მნიშვნელოვანისაქართველო

შსს-მ სამი პირი დააკავა, მათ შორის ერთ-ერთი მშობელია

სამართალდამცველებმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით კიდევ სამი პირი დააკავეს, მათ შორის ერთ-ერთი მოსწავლის მშობელია.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დაკავებულებმა დამალეს მომხდარი დანაშაული და არ შეატყობინეს სამართალდამცველებს, ასევე ხელი შეუწყეს არასრულწლოვნის მიმალვას.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ თ.კ.-სთვის, ასევე, მისი შვილების – ლ.კ.-სა და მ.კ.-სთვის ცნობილი გახდა, რომ 2001 წელს დაბადებულმა, არასრულწლოვანმა გ.ჯ.-მ განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩაიდინა, რაც სამართალდამცველებს არ შეატყობინა. შესაბამისად, მოქალაქე თ.კ. დაკავებულია დანაშაულის დაფარვისთვის.” – ნათქვამია შსს ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამინისტრო არ გამორიცხავს, რომ მომხდარ დანაშაულზე გაიზარდოს დანაშაულის დაფარვისა და შეუტყობინებლობისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემ პირთა წრე. საგამოძიებო უწყებაში თქვეს, რომ სამინისტრო აგრძელებს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებებს.

1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. 2 დეკემბერს მეორე მოზარდიც გარდაიცვალა.

მსგავსი პოსტები

Back to top button