მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

შსს-ს განცხადებით ლაშქარავა “სავარაუდოდ არაფხიზელი იყო”

შსს-ს მორიგი ბრიფინგი გაიმართა ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სადაც მამუკა ჭელიძემ, ცენტრალური კრიმინალურის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, გაასაჯაროვა გარდაცვლილის გადაადგილების მარშრუტი.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროებთ ალექსანდრე ლაშქარავას გადაადგილების ამსახველ ვიდეომასალას, რომელიც ამ ეტაპზეა მოტოვებული. გადადგილების მარშრუტი შედგენილია გარე ვიდეოკამერების დათვალიერების შედეგად, რომელიც დადასტურებულია მოწმეთა ჩვენებებით. თV პირველის ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა მიმდინარე წლის 10 ივლისს 15:28 საათზე მოპედით ტოვებს საცხოვრებელ მისამართს.

15:31 საათზე მეგობართან ერთად შედის ბახტრიონის ქუჩაზე ერთ-ერთ აფთიაქში. აფთიაქიდან გამოსვლის შემდეგ იწყებს გადაადგილებას ფონიჭალის დასახლების მიმართულებით, სადაც ფიქსირდება 16:31 სთ-ზე.

აღნიშნულის შემდეგ ფონიჭალიდან მოდის ორთაჭალაში და მოგვიანებით 19:41 სთ-ზე ისევ ბრუნდება ფონიჭალაში. საიდანაც გადაადგილდება „დედაენის ბაღის“ მიმართულებით, სადაც დაჰყო გარკვეული პერიოდი, ხოლო 00:10 სთ-ზე ბრუნდება საბურთალოს ტერიტორიაზე საცხოვრებელ მისამართზე, სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში. მისი დაბრუნების კადრები, ასევე ასახულია საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ განთავსებულ გარე ვიდეო-სამეთვალყურეო მოწყობილობებით.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს აქტიურ საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებებს. გრძელდება ყველა იმ პირის გამოკითხვა და იმ ტექნიკური საშუალებების დათვალიერება, რომელიც შესაძლოა გამოძიებისთვის საჭირო ინფორმაციას ინახავდეს.

მომხდარ ფაქტზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით გამოძიებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგებს. შესაბამისად შინაგან საქმეთა სამინისტრო პერიოდულად მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით.“ – ამბობს ჭელიძე.

მსგავსი პოსტები

Back to top button