მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კახა საბანაძე გადადგა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კახა საბანაძე თანამდებობას ტოვებს. საბანაძემ განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა. გადადგომის მიზეზად “მედიაში გასულ სიუჟეტებს” ასახელებს და ამბობს, რომ ამაზე სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება უნდა ჩატარდეს.

“მსურს, გამოვეხმაურო ბოლო პერიოდში მედიაში გასულ სიუჟეტებს და ხაზგასმით აღვნიშნო, რომ წლების განმავლობაში ვემსახურებოდი სახელმწიფოს და ვიცავდი კანონს, რომლის ზედმიწევნით აღსრულებაც იყო, არის და იქნება ჩემთვის უპირველესი.
ვფიქრობ, რომ ზემოხსენებულ ფაქტებს სჭირდება შესწავლა, შესაბამისად უნდა ჩატარდეს სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, რომელიც დაადგენს სიმართლეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგამოძიებო პროცესის მიმართ ნდობის უზრუნველყოფის მიზნით, ვტოვებ თანამდებობას! ვფიქრობ, ეს იქნება პრეცედენტი ყველა თანამდებობის პირისათვის, საზოგადოებაში ობიექტურად გაჩენილი კითხვების შემთხვევაში იმოქმედოს პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტით.
მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ღირსეულ პოლიციელს, ვისთან ერთადაც წლების განმავლობაში ვიმუშავე. სისტემაში მუშაობენ გმირები, რომელთა მხრებზეც დგას ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, მინდა წარმატება ვუსურვო მათ სამშობლოს სამსახურში”, – წერს კახაბერ საბანაძე.

შაბათსა და კვირას TV პირველისა და მთავარი არხის ეთერში ორი სიუჟეტი გავიდა, რომლებშიც კახა საბანაძე ფიგურირებს.

მთავარი არხის სიუჟეტის მიხედვით, სპეცსამსახურის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოების გაცემის ბრალდებითაა დაკავებული, ყვება, რომ დავალებებს საბანაძისგან იღებდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button