მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

შოიგუს თქმით რუსეთი “მობილიზაციის მორიგ ტალღას არ გეგმავს”

რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ ამტკიცებს, რომ დამატებითი მობილიზაციის საჭიროება არ არსებობს, რადგან კრემლს ჯარის საჭირო რაოდენობა ჰყავს უკრაინის წინააღმდეგ ომის საწარმოებლად.

“გენერალურ შტაბში დამატებითი მობილიზაცია არ იგეგმება. შეიარაღებულ ძალებს ჰყავს სამხედრო პერსონალის საჭირო რაოდენობა შეტევის განსახორციელებლად.

მხოლოდ სექტემბერში, სავარაუდოდ, 50 000-ზე მეტმა ადამიანმა გააფორმა კონტრაქტი, საერთო ჯამში, წლის დასაწყისიდან კი 335 000-ზე მეტი ადამიანი შეუერთდა რუსეთის ჯარს”, – ამბობს შოიგუ.

29 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 130 000 ადამიანის ჯარში გაწვევაზე ბრძანებას ხელი მოაწერა. ამის შესახებ ინფორმაცია რუსულმა სახელმწიფო პროპაგანდისტულმა მედია Ria Novosti-მ გაავრცელა.

პუტინმა 21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა და აღნიშნული ქმედება “რუსეთის სუვერენიტეტის დასაცავად აუცილებელ ნაბიჯად” მოიხსენია.

28 ოქტომბერს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია დასრულდა. როგორც შოიგუმ აღნიშნა, სულ 300 000 კაცის მობილიზაცია მოხდა, რომელთა საშუალო ასაკი 35 წელია.

შეგახსენებთ პუტინმა რუსეთის მოქალაქეების ნაწილობრივი მობილიზაცია 2022 წლის სექტემბერში გამოაცხადა, როცა ნათელი გახდა, რომ ომი უკრაინაში იმაზე დიდხანს გაგრძელდებოდა, ვიდრე კრემლი ელოდა. მობილიზაცია გულისხმობდა, რომ რეზერვში მყოფი მოქალაქეების გამოძახება შეიძლებოდა, ხოლო სამხედრო გამოცდილების მქონე პირები გაწვევას ექვემდებარებოდნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button