შოვი არის დანაშაულის ადგილი – ამიტომ დაიწყეს თავდასხმა გადარჩენილებზე დამნაშავეს არ უყვარს მოწმეები-ოპოზიცია ოცნებას პასუხობს

შოვი არ არის მხოლოდ სტიქიური უბედურების ზონა. შოვი არის დანაშაულის ადგილი – ამიტომ დაიწყეს თავდასხმა გადარჩენილებზე, დამნაშავეს არ უყვარს მოწმეები, ეშინია მათი , – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„შოვი არ არის მხოლოდ სტიქიური უბედურების ზონა. შოვი არის დანაშაულის ადგილი!
ამიტომ იყო ხელისუფლებისთვის არასასურველი იქ მოხალისეები, ჟურნალისტები, საერთაშორისო დახმარება. ამიტომ დაიწყეს თავდასხმა გადარჩენილებზე დამნაშავეს არ უყვარს მოწმეები, ეშინია მათი!
კი, უნდა გეშინოდეთ”, – წერს ნაცვლიშვილი „ქართული ოცნების“ ლიდერების მიერ შოვის სტიქიასთან დაკავშირებული განცხადებების პასუხად.
კობახიძის დღევანდელი განცხადება მხოლოდ სამარცხვინო არ არის. ამ განცხადებას აქვს თავისი ბინძური მიზანი და მცდელობა რეალობის დამახინჯების , – ასე შეაფასა პარტია „ლელო – საქართველოსთვის” წევრმა, ლევან სამუშიამ “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ „საუბარი, რომ ვიღაც სტიქიას სამი საათი ებრძოდა, უბრალოდ ცარიელი ტყუილია“.
სამუშიას თქმით, ხელისუფლებას არ სურს იმ საბედნიერო რეალობის აღიარება, რომ ადამიანებმა დამოუკიდებლად შეძლეს სტიქიისგან თავის დაღწევა.
„შევეცდები მოკლედ ავხსნა, თუ რა არის ამ სიბინძურის მიზანი. კობახიძე და „რუსული ოცნება“ ცდილობენ აირიდონ პასუხისმგებლობა და გამუდმებით საუბრობენ, რომ შოვში მომხდარი ტრაგედიისას არავის გადარჩენა არ იყო შესაძლებელი და რომ იქ სამაშველო ღონისძიების ჩატარებას აზრი არ ჰქონდა და საფრენი აპარატებიც რომ ყოფილიყო ღამის ხედვის შესაბამისი აპარატურით აღჭურვილი, მაინც არავინ გადარჩებოდა.
ამ დროს, ღვთის წყალობით და ადამიანების წარმოუდგენელი გმირობით, გვაქვს საბედნიერო ფაქტი, რომ საათების განმავლობაში ყოველგვარი სამაშველო ოპერაციის გარეშე ადამიანებმა დამოუკიდებლად შეძლეს გამოსვლა.
ბუნებრივია, ისმის კითხვა: თუ ადამიანებმა სტიქიასთან ბრძოლის რამდენიმე საათის შემდეგ შეძლეს გამოსვლა და გადარჩენა, იქნებ სხვებიც ებრძოდნენ სტიქიას საათების განმავლობაში და მათ საუბედუროდ ვერ შეძლეს გამოსვლა (გადარჩენილი ბატონი ჯელაძე საუბრობს, რომ მას გადარჩენისთვის ბრძოლისას ესმოდა ადამიანის ხმა).
ბუნებრივია ისმის კითხვა: რატომ არ იმოქმედა ხელისუფლებამ, იქნებ შესაძლებელი ყოფილიყო ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა?
ზემოთ მოყვანილი გარემოებები პასუხობს კითხვას, თუ რატომ თქვა ეს სიბინძურე კობახიძემ. მათ ზემოთ მოყვანილი ფაქტების გამო ენგრევათ თავიანთი სამარცხვინო ვერსია, რომ იქ ვერავინ გადარჩებოდა და მათ არ სურთ იმ საბედნიერო რეალობის აღიარება, რომ ადამიანებმა დამოუკიდებლად შეძლეს და სტიქიას დააღწიეს თავი.
ასეთ შემთხვევაში, ლეგიტიმურად დაისმის კითხვა: თუ თავისით შეძლეს ადამიანებმა გადარჩენა, იქნებ სხვები ითხოვდნენ შველას და მათი გადარჩენა შესაძლებელი იყო?- ეს ლეგიტიმური კითხვები აღიზიანებს ხელისუფლებას, გაუგონარ სიბინძურეზე მიდის და საკუთარი თავის გადასარჩენად რუსულ ტალახს ესვრის სასწაულებრივად გადარჩენილ ადამიანებს“,- განაცხადა სამუშიამ.
ხელისუფლების წარმომადგენლები ერთმანეთს ეჯიბრებიან მავნებლური განცხადებებით, რომლებსაც ამ დღეების განმავლობაში აკეთებენ და ფაქტობრივად შეურაცხყოფას აყენებენ ყოველდღიურად როგორც გარდაცვლილთა ოჯახებს, ისე იმ ადამიანებს, ვინც ბეწვზე გადაურჩა სიკვდილს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ხელისუფლება ორკესტრირებულად, თავის მართლების რეჟიმშია გადასული იმის მაგივრად, რომ დამნაშავეს ეძებდეს.
„ხელისუფლების წარმომადგენლები ერთმანეთს ეჯიბრებიან მავნებლური განცხადებებით, რომლებსაც ამ დღეების განმავლობაში აკეთებენ და ფაქტობრივად შეურაცხყოფას აყენებენ ყოველდღიურად როგორც გარდაცვლილის ოჯახებს, ისე იმ ადამიანებს, ვინც ბეწვზე გადაურჩა სიკვდილს და დღეს არიან ჯანმრთელად. ჩვენ ვნახეთ ასევე განცხადებები თვითონ გადარჩენილი ადამიანების მხრიდან, რომლებსაც არავინ არ შეხმიანებიათ საერთოდ და არ მოუკითხავთ. ამ ყველაფრის შემდეგ არსებობს მხარდაჭერის სხვადასხვა ფორმები ხელისუფლების მხრიდან, რომლითაც, პირიქით, შვება უნდა იგრძნონ იმ ადამიანებმა, ვინც სიკვდილს გადაურჩნენ. ხელისუფლება ორკესტრირებულად გადასულია თავის მართლების რეჟიმში იმის მაგივრად, რომ პირიქით, ეძებდეს დამნაშავეს და იმასაც ხელს უშლის, რომ რეალურად მოიძებნოს დამნაშავე, ვინც ჩაიდინა, ზოგადად, სამსახურებრივი გულგრილობაც და არ მოეკიდა საქმეს ისე, რომელიც ადამიანების სიცოცხლეს შემდგომ უკვე საფრთხეს არ შეუქმნიდა“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შოვის სტიქიაზე საუბრისას განაცხადა, რომ სპეკულაციები იყო და არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა, თითქოს ერთ-ერთი ბავშვი სამი საათი ებრძოდა ღვარცოფს.
“საუბარი იმაზე, რომ ვიღაც სამი საათი ებრძოდა სტიქიას, უბრალოდ არის ცარიელი ტყუილი“, – დასძინა კობახიძემ.
დააკვირდით, რამდენად არათანმიმდევრული, არადამაჯერებელი, არაჰუმანური და ამორალურია რაჭის ტრაგედიასთან დაკავშირებით უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების განცხადებები – სწორედ ამიტომ ყველა ეს თანამდებობის პირი საგამოძიებო კომისიის წინაშე უნდა წარსდგეს და განმარტოს, ვერტმფრენი ორი საათი ღრუბლებში დაფრინავდა როგორც ამას ვახტანგ გომელაური აცხადებს, ვერტმფრენს ორი საათი ვერ ქოქავდნენ, როგორც ეს შალვა პაპუაშვილმა თქვა თუ არ ჰქონდათ ნაყიდი, როგორც ამაზე ირაკლი ღარიბაშვილი საუბრობს, – ამის შესახებ დღეს ფრაქცია “ანციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
ბოკუჩავას თქმით, შოვის სტიქიის ასეთ ტრაგიკულ შედეგებზე სიმართლის გამოვლენა საზოგადოების მაღალ ინტერესშია.
ოპოზიციონერი დეპუტატის შეფასებით, უმაღლესი თანამდებობის პირების განცხადებების თანმიმდევრულად მოსმენის შემდეგ მარტივია დასკვნა, საჭიროა თუ არა შოვის ტრაგედიაზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა.
„რუსული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან უამრავ, ძალიან მძიმე საქმეზე ვისმენთ ფრაზას: – „დაველოდოთ გამოძიებას”. ჩვენ ეს მოვისმინეთ თვეების ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების საქმით დაწყებული, შემდგომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესთან თუ ვაკის პარკში დატრიალებულ უბედურებასთან დაკავშირებით – ასეთია არაერთი ისეთი საქმე, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე შეეწირა და რომელთა წესიერად გამოძიების პირობებში მათ შორის მაღალი თანამდებობის პირების სულ მცირე თანამდებობრივი გულგრილობა და რიგ შემთხვევაში პირდაპირ დანაშაულებრივი ქმედება დადგინდებოდა. ამიტომ ყავლგასული ფრაზა – “დაველოდოთ გამოძიებას” საზოგადოების მხრიდან ნულოვან ნდობას იმსახურებს.
სწორედ ამიტომ საგამოძიებო უწყებების მიმართ ნულოვანი ნდობის პირობებში კონსტიტუციური უფლებამოსილება პარლამენტმა უნდა განახორციელოს. საგამოძიებო კომისია ბევრ რამეს ახდის ფარდას და ბევრ სიმართლეს გამოავლენს. დაზარალებულთათვისაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის სიმართლე და არა თავის მართლება, მუდმივი გადაბრალება და ახლა უკვე თითის გაშვერა დაზარალებულებისკენაც, რასაც უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან ვხედავთ”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
“ოცნების” ლაქიების მორიგი ცილისმწამებლური პროპაგანდა ყველა ზღვარს გასცდა – ქვეყნის რუსული მენტალობის მთავრობა რეალობის დამახინჯებას ცდილობს,- ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებაშია ნათქვამი.
მისი თქმით, მმართველი ძალის სამიზნე სტიქიას გადარჩენილები და დაღუპულთა ოჯახის წევრები გახდა. ხაზარაძის განცხადებით, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს შოვის ტრაგედიის გამოძიება.
„ეს ბინძური პროპაგანდა, ადამიანების ტყუილით კვება, მხოლოდ იმიტომ რომ საკუთარი სკამები შეინარჩუნონ, ამორალური და დანაშაულებრივია.
შოვის ტრაგედიის სასწრაფო გამოძიება უნდა მოხდეს და დაისაჯოს ყველა უპასუხისმგებლო ჩინოვნიკი. ხელისუფლებას არ უნდა მივცეთ პასუხისმგებლობისგან გაქცევის საშუალება.
მინდა, ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადო ყველა გადარჩენილს, მადლობა გადავუხადო ყველა მაშველს და მოხალისეს საკუთარი სიცოცხლის ფასად ადამიანების გადარჩენისთვის და კიდევ ერთხელ სამძიმარი გამოვუცხადო ყველა ჭირისუფალს. რუსული ტიპის პროპაგანდა ამ ქვეყანაში ვერ გაიმარჯვებს და ვერ მოგვერევა!“- განაცხადა ხაზარაძემ.
ასევე ვახტანგ გომელაურის მიერ, ღამის ხედვის მქონე ვერტმფრენებთან და დრონებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება ოპოზიციაში შეაფასეს.
“გომელაურმა თქვა სწორი ის, რომ ის ღამის ფრენის საშუალებებით, რომელიც მათ ჰყავთ პილოტების სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე, ვინაიდან ის ორი ვერტმფრენი არ არის განკუთვნილი მსგავსი ოპერაციების ჩასატარებლად. ამიტომაც არის დღეს დამნაშავე ხელისუფლება,”- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ევროოპტიმისტები” თავმჯდომარე რომან გოცირიძე
”სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრს სერგო ჩიხლაძეს კი კითხვა აქვს, რომ თუკი შოვის სტიქიის დროს ვერტმფრენების გამოყენება საჭირო არ იყო, მაშინ რატომ იყიდა ქვეყანამ სამაშველო ვერტმფრენები.
“გირჩის” წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით კი, “ქართული ოცნების” წარმომადგენლების მხრიდან შოვის ტრაგედიაზე გაკეთებული განცხადებების შემდეგ სრულიად ლეგიტიმურია ეჭვი, რომ სამაშველო ოპერაციაში სრული ქაოსი იყო:
“თავდაპირველად, შოვის სტიქიისას ითქვა, რომ ღამით მუშაობა გააჩერეს, რადგან სამაშველო სამუშაოების ღამე ჩატარება არ შეეძლოთ, ამის მერე თქვეს, რომ მნიშვნელობა არ ჰქონდა ვერტმფრენი 15 წუთში აფრინდებოდა თუ ერთ საათში, გუშინ კი საზოგადოებამ გაიგო, რომ თურმე ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა და ამიტომ გაფრენა არ უნდა გაერისკათ. ქართული ოცნების” წარმომადგენლების მხრიდან შოვის ტრაგედიაზე გაკეთებული განცხადებების შემდეგ სრულიად ლეგიტიმურია ეჭვი, რომ ან სამაშველო ოპერაციაში სრული “ბარდაკი””- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი.
დღეს ვახტანგ გომელაურმა სტიქიის ზონაში კიდევ ერთი განმარტება გააკეთა ღამის ხედვის მქონე ვერტმფრენებთან და დრონებთან დაკავშირებით. შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, სტიქიის ზონაში ვერტმფრენთან ერთად მუშაობდნენ დრონები, რომლებიც ბევრად ეფექტურია. დრონები კი მუშაობდნენ მთელი ღამე და სამძებრო სამუშაოები არ შეწყვეტილა.
შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, სტიქიის ზონაში ვერტმფრენი დღე ჩაფრინდა და დაახლოებით 70 ადამიანის ევაკუაცია განახორციელა. ვახტანგ გომელაურმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ღამით გარისკვის და ვერტმფრენის გამოყენების აუცილებლობა არ იყო.