მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

შს მინისტრი და გდდ-ის დირექტორის მოადგილე გლობალური მაგნიტსკის სიაში არიან

აშშ-მა ვახტანგ გომელაურისა და მირზა კეზევაძის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს.

კერძოდ, შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, მირზა კეზევაძე აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის “სპეციალურად განსაზღვრულ პირთა სია”-ში (SDN List) მოხვდნენ.
სანქციების შესახებ ინფორმაცია აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის ვებგვერდზე დღეს, 19 დეკემბერს გამოქვეყნდა.

ამასთან განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვაშინგტონის ეს ნაბიჯი კოორდინირებული იყო დიდ ბრიტანეთთან, რომელმაც დღეს ასევე შემოიღო სანქციები ვახტანგ გომელაურისა და კიდევ ოთხი ძალოვნის წინააღმდეგ.

“საქართველოს არჩევნების ფონზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საკვანძო ოფიციალური პირები ჩართული იყვნენ სასტიკ და ბოროტ ზეწოლაში საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, მათ შორის განზრახ ჟურნალისტების სამიზნეში ამოღებასა და ძალადობის გამოყენებაში. შეერთებული შტატები ერთგული რჩება იმის, რომ პასუხი აგონ მათ, ვინც ცდილობს თავისი მოქალაქეების უფლებების შეზღუდვასა და ფუნდამენტური უფლებებისთვის ძირის გამოთხრას – საქართველოში და მსოფლიოს მასშტაბით,” – განაცხადა აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მდივნის მოვალეობის შემსრულებელის მოადგილემ, ბრედლი სმიტმა.
სანქცირებული პირების ქონება და ქონებრივ ინტერესები, რომლებიც შეერთებულ შტატებში ან აშშ-ს პირების მფლობელობაშია, დაბლოკილია.

მაგნიტსკის სია შექმნილია 2012 წლის დეკემბერში, აშშ-ის კონგრესის მიერ მიღებული “მაგნიტსკის აქტის” საფუძველზე, რომლის მიზანი თავდაპირველად რუსეთის იმ ოფიციალური პირების დასჯა იყო, რომლებსაც კავშირი ჰქონდათ კორუფციასთან მებრძოლი მოსკოველი ადვოკატის, სერგეი მაგნიტსკის, სამართლებრივ დევნასა და ციხეში სიკვდილთან. სერგეი მაგნიტსკი 2008 წელს დააპატიმრეს – მას შემდეგ, რაც რუსეთის სამინისტროებში მომუშავე ოფიციალურ პირებს ბრალი დასდო კომპლექსური სქემის შემუშავებაში, რომელმაც მათ სახელმწიფო რეზერვებიდან 230 მილიონი დოლარის მოპარვის საშუალება მისცა. გარდაცვალებამდე მას ციხეში სცემდნენ და სამედიცინო დახმარებაზე უარს ეუბნებოდნენ. 37 წლის მაგნიტსკის ციხეში სიკვდილის საქმე რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევისა და კანონის უზენაესობის უგულებელყოფის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა. აშშ-ის მიერ შემოღებული კანონი ითვალისწინებს სიაში შეყვანილ პირებზე ვიზის გაცემის აკრძალვას და მათი ანგარიშების გაყინვას. ამასთან, კანონი მხოლოდ მაგნიტსკის საქმით არ შემოიფარგლება და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის სხვა შემთხვევებთან დაკავშირებული პირების დასჯასაც ითვალისწინებს.

რამდენიმე საათით ადრე, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და უწყების კიდევ ოთხ მაღალჩინოსანს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულმა სამეფომ დაუწესა სანქციები.

ბრიტანეთის მთავრობის განმარტებით, მათ სანქციებს უწესებენ, რადგან პასუხისმგებელნი არიან ჟურნალისტებსა და მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობრივ თავდასხმებზე.
სანქციები მოიცავს დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის აკრძალვას, ასევე აქტივების გაყინვას.
სანქცირებული არიან:

ვახტანგ გომელაური – შინაგან საქმეთა მინისტრი;
ალექსანდრე დარახველიძე – შსს-ის მინისტრის პირველი მოადგილე;
სულხან თამაზაშვილი – თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი;
ზვიად ხარაზიშვილი („ხარება“) – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი;
მილერი ლაგაზაური – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის, ზვიად ხარაზიშვილის მოადგილე.

2024 წლის 16 სექტემბერს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა შსს-ს მაღალჩინოსანი ზვიად ხარაზიშვილი, მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, პრორუსული და ძალადობრივი ალტ-ინფოს ორი წევრი – ზურა მახარაძე და კონსტანტინე მორგოშია დაასანქცირა.

მსგავსი პოსტები

Back to top button