შეზღუდვების შემსუბუქების და ეკონომიკის გახსნის ეტაპები
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საგანგებო მდგომარეობით გამოწვეული შეზღუდვების შემსუბუქების და ეკონომიკის გახსნის ეტაპები დაასახელა.
პრემიერის განცხადებით, პირველ ეტაპზე, ანუ 27 აპრილიდან სრულად იქნება დაშვებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება. გარდა ამისა სრულად იქნება დაშვებული ტაქსების ოპერირება, სრულად იქნება დაშვებული ონლაინ ვაჭრობა – საბითუმო და საცალო, მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე და ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა.
მეორე ეტაპზე, რომელიც პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, სავარაუდოდ ორი კვირის შემდეგ დაიწყება და ეს იქნება მშენებლობა, მშენებლობის ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმიანობა, სამშენებლო მასალების წარმოება, ავტოსამრეცხაოები და ავტოსერვისები სრულად, კომპიუტერების და პირადი საყოფაცხოვრებო საქონლის რემონტი და სარეკრეაციო ზონების ფუნქციონირება.
მესამე ეტაპზე გაიხსნება საცალო და საბითუმო მაღაზიები, გარდა მოლებისა, რომლებსაც გააჩნიათ დამოუკიდებელი შესასვლელი ქუჩიდან. ასევე, ყველა ტიპის ღია ბაზრობა, ყველა ტიპის წარმოება და საგამომცემლო საქმიანობა.
მეოთხე ეტაპზე გაიხსნება სავაჭრო მოლები, ღია ტიპის რესტორნები და კვების ობიექტები ადგილზე მომსახურებით. ყველა ტიპის საფინანსო მომსახურება, სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები.
მეხუთე ეტაპზე გაიხსნება დახურული ტიპის ბაზრები და ბაზრობები, ყველა ტიპის რესტორანი /კვების ობიექტები ადგილზე მომსახურებით.
მეექვსე ეტაპზე კი გაიხსნება გასართობი, სპორტული-გამაჯანსაღებელი, შემოქმედებითი საქმიანობა. აზარტული და სხვა მომგებიანი სათამაშო ბიზნესი, სასტუმროები, საგანამათლებლო დაწესებულებები, ყველა სხვა საქმიანობა (არადისტანციურ რეჟიმში).