მნიშვნელოვანისიახლეები

შს მინისტრი პარლამენტის პიკეტირების შემთხვევაში, აქციის მონაწილეებს 4-წლიანი პატიმრობით ემუქრება

დღეს 12 მაისს 22:00 საათზე აქცია-ღამისთევაა დააანონსებული

“გასულ წლებში არაპროპორციულად ლოიალური პრაქტიკა იყო…” – შს მინისტრი ვახტანგ გომელაური პარლამენტის პიკეტირების შემთხვევაში, აქციის მონაწილეებს 4-წლიანი პატიმრობით ემუქრება:
შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტან გომელაური პარლამენტთან დაგეგმილი აქციის წინ მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ კანონის სრული სიმკაცრით და სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დაისჯება ყველა, ვინც პარლამენტის შენობის ბლოკირებას შეეცდება. მინისტრმა ამ განცხადების გასაკეთებლად შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გამართა, სადაც აღნიშნა, რომ მის მიერ საფრთხის იდენტიფიცირება მოხდა როგორც პოლიტიკოსების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების, ისე ოპერატიული ინფორმაციის საშუალებით.
გომელაური ამბობს, რომ “ოპერატიული ინფორმაციით”, დაგეგმილია ორი დღის განმავლობაში შეკრებამ ძალადობრივი და კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღოს.

“საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირება, რამაც შეაფერხა ან შეეძლო შეეფერხებინა ამ ობიექტის ნორმალური მუშაობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4 წლამდე. გასულ წლებში ჩამოყალიბებული იყო არაპროპორციულად ლოიალური პრაქტიკა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ზემოაღნიშნულ მუხლთან მიმართებით, რამაც, როგორც გამოცდილებამ აჩვენა, შესაბამისი დანაშაულის პრევენციაზე უარყოფითი გავლენა იქონია. შესაბამისად, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, თავს ვალდებულად მივიჩნევთ, ეს მუხლი კანონის დამრღვევების მიმართ პროპორციულად ავამოქმედოთ და დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლი ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე ავამოქმედოთ” – განაცხადა მინისტრმა. 222-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელსაც გომელაური ასახელებს, გულისხმობს ტელერადიომაუწყებლობის ან კავშირგაბმულობის ანდა სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას ან ბლოკირებას. ამ დანაშაულის ჩამდენი 4 წლამდე პატიმრობით ისჯება. ამავე მუხლის მეორე ნაწილი ითვალისწინებს სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირებას – ამ დანაშაულის შემთხვევაში 8 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.

დღეს, საღამოს 5 საათზე პოლიციელებს დაგეგმილ აქციებზე მაღალი სტანდარტით მუშაობისკენ მოუწოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მისი ბრიფინგის შინაარსი საზოგადოებისთვის გაგზავნილ მუქარად აღიქვა და თავის მხრივ პოლიციელებს შეახსენა, რომ მათი ვალი კანონის და ადამიანების დაცვაა.
მას შემდეგ, რაც “ქართულმა ოცნებამ” მეორედ დააბრუნა სადავო კანონპროექტი დღის წესრიგში, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში ამ კანონის საწინააღმდეგოდ არაერთი აქცია გაიმართა – მოქალაქეები კანონის მიღებას თითქმის უწყვეტი პროტესტით ეწინააღმდეგებიან. პარლამენტში კანონის განხილვის დაწყებიდან ამ დრომდე ამ კანონის საწინააღმდეგო აქციებზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავებული მოქალაქეების რაოდენობა 150-ს აღწევს – მათი ნაწილი პოლიციის მხრიდან ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე საუბრობს, როგორც დაკავებისას, ასევე დაკავების შემდეგ. 20-მდე მოქალაქეს აქციაზე ან დაკავებისას მიღებული ფიზიკური დაზიანებების გამო სამედიცინო დახმარების მისაღებად ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.

საქართველოს პარლამენტში “აგენტების კანონის” განხილვა 13 მაისს განახლდება – ორშაბათს დაგეგმილია საკომიტეტო მოსნება, სამშაბათს, ანუ 14 მაისს სადავო კანონპროექტი პლენარულ სესიაზე განიხილება და შესაძლოა, ამავე დღეს გაიმართოს მესამე მოსმენით კენჭისყრაც.

სოციალურ ქსელებში პირდაპირ დებენ, რომ უნდა მოახდინონ ბლოკირება, არ უნდა შეუშვან ადამიანები, რამდენიმე დღის წინ პარლამენტის ჭიშკარზე რაც გააკეთეს, ნახა ყველამ, მეორე დღეს განცხადებები იყო, რომ ძალას გადაამეტა პოლიციამ, როცა გარეთ საერთოდ არ გამოვსულვართ, -ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, პოლიცია გადამეტებულ ძალას არ იყენებს.

„იმ დღეს წყლის ჭავლი რომ არ გამოგვეყენებინა, ალბათ გადმოანგრევდნენ იმ კარებს და მერე უფრო მეტი ადამიანი დაშავდებოდა. აღარ მინდა, გვარები და სახელები დავასახელო, მათ შორის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმაც დაგმეს, თითქოს გადამეტებული ძალა გამოიყენა პოლიციამ, როცა გარეთ არც გამოვსულვართ, შიგნიდან გამოვიყენეთ წყლის ჭავლი“, – განაცხადა გომელაურმა.
პარლამენტთან პოლიციის განსაკუთრებული მობილიზაციაა – სპეცრაზმმა საკანონმდებლო ორგანოს ჭიშკარი შენობის ეზოს შიდა ტერიტორიიდან რკინის ჯებირებით ჩაკეტა.
დღეს პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო მორიგი მასშტაბური აქციაა დაგეგმილი. მოქალაქეები აპირებენ ღამე საკანონმდებლო ორგანოსთან გაათენონ.

მსგავსი პოსტები

Back to top button