიუნხენის, პარიზისა და რიგის აეროპორტებში შესრულდება.

მოსალოდნელია, რომ ავიაკომპანიების და რეისების შეზღუდული რაოდენობა მაღალბიუჯეტიანი კომპანიების ავიაბილეთების ისედაც მაღალ ფასს კიდევ უფრო გააძვირებს.

ტურისტული სფეროს წარმომადგენლებმა საჰაერო სივრცის გახსნისა და 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის მოხსნის მოწოდებით, აქცია მთავრობის კანცელარიასთან რამდენჯერმე გამართეს. აქციის მონაწილეების თქმით, თუ მთავრობა საზღვრებს არ გახსნის, ტურისტული სფეროს წარმომადგენლების გარდა, კიდევ მრავალი სექტორი დარჩება უმუშევრად.

მსგავსი პოსტები

Back to top button