შოვის ტრაგედია- გამოძიება დაწყებულია
შოვში დაღუპული 18 პირიდან 14 იდენტიფიცირებულია

რაჭაში, შოვში, სტიქიური უბედურების მეხუთე დღეს, 7 აგვისტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი ამბობს, რომ გამოძიება დაწყებულია. ჟურნალისტებთან კომენტარში მან ვერ დაასახელა კონკრეტული მუხლები, რომლითაც გამოძიება მიმდინარეობს.
“ინციდენტის პირველივე წუთებში დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება, ორი მუხლით არის საქმე აღძრული, თუმცა გამოძიების მიმდინარეობის დროს, შეიძლება, გადაკვალიფიცირდეს მუხლები. ასე რომ, გამოძიება, რა თქმა უნდა, დაწყებულია”, – თქვა მღებრიშვილმა.
რადიო თავისუფლებამ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში გაარკვია, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით:
მუხლი 116 – სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით;
მუხლი 240 – სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა.
შოვში ღვარცოფი და მეწყრული პროცესები 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათზე განვითარდა. მას შემდეგ ადგილზე ჩავიდნენ მაღალჩინოსნები და არაერთი განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც, თუმცა საუბარი არ ყოფილა გამოძების დაწყებაზე.
ონის მერის, სერგო ხიდეშელის ინფორმაციით, ამ ეტაპზე შოვში დაღუპული 18 პირიდან 14 იდენტიფიცირებულია. მის განცხადებას “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს. ხიდეშელი ამბობს, რომ ამ დრომდე ეძებენ 16 ადამიანს.
“საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო, გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად 7 აგვისტო გამოცხადდა გლოვის დღედ. მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს და მთელ საქართველოს. რაც შეეხება სტიქიის ზონას, 18 მოქალაქე არის გარდაცვლილი, აქედან 14 იდენტიფიცირებულია, ჯერ კიდევ იძებნება 16 მოქალაქე. სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში უწყვეტად მიმდინარეობს. პროცესში ჩართული არიან შესაბამისი უწყებები. მინდა, ამისთვის მათ კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა. 80 ერთეულზე მეტი მძიმე ტექნიკაა ჩართული სტიქიის ზონაში და შვიდ ძირითად ლოკაციაზე მიმდინარეობს სამუშაოები, სადაც შესაძლოა დაღუპულები ყოფილიყვნენ. ასევე, სხვა ტერიტორიებზეც მიმდინარეობს ძებნა”, – თქვა მან “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ცნობით.
ცნობისთვის, 3 აგვისტოს, კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა. მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. ამ დრომდე ვერ უკავშირდებიან 17 ადამიანს. სტიქიის ზონიდან, ჯამში 210 ადამიანია გამოყვანილი. მაშველების მიერ ამ დროისთვის 18 ცხედარია ნაპოვნი.