მნიშვნელოვანისიახლეები

შოვში მოვარდნილმა მეწყერმა 33 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა-1 წელი შოვის ტრაგედიიდან

1 წელი შოვის ტრაგედიიდან. 2023 წლის 3 აგვისტოს შუადღეს შოვში მოვარდნილმა მეწყერმა 33 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ადგილობრივებს, რაჭაში დასასვენებლად ჩასულ ოჯახებს, მეგობრებსა და ნათესავებს მოულოდნელად მიწის მასამ გადაუარა. ისინი 3 საათზე მეტხანს სტიქიასტან ბრძოლას საკუთარი ძალებით ცდილობდნენ.
კურორტზე მოვარდნილმა ტალახის უზარმაზარმა მასამ წაიღო კოტეჯები, სადაც ათობით ადამიანი იმყოფებოდა, მანქანები, მდინარეზე გადასასვლელი ხიდები, მოგლიჯა ხეები…

ადგილზე სამაშველო სამსახურები ღვარცოფში მოყოლილმა ადამიანებმა გამოიძახეს. მაშველებს, სტიქიის მასშტაბებიდან გამომდინარე, მუშაობა გაუჭირდათ. სამაშველო 2 ვერტმფრენი კი შოვში მომხდარიდან სამი საათის შემდეგ ჩაფრინდა თუმცა ტრაგედიის ადგილას ჩართული იყო მძიმე ტექნიკა და თავდაცვის ძალების 220 სამხედრო მოსამსახურე.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ადრეული შეტყობინებისა და მონიტორინგის სისტემის არსებობის შემთხვევაში ამხელა ტრაგედიის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა.

გარდა ამისა, ბევრმა პრობლემურად მიიჩნია სამაშველო ოპერაციის დაწყების დრო.
სტიქიის ზონიდან ვერტმფრენით 210 ადამიანი გამოიყვანეს.

ტრაგედიას შეეწირნენ:

ლუკა დუდაშვილი
ანდრია დუდაშვილი
ანასტასია დუდაშვილი
ნატო ჭელიძე
მარიამ მაისურაძე
კოტე მაისურაძე
შორენა ბიჭაშვილი
მეგი გუტაშვილი
გიგი გუტაშვილი
ზაზა მესხი და მისი 2 არასრულწლოვანი შვილი (ერთი მათგანის ცხედარი ამ დრომდე არ უპოვიათ) ალინა პოლიკოვსკა
ზაზა მესხის ცოლი, ალინა პოლიკოვსკა და მისი არასრულწლოვანი შვილი, სევა
სოფი ყარალაშვილი
გიორგი ყარალაშვილი
მარინა ხორბალაძე
მანანა ჯაჭვაძე
გიორგი ხორბალაძე
ნინო კენჭაძე
სალომე ხეთაგური
გვანცა ბუბაშვილი
თემურ ჩარკვიანი
დიტო ფირცხალავა
ნიკა ჩალაძე
სამირა ისაევა
დავით ბერიაშვილი
გიორგი გოგინაშვილი
ქსენია ტრიჩევა
გენადი სულთანიშვილი
სოფო ბაკურაძე
ქეთევან ლობჟანიძე
ლევან რაზმაძე

გამოძიება, რომელმაც უნდა შეისწავლოს სტიქიის გამომწვევი მიზეზები, დამდგარი შედეგები, სახელმწიფოს შესაბამისი უწყებების მიერ გატარებული ღონისძიებები, სამძებრო-სამაშველო ოპერაციასთან დაკავშირებული საკითხები, ერთი წლის შემდეგაც მიმდინარეობს.
უკვე ერთი წელია გამოძიება არკვევს, მოჰყვა თუ არა სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობასა და სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას. გამოძიება შოვის ტრაგედიაზე 2 მუხლით მიმდინარეობს, თუმცა, იურისტები თვლიან, რომ ეს საკმარისი არ არის და გამოძიება დამატებით კიდევ სხვა ორი მუხლითაც უნდა წარიმართოს, რაც ადამიანების განსაცდელში მიტოვებასა და სამსახურებრივ გულგრილობას გულისხმობს.

იურისტი, ანა თავხელიძე განმარტავს, რომ გამოძიება არაეფექტურად მიმდინარეობს და საკმარისი მტკიცებულებები არ არის მოპოვებული. თავხელიძის თქმით, პრობლემად რჩება ისიც, რომ შოვში გადარჩენილ ადამიანებს დაზარალებულის სტატუსი დღემდე არ მიუღიათ.

“სრული კვალიფიკაციით არ მიმდინარეობს საქმეზე გამოძიება. განსაცდელში მიტოვების და სამოხელეო დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტები არ მოექცა, სამწუხაროდ, გამოძიების საგნად. ასევე პრობლემად რჩება, რომ გადარჩენილი ადამიანების დაზარალებულად აღიარება არ მომხდარა იმიტომ, რომ რიგი მტკიცებულებები არ არის მოპოვებული, კრიტიკულად არ არის ნაწარმოები გამოძიება, რაც ხელს უშლის ობიექტური გარემოებების დადგენას. მათ შორის, გამოძიების საგანი უნდა იყოს დროული რეაგირება განახორციელეს თუ არა სტიქიურ მოვლენათა განვითარების შემდგომ სახელმწიფო უწყებებმა. კვალიფიკაციის დაზუსტებად ვითხოვთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩამოშორებას საქმიდან და გამოსაძიებლად პროკურატურისთვის საქმის გადაცემას. ვითხოვდით მტკიცებულებათა შეგროვებას, გარემოებათა დადგენას. სამწუხაროდ, ისინი არ უზრუნველყოფენ საზოგადოების ინფორმირებას და ჩვენ, ადვოკატებსაც არ გვაწვდიან მასალას. გამოძიების დაწყებიდან ერთი წლის თავზე არცერთი განცხადება არ მოგვისმენია არც საგამოძიებო უწყების, არც პროკურატურის მხრიდან, რა კეთდება იმისთვის, რომ გარემოებები დადგინდეს,” – ამბობს თავხელიძე.

რა ეტაპზეა შოვის ტრაგედიის გამოძიება – ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტის წევრ ანა ნაცვლიშვილის კითხვის პასუხად ავრცელებს. დეპუტატის კითხვაზე პასუხი პარლამენტის საიტზე 2024 წლის 16 ივლისს გამოქვეყნდა.

“იმერეთის პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარეობს გამოძიება №059030823001 სისხლის სამართლის საქმეზე, 2023 წლის 3 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტის კურორტ შოვში განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგად ადამიანთა სიცოცხლის მოსპობისა და სამთო, სამშენებლო და სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

აღნიშნულ სისხლის საქმეზე ჩატარებულია 2 000-ზე მეტი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მათ შორის, გამოკითხულია 700-ზე მეტი პირი, შესაბამისი უწყებებიდან გამოთხოვილია საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია და ყველა სათანადო დოკუმენტაცია. ასევე, დანიშნულია 140-ზე მეტი ექსპერტიზა, რომელთა უმეტეს ნაწილზე მიღებულია დასკვნები, მათ შორის, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები მიღებულია სტიქიის შედეგად გარდაცვლილ 10 პირზე. ამასთან, სტიქიასთან დაკავშირებული გარემოებების დასადგენად, კურორტ შოვის ტერიტორიაზე კომპანიების მიერ შესრულებული სამუშაოების თაობაზე, სსიპ – „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიურო“-ში დანიშნულია ეკოლოგიური და საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა.

დამატებით, გაცნობებთ, რომ გამოძიება სწავლობს სტიქიის გამომწვევ მიზეზებს, დამდგარ შედეგებს, სახელმწიფოს შესაბამისი უწყებების მიერ გატარებულ ღონისძიებებს, სამძებრო-სამაშველო ოპერაციასთან დაკავშირებულ, ასევე, კურორტ შოვის ტერიტორიაზე სტიქიის ზონაში არსებული ინფრასტრუქტურის კანონიერებასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

ამჟამად, №059030823001 სისხლის სამართლის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებული არ არის და მიმდინარეობს გამოძიება.” – ნათქვამია შსს-ს პასუხში.

დეპუტატის შეკითხვას უპასუხა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამაც. უწყების განცხადებით, ამ ეტაპზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებული არაა.

“საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით ამ ეტაპზე არ გამოკვეთილა კონკრეტული პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, შესაბამისად დევნა დაწყებული არ არის.

რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, უშუალოდ გამოძიების პროცესში საერთაშორისო ექსპერტების შესაძლო ჩართვასთან დაკავშირებით, გაცნობეთ, რომ ზემოაღნიშნული ექსპერტიზები დანიშნულია სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიურო“-ში, რომლის მხრიდან გამოძიების წინაშე არ დასმულა საკითხი ექსპერტიზის პროცესში ადგილობრივი ან საერთაშორისო სპეციალისტების, თუ ექსპერტების ჩართვის თაობაზე. ექსპერტიზის ბიუროს მიერ მსგავსი საკითხის დაყენების შემთხვევაში, ჩვენს მიერ განხილული იქნება ხსენებული საკითხი,” – ნათქვამია 19 ივლისს გამოქვეყნებულ პასუხში.

შეგახსენებთ შოვში, მდინარე ბუბასწყლის ხეობაში მეწყრული პროცესები 2023 წლის 3 აგვისტოს განვითარდა, სტიქიას მასშტაბური ადამიანური მსხვერპლი მოჰყვა, ამასთან განადგურდა კურორტ შოვის 26 ჰა ფართობზე არსებული საცხოვრებელი სახლები და ობიექტები. სტიქიის შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა. 1 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.
29 აგვისტოს სტიქიური უბედურების ზონაში სამაშველო სამუშაოების შესრულების დროს დაიღუპა სამხედრო პირი.

მსგავსი პოსტები

Back to top button