საქართველოსიახლეები

შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო, 20 დეკემბერს დაიცავს გურჯაანში დაანონსებულ საპროტესტო აქციაზე შეკრებილების გამოხატვის თავისუფლებას, მათ უსაფრთხოებას და მიიღებს მართლწესრიგის დაცვისთვის საჭირო ყველა ზომას, – ამის შესახებ შს სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

უწყების პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბრალდებულ დავით კირკიტაძის აღმკვეთი ღონისძიების სასამართლო განხილვის პარალელურად, გურჯაანში “ნაციონალურმა მოძრაობამ” საპროტესტო აქცია დააანონსა. შესაბამისად, მთელი დღის განმავლობაში მობილიზებული იქნება საპოლიციო ძალები, რომლებიც მოახდენენ პატრულირებას, რათა ერთის მხრივ უზრუნველყოფილი იყოს სახელმწიფო ინსტიტუტების შეუფერხებელი ფუნქციონირება, ხოლო მეორეს მხრივ – აქციის მონაწილეთა და რიგითი მოქალაქეების უსაფრთხოება და თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი სახის შესაძლო პროვოკაცია.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, ასევე პატივი სცენ სახელმწიფო ინსტიტუტებს და არ შეაფერხონ მათი ფუნქციონირება. საპროტესტო მსვლელობის და აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

დავით კირკიტაძე სამართალდამცველთა გაძლიერებული რაოდენობის თანხლებით წინასწარი დაკავების იზოლატორიდან სასამართლოს შენობაში დღეს გადაიყვანეს.

2 საათზე ნაკლები რჩება აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხთან დაკავშირებით სასამართლო სხდომის დაწყებამდე, რა დროსაც გაირკვევა, რა სასჯელი დაეკისრება კირკიტაძეს. პროკურატურა კირკიტაძისთვის პატიმრობას, დაცვის მხარე კი, მისი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვს.

რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელს ბრალად ედება პოლიციელზე თავდასხმა, ფიზიკური შეურაცხყოფა და ქონების დაზიანება. დავით კირკიტაძე მოსამართლის განჩინებით, 17 დეკემბერს დააკავეს. მან პროტესტის ნიშნად, მშრალი შიმშილობა გამოაცხადა.

მოისმინეთ დავით კირკიტაძის ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის ხმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button