
“ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისთან, მასობრივი შიმშილობა დაიწყო. პარტიის ოფისის ეზოში უკვე გაშლილია ათამდე კარავი. მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ამ ეტაპზე 300-მდე ადამიანი შიმშილობს.
მოშიმშილეებს შორის არიან როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ისე სამოქალაქო აქტივისტები. შიმშილობის აქციას მიმართავს ერთ-ერთი სასულიერო პირიც.
შიმშილობს თავად “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია, ასევე შიმშილობის აქციაში ჩაერთვნენ პარტიის სხვა ლიდერები, მათ შორის გიორგი ბარამიძე, აკაკი მინაშვილი და გიორგი ბოტკოველი.
კარვებში მოშიმშილეებისთვის ლეიბებია გაშლილი.
მასობრივი შიმშილობის დაწყების გადაწყვეტილების შესახებ გუშინ გახდა ცნობილი. გადაწყვეტილება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციაზე გააჟღერა.
მელიას თქმით, შიმშილობა იქამდე არ შეწყდება, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება.
ნიკა მელიას ხმა
დიდი ხანია ევროპაში შიმშილობის ფორმას აღარ იყენებენ და პროტესტის გამოსახატად ბევრი სხვა ფორმა არის გამოგონილიც და მიღებულიც – შეუძლებელია, ვიღაცის შიმშილობის გამო ადამიანი ციხიდან გამოუშვან, – ასე ეხმიანება “მოქალაქეების” დეპუტატი ლევან იოსელიანი “ნაციონალური მოძრაობის” მასობრივი შიმშილობის აქციას.
მისი თქმით, პასუხისმგებლობა არის მათზე, თუ რა შეიძლება მოჰყვეს პროტესტის ამ ფორმას ადამიანთა ჯანმრთელობის დაზიანების კუთხით.
ადამიანი დამნაშავეა თუ არა და სასჯელი უნდა მოიხადოს თუ არა, ეს შიმშილობით არ წყდება, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა, განაცხადა.
როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, შიმშილობის უფლება ყველას აქვს.
“ქართული ოცნების” დეპუტატი სოზარ სუბარი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მასობრივი საპროტესტო შიმშილობის დაწყებას ეხმაურება და მას “უაზრო აქციას” უწოდებს.
მან მესამე პრეზიდენტი თანაგუნდელების შანტაჟში დაადანაშაულა და თქვა, რომ “ეს ისეთივე შეცდომაა, როგორც მისი ქვეყანაში შემოპარვა”.
სოზარ სუბარის ხმა
“ნაციონალურმა მოძრაობამ ჩვენ შემოგვთავაზა ფეიკაღმშენებლების ეპოქა, მერე შემოგვთავაზა ფეიკგმირების სესია და ახლა გვთავაზობს ფეიკშაჰიდების სესიას. გადასცა როგორც ჩანს, მათმა პატიმარმა პრეზიდენტმა, რომ უნდა დაიწყონ შიმშილობა, მათაც ერთიანად, მრევლივით ჩამოდგნენ რაღაც სექტის და დაიწყეს შიმშილობა, მათი უფლებაა, ღმერთმა ქნას ბედნიერი ახალი წელი და ჯანმრთელობა ჰქონდეთ.
საერთოდ აღარ აქვს აზრი, ეს პარტია რას აცხადებს, რას აკეთებს, ისინი ცხოვრობენ ძალინ ვიწროპარტიული დღის წესრიგით, რაც დანარჩენ ქვეყანას საერთოდ არ ეხება. ამიტომ, იცხოვრონ, უნდათ შაჰიდობა? იყვნენ შაჰიდები, დადგნენ და მრწამსისთვის ეწამონ, მეტსაც გეტყვით, მათთვისაც არაფერს არ შეცვლის ეს, გარდა იმისა, რომ გახდებიან“.თქვა “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა მოშიმშილეებზე.
შეგახსენებთ რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით “ნაციონალურმა მოძრაობამ” საპროტესტო შიმშილობა დაიწყო. ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას ინფორმაციით, მასთან ერთად პროტესტის უკიდურეს ფორმას უკვე 300-ზე მეტი ადამიანი მიმართავს, მათ შორის პარტიის ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტები.