“შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ” კანონპროექტს დეპუტატებმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ კანონპროექტი განიხილეს და მას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს.
კანონპროექტს ოთხი კომიტეტი განიხილავდა – რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, საფინანსო-საბიუჯეტო და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი.
კანონპროექტის მომხსენებლის, მაია ბითაძის ინფორმაციით, კანონპროექტი და მისგან გამომდინარე ცვლილებების პაკეტი 17 ძირითად მიმართულებას არეგულირებს და იცვლება მთელი რიგი ნორმები და მიდგომები, რაც უკვე მოქმედ კანონმდებლობაშია ასახული.
დღევანელ სხდომაზე მაია ბითაძემ ასევე ისაუბრა ძაღლის შეძენამდე “სწავლების აუცილებლობაზე”, რომელიც კანონის მიღებიდან ორ წელიწადში ამოქმედდება.
ჩვენთვის, ყველასთვის ორ წელიწადში სავალდებულო იქნება რომ ცხოველის ყიდვის შემთხვევაში გავიაროთ სწავლება, როგორ მოვეპყროთ ძაღლს და როგორ ვეცადოთ, რომ ძაღლი არ გახდეს აგრესიული”- თქვა ბითაძემ.
“შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ” კანონპროექტი შინაური ბინადარი ცხოველის (კატა, ძაღლი) მოვლის, ვეტერინარული მომსახურების, მიკედლების, გასეირნებისა, ყოლის, გამრავლებისა და რეგისტრაციის წესებს ადგენს. ამასთან განისაზღვრება გარკვეული ჯარიმები.
მისი თქმით, როგორც დედაქალაქი, ასევე სხვადასხვა მუნიციპალიტეტები ვალდებულები იქნებიან ცხოველებს კასტრაცია/სტერილიზაციის ოპერაციები ჩაუტარონ, რაც ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
ცხოველების გამრავლება კი მხოლოდ საშენში იქნება შესაძლებელი. კანონპროექტი ეტაპობრივად ამოქმედდება – პირველი ეტაპი იქნება რეგსიტრაციის სისტემის ამოქმედება მთელ ქვეყანაში, მეორე ეტაპის საკვანძო მომენტი იქნება – გამრავლების შეზღუდვა.
“შეიქმნას როგორც შინაური, ასე ვთქვათ, პატრონიანი ცხოველების, კატისა და ძაღლის სარეგისტრაციო ერთიანი სისტემა, რომელიც არ არსებობს ქვეყანაში, შეიქმნას მუნიციპალიტეტებისთვის ვალდებულება, რომ მათ ადგილებზე უზრუნველყონ სტერილიზაცია/კასტრაციის ოპერაციების გაგრძელება უპატრონო და მიკედლებული ცხოველებისთვის. […] ეძლევა მუნიციპალიტეტებს საშუალება, რომ მათ არა თუ ააშენონ თავშესაფრები, არამედ გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი მიზანია, ერთ 10 წელიწადში ჩვენ მიუსაფარი ძაღლების პრობლემები არ გვქონდეს, მათ ექნებათ საშუალება ინტერმუნიციპალური თავშესაფრები ააშენონ საჭიროების შემთხვევაში, სხვა შემთხვევაში, აუთსორსის მეთოდით დაიქირაონ ვეტერინარული კლინიკები ან არსებული კერძო თავშესაფრები, რომ პოპულაციის მართვის, კერძოდ კი რეგისტრაციის, სტერილიზაციისა და კასტრაციის ოპერაციებს გაუძღვნენ. […]
საშენი იქნება ერთადერთი სუბიექტი და მისი ფლობის უფლება ასევე ექნება სახელმწიფო სტრუქტურებს, ვგულისხმობ ძალოვან სტრუქტურებს, ამ შემთხვევაში ძაღლებზე მაქვს საუბარი, სპეციალური დანიშნულებით იყენებენ და მხოლოდ საშენი იქნება შესაბამისი ავტორიზაციის გავლის შემდეგ გაამრავლოს ძაღლი, ასევე იქონიოს კავშირი მეპატრონესთან, რომელსაც შესაძლოა განსაკუთრებული ჯიშის ძაღლი ჰყავდეს და სურდეს მისი გამრავლება, ჰქონდეს კომუნიკაცია ფედერაციებთან და ასე ხდებოდეს ცხოველის გამრავლება, რომელიც გამრავლების შემდგომ აუცილებლად უნდა დაექვემდებაროს თუ ძაღლი არის სანაშენე – მხოლოდ რეგისტრაციას, თუ ძაღლი არის უბრალოდ იმისთვის, რომ ვიღაცამ იყიდოს და სახლში ჰქონდეს – მათ შორის სტერილიზაცია/კასტრაციას”, – თქვა ბითაძემ.
კანონპროექტის მიღების შედეგად, შეიქმნება შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის მარეგულირებელი ბაზა, რომელიც უზრუნველყოფს “შინაურ ბინადარ ცხოველთა მიკვლევადობას, დაარეგულირებს ცხოველთა სამართლებრივ სტატუსებს (პატრონიანი, უპატრონო, მიკედლებული)”. როგორც განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, ეს ბაზა დაადგენს მათი კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად აუცილებელ სტანდარტებს, მათ შორის, მათი მიტოვების აკრძალვას.
ბითაძემ თქვა, რომ უნდა შეიქმნას სერტიფიცირების სისტემა და 2 წელში სავალდებულო იქნება, ცხოველის ყიდვის შემთხვევაში სწავლება გავიაროთ.
“მეგობრებო, მე არ მაქვს პრეტენზია, რომ მე კინოლოგი ვარ, მე ვარ ერთი ადამიანი, რომლის ძაღლიც თავის დროზე არასწორად გაწვრთნეს და დღეს მე პრობლემები მაქვს ძალიან დიდი. შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ქვეყანაში, ერთხელ და სამუდამოდ, უნდა შეიქმნას სერტიფიცირების სისტემა, რომელიც ვფიქრობთ, რომ კანონის მიღებიდან 2 წელში უნდა ამოქმედდეს, რომელიც მისცემს ჩვენს კეთილსინდისიერ კინოლოგებსა და ფენოლოგებს იმის საშუალებას, რომ ის ტრენინგ-კურსები, რომლებსაც ისინი ახლაც ახორციელებენ, მოაქციონ სერტიფიცირების ერთიან სისტემაში, აიმაღლონ თავიანთი სტატუსი, მათ შორის ამ ქვეყანაში და ჩვენთვის, ყველასთვის, ორ წელიწადში სავალდებულო იქნება, რომ ცხოველის ყიდვის შემთხვევაში, გავიაროთ სწავლება, როგორ მოვეპყროთ ჩვენს ძაღლს და როგორ ვეცადოთ იმას, რომ ძაღლი არ გახდეს აგრესიული”, – თქვა ბითაძემ.
ინიციირებული პროექტის თანახმად, მაგალითად, საცხოვრებელი კორპუსის ბინაში 3-ზე მეტი შინაური ცხოველის ყოლა მხოლოდ მეზობლების თანხმობის საფუძველზე იქნება დასაშვები. ამასთან, ცხოველის შეყვანა აიკრძალება საბავშვო ბაღებში, სკოლებში, უნივერსიტეტებში, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სასურსათო მაღაზიებში, აფთიაქებში, საავადმყოფოებში და საბავშვო და სპორტულ მოედნებზე (ჯარიმა 50 ლარი).