შს მინისტრმა თანამდებობა დატოვა და აღნიშნა რომ ,,ოჯახთან მეტი დროის გატარებას შეძლებს,,

შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა თანამდებობა დატოვა. შესაბამისი განცხადება უწყებამ გაავრცელა.
როგორც გომელაურის განცხადებაშია აღნიშნული, ის გუნდის ერთგული რჩება. გადადგომის მიზეზი გომელაურს არ დაუკონკრეტებია, თუმცა აღნიშნა, რომ ოჯახთან მეტი დროის გატარებას შეძლებს.
“საზოგადოებას მინდა ვაცნობო, რომ მივიღე გადაწყვეტილება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ. ეს გადაწყვეტილება ჩემთვის არ იყო იოლი მისაღები. 2011 წლიდან ვიყავი იმ ბრძოლის თანამონაწილე, რომელსაც სათავეში ბატონი ბიძინა ივანიშვილი ჩაუდგა და რომელმაც ჩვენს ქვეყანას გარდამტეხი ცვლილებები მოუტანა. ჩემთვის ძვირფასი და საამაყოა ყველა ის მიღწევა, რომელიც ჩვენს ქვეყანას სამთავრობო გუნდის ხელმძღვანელობით ჰქონდა. აქედან გამომდინარე, ვრჩები ამ გუნდის ერთგული. მომავალშიც, ნებისმიერ დროს, მზად ვარ გვერდში დავუდგე სახელმწიფოს და მმართველ გუნდს, თუ ამას საჭიროება მოითხოვს.
10 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში, ვიკავებდი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსისა და ვიცეპრემიერის თანამდებობებს. რასაკვირველია, ამდენი წლის მანძილზე უმაღლეს სახელმწიფო თანამდებობებზე ყოფნა ძალიან შრომატევადი საქმეა და დიდ ენერგიას მოითხოვს. დღეს, როდესაც ქვეყანაში მშვიდი ვითარებაა, თავს უფლება მივეცი და გუნდს ვთხოვე თანამდებობის დატოვება, რაც მომცემს იმის საშუალებას, რომ ოჯახს – მეუღლეს, შვილებს და ახლად შეძენილ შვილიშვილს მეტი დრო დავუთმო.
მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომლის მიერ გამოცხადებულმა ნდობამ მომცა შესაძლებლობა, უმაღლესი თანამდებობებიდან მემსახურა ჩემი ქვეყნისთვის. მისი ნდობა და მაგალითი მაძლევდა განსაკუთრებულ სტიმულს, კეთილსინდისიერად მეკეთებინა ჩემი საქმე და ჩემი წვლილი შემეტანა საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში. მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერმინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს და მთლიანად, სამთავრობო გუნდს, რომლის თანადგომას ყოველთვის ვგრძნობდი და რომელიც ჩემს ამ გადაწყვეტილებას გაგებით შეხვდა.
მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, თითოეულ გმირ პოლიციელს, მეხანძრე-მაშველს, ყველას, ვისთან ერთადაც ვზრუნავდი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე მრავალი წლის განმავლობაში. წარმატებები მინდა ვუსურვო თითოეულ მათგანს და მომავალ მინისტრს სამომავლო საქმიანობაში. ვრჩები ჩემი ქვეყნისა და გუნდის ერთგული. ჩემს ქვეყანას და ხელისუფლებას მშვიდობას, უსაფრთხოებას და ყველა დასახული მიზნის შესრულებას ვუსურვებ“ – პატივისცემით, პოლიციის გენერალ-პოლკოვნიკი ვახტანგ გომელაური”, – წერია განცხადებაში.
გომელაური, რომელიც „ქართული ოცნების” დამფუძნებლის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის დაცვის სამსახურს ხელმძღვანელობდა, შინაგან საქმეთა მინისტრად პირველად 2015 წელს დაინიშნა. შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი იყო. 2019 წლიდან გომელაური ისევ შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშნეს.
გომელაური აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის სახელმწიფოების მიერაა სანქცირებული ადამიანის უფლებების ხელყოფისა და მშვიდობიან დემონსტრანტებსა და ჟურნალისტებზე პოლიციის ძალადობის გამო.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელად დაბრუნების შემდეგ, 2019 წელს ვახტანგ გომელაური ამ სამსახურის უფროსის თანამდებობაზე შეცვალა გრიგოლ ლილუაშვილმა
ლილუაშვილი თანამდებობიდან 2025 წლის აპრილში, უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე ნახევარი წლით ადრე გადადგა.