მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

შობის დღესასწაული უკრაინაში აფეთქებების ფონზე გათენდა

ომის 305-ე დღე

ომის 305-ე დღე უკრაინაში – შობის დღესასწაული აფეთქებების ფონზე გათენდა. რუსეთის არმია განაგრძობს საცხოვრებელ კორპუსებზე თავდასხმებს. საოკუპაციო ძალებმა ღამით დონეცკის ოლქი დაბომბეს. დაიღუპნენ მშვიდობიანი მოქალაქეები.

ფრონტის ხაზის მთავარ მიმართულებებას ისევ ბახმუტი, ლიმანი და ავდეევკა რჩება, სადაც რუს და უკრაინელ სამხედროებს შორის ბრძოლა გრძელდება.

“გასული დღის განმავლობაში მტერმა 100-მდე სარაკეტო იერიში მიიტანა უკრაინის ტერიტორიაზე, ხერსონში სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმას მსხვერპლი მოყვა მშდიბიან მოქალაქეებში, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. ბახმუტის მიმართულებით ოკუპანტებმა იერიშები დასახლებებზე მიიტანეს.

ოკუპანტების ძალისხმევა მიმართულია ლიმანის, ბახმუტისა და ავდივას რაიონებში შეტევითი ოპერაციების წარმოებაზე. მტერი კუპიანის მიმართულებით ტაქტიკური პოზიციების გაუმჯობესებას არ წყვეტს. უკრაინის თავდაცვის ძალებმა რამდენიმე მიმართულებით მოიგერიეს მტრის იერიშები. გასული დღის განმავლობაში ჩვენმა თვითმფრინავებმა იერიშები მიიტანეს 4 ადგილზე, სადაც დამპყრობლები იყვნენ კონცენტრირებული.

მტერი განიცდის დანაკარგებს როგორც ტექნიკის, ისე ადამიანური რესურსის თვალსაზრისით,” აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პრესსპიკერი ოლექსანდრ სტუპუნი.

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული – ინფორმაცია უკრაინული მედიის Telegram-ის არხებში ვრცელდება.

უკრაინული მედია, Unian წერს, რომ ვრცელდება ინფორმაცია რუსული მებრძოლების, კერძოდ, MiG-31-ის – „ხანჯლების“ მატარებლის აფრენის შესახებ. გამოცემის ცნობით, ადგილობრივი დროით, 9:28 საათისთვის ქვეყნის აღმოსავლეთ და სამხრეთ, ასევე დასავლეთ და ჩრდილოეთ რეგიონებში საჰაერო მზადყოფნაა გამოცხადებული. “სირენებს” მალევე შეუერთდა ვოლინის რეგიონი. ასევე საჰაერო განგაშია დროებით ოკუპირებულ ყირიმში, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში.

უკრაინის რადას დეპუტატი, ოლექსეი გონჩარენკო Facebook-ზე წერს: “ასე ულოცავს რუსეთი ყველას შობას”.

ჩვენ არ დაველოდებით სასწაულს, ჩვენ თვითონ ვქმნით მას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელებისთვის შობის დღესასწაულის მილოცვისას განაცხადა.

„ამ დღეს და ყველა მომავალ ზამთრის დღესასწაულს ჩვენ ვხვდებით რთულ ვითარებაში. სადაც არ უნდა ვიყოთ, დღეს ყველა ერთად ვართ. ერთად გავიხსენებთ 24 თებერვლის დილას. გავიხსენებთ, რამდენი რამ გავიარეთ. გავიხსენებთ აზოვსტალს, ირპენს, ბუჩას, კრამატორსკს, იზიუმს, ხერსონს. ჩავიფიქრებთ სურვილებს, ვიგრძნობთ სიხარულს და არასდროს ვიგრძნობთ სიმამაცის დეფიციტს. ჩვენ ბევრი სიმწარე გავიარეთ და დამსახურებულად შევხვდებით სასიხარულო ამბებს. არცერთ კამიკაძე დრონს არ ძალუძს შობის განთიადის ჩაქრობა. ჩვენ დავინახავთ მის ნათებას მიწისქვეშაც კი, ბომბების თავშესაფარში. გულებს სითბოთი და შუქით ავივსებთ. „კინჟალის“ ვერცერთი რაკეტა ვერ დააზიანებს მას. ჩვენი ბრძოლა შეუჩერებლად გაგრძელდება. მას არ ემუქრება დაგეგმილი ან ავარიული გამორთვა.

ჩვენ ვიმღერებთ საშობაო სიმღერებს უფრო მხიარულად, ვიდრე ოდესმე, უფრო ხმამაღლა, ვიდრე გენერატორის ხმაა. ტოტალურ სიბნელეშიც კი ვიპოვით ერთმანეთს იმისთვის, რომ მაგრად ჩავეხუტოთ და თუ გათბობა არ იქნება, ერთმანეთს ჩახუტებით გავათბობთ. აღვნიშნავთ ჩვენს დღესასწაულებს, როგორც ყოველთვის, გავიღიმებთ და ბედნიერები ვიქნებით, როგორც ყოველთვის. განსხვავება ერთია, ჩვენ არ დაველოდებით სასწაულს, ბოლოს და ბოლოს, ჩვენ თვითონ ვქმნით მას“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი პოსტები

Back to top button