შსს პარლამენტთან დაგეგმილი აქციის მონაწილეებს განცხადებით აფრთხილებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებით აფრთხილებს 24 ნოემბერის საღამოს დაგეგმილი აქციის მონაწილეებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე, რაც დემონტრანტებს დაემუქრებათ იმ შემთხვევაში, თუკი ხელს შეუშლიან მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარებას 25 ნოემბერს.
24 ნოემბრიდან რამდენიმე ოპოზიციური პარტიის მიერ იგეგმება რესპუბლიკის მოედანზე შეკრება და შემდგომ პარლამენტის მიმართულებით მსვლელობა. დაგეგმილი აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს შევახსენებთ, რომ კანონმდებლობა დეტალურად განსაზღვრავს შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების სამართლებრივ ჩარჩოებსა და ფარგლებს, რომ დაცული იყოს საზოგადოებრივი უსაფრთხოება და უზრუნველყოფილი იყოს სხვადასხვა ორგანიზაციის გამართული ფუნქციონირება, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც შსს-ში აცხადებენ, კანონით აკრძალულია სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირება, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის თანახმად, დასჯად ქმედებას წარმოადგენს.
„როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, საქართველოს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრებამდე, 24 ნოემბრიდან რამდენიმე ოპოზიციური პარტიის მიერ იგეგმება რესპუბლიკის მოედანზე შეკრება და შემდგომ პარლამენტის მიმართულებით მსვლელობა. მედიისა და სოციალური ქსელების მეშვეობით ოპოზიციური პარტიის ლიდერების მიერ ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ შეკრების მიზანს წარმოადგენს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარებისთვის ხელის შეშლა, რომელიც შესაძლოა, განხორციელდეს სხვადასხვა მეთოდით. დაგეგმილი აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს შევახსენებთ, რომ საქართველოს კანონმდებლობა დეტალურად განსაზღვრავს შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების სამართლებრივ ჩარჩოებსა და ფარგლებს, იმისათვის, რომ დაცული იყოს საზოგადოებრივი უსაფრთხოება და უზრუნველყოფილი იყოს სხვადასხვა ორგანიზაციის გამართული ფუნქციონირება.
გარდა ამისა, კანონით პირდაპირ აკრძალულია სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირება, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის თანახმად, დასჯად ქმედებას წარმოადგენს. ამ დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, ხოლო თუ ქმედება ჯგუფურადაა ჩადენილი – ჯგუფის წევრების მიმართ თავისუფლების აღკვეთას 4 წლამდე ვადით. ამასთან, საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2024 წლის 23 ოქტომბრის საქართველოს მთავრობის №361 დადგენილებით დადგინდა სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხა, რომელთა შორის არის საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის ადმინისტრაციის შენობები. შესაბამისად, დაგეგმილი აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს ვაფრთხილებთ, რომ არ გასცდნენ შეკრება/მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს და თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია მიიღებს ყველა შესაბამის სამართლებრივ ზომას უკანონო ქმედების აღსაკვეთად“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას მალევე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.
“ბარემ ეთქვათ ყველას დაგიჭერთო … ესეც კიდევ ერთ და მთავარ კონსტიტუვიის პრინციპის – მანიფესტაციის და შეკრენის უფლების – დარღვეცა! რა მნიშვნელობაა კანონით თუ დადგენილებით ზღუდავენ ამ უფლებას! მუქარაც არაფერში ჯდება… რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთ დასტურია!” – დაწერა მან ფეისბუკის პირად გვერდზე.
საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევენ საქართველოს პრეზიდენტი და ის ოპოზიციური პარტიები, ვინც ბარიერი გადალახეს. საერთაშორისო პარტნიორები არჩევნებზე დარღვევების და დარღვევებზე სახელმწიფოს რეაგირების შემსწავლელი დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობენ. 25 ნოემბერს პარლამენტის სხდომაში მონაწილეობას სავარაუდოდ მხოლოდ “ქართული ოცნების” ახლადარჩეული დეპუტატები მიიღებენ.
ცესკოს პირველადი შედეგებით, მე-11 მოწვევის პარლამენტში, “ქართულმა ოცნებამ” 150-დან 89 მანდატი მოიპოვა, ხოლო ოთხ ოპოზიციურ პლატფორმას, ჯამში – 61 მანდატი აქვს.
დღეს, 24 ნოემბერს, არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად, თბილისში რამდენიმე აქციაა დაგეგმილი.