საქართველოსიახლეები

“შოკირებული ვარ იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებით”

იმედი მაქვს, პარლამენტი მხარს არ დაუჭერს უზენაეს სასამართლოში წარსადგენ მოსამართლე კანდიდატთა სიას, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატების დასახელება პროცედურების დარღვევით განხორციელდა. ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, ახლა უკვე მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ ყურადღება მიაქციოს, თუ როგორ წრიმართება პროცესები საქართველოს პარლამენტში.

„შოკირებული ვარ დღევანდელი გადაწყვეტილებით, რომელიც მიიღო იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ. ბოლო წუთამდე მქონდა მოლოდინი, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ასე არ მოიქცეოდა და პროცედურების მინიმალურ, რაღაც სტანდარტს მაინც დააწესებდა. თუმცა ნახეთ, რომ მათ ეს შესაძლებლობა მაინც გამოიყენეს, ანუ პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, როდესაც ძალაში შევიდა განახლებული კონსტიტუცია, ერთი კვირის თავზე საკითხი დღის წესრიგში შეიტანეს. შოკირებული ვარ იმით, რომ საბჭო არ ითვალისწინებს სხვა წევრების მოსაზრებას. როგორც სჩვევიათ, ისე მოხდა, მაგრამ საკითხი, რომელიც დღეს განიხილებოდა, იყო უმაღლესი დონის.

საბჭო ასეთ ისტორიულ საკითხს მეორედ აღარ განიხილავს, იმიტომ, რომ პირველად მოხდა ქვეყნის ისტორიაში, რომ საბჭო წარადგენს კანდიდატებს პარლამენტში. მან როგორ გამოიყენა ეს შესაძლებლობა, ამაზე თავად მათი გადაწყვეტილება მეტყველებს”, – განაცხადა ჯანეზაშვილმა.

ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, მისთვის უცნობი იყო, რომ საბჭო დღევანდელ სხდომაზე აპირებდა „საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრების წარდგენის შესახებ” საკითხის განხილვას.

„ჩვენ არ ვიცოდით, ვისი კანდიდატურები დასახელდებოდა. წუხელ ღამით აიტვირთა დღის წესრიგი. რაც შეეხება კანდიდატებს, მათი სია ბოლო მომენტში მოვიპოვე, როცა მიქაუტაძემ დააყენა კენჭისყრაზე საკითხი. აქ მნიშვნელოვანია ის, რომ მიხეილ ჩინჩალაძე, როგორც ჩანს, მოგვევლინება უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ, გიორგი მიქუტაძემ თავისი კანდიდატურა დააყენა და როგორც ჩანს, პრეტენზია აქვს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გახდეს. სია კრიტიკას ვერ უძლებს. შესაძლოა, სიაში რამდენიმე ღირსეული ადამიანი ნახოთ, მაგრამ მიხეილ ჩინჩალაძეს დადებით კანდიდატად ვერავის გადაწონის, რადგან ის არის ადამიანი, რომელმაც სასამართლო სისტემას სერიოზული ზიანი მიაყენა თავისი გავლენებით და თავისი მმართველობის სისტემით”, – განაცხადა ჯანეზაშვილმა.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენი მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა. შესაბამისი განცხადება იუსტიციის უმაღლესის საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ დღევანდელ სხდომაზე გააკეთა. ესენი არიან: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.

გიორგი მიქაუტაძის მიერ დასახელებულ მოსამართლეთა კანდიდატებს პროტესტი და კამათი მოჰყვა საბჭოს სხდომაზე, რა დროსაც არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ საბჭოს სხდომა დატოვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button