შსს-ს მუქარის მიუხედავად აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი დღესაც გადაკეტეს

24 აპრილს პარლამენტთან “აგენტების კანონის” გასაპროტესტებლად ისევ შეიკრიბნენ მოქალაქეები და შინაგან საქმეთა სამინისტროს გაფრთხილების მიუხედავად, ისევ გადაკეტეს რუსთაველის გამზირი.
დღევანდელი აქციის მონაწილეებმა მსვლელობა მოაწყვეს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან ევროპის მოედნის მიმართულებით მანამდე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა გამაფრთხილებელი განცხადება, რომ ხალხის სიმცირის გამო პარლამენტთან გზის გადაკეტვის საჭიროება აღარ არის ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში. უწყება აღნიშნავს, რომ „გზის ხელოვნური გადაკეტვა ლახავს იმ პირთა უფლებებს, რომლებიც ცხოვრობენ და მუშაობენ აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე“.
„მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვის საჭიროება არ არსებობს, თუმცა, აქციაზე მყოფი პირები ხანგრძლივი დროით ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურ გადაკეტვას ახორციელებენ… აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს მოვუწოდებთ დაემორჩილონ კანონის მოთხოვნებს”, – წერია განვცხადებაში.
მასში ასევე აღნიშნულია, რომ დაადგენენ ყველა იმ ადამიანის ვინაობას, ვინც აქციის მონაწილეებს გზის გადაკეტვისკენ მოუწოდებს და მათ წინააღმდეგ „კანონით გათვალისწინებულ ზომებს გაატარებენ“.
აქციის ორგანიზატორების განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების შემდეგ, რომლის მიხედვითაც, გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა აკრძალულია, თუ ამას აქციის მონაწილეების რაოდენობა არ მოითხოვს, შესაძლოა, დღევანდელ პროტესტს გარკვეული პროვოკაციები მოჰყვეს.
ახალგაზრდების თქმით, აქცია გამოხატვის თავისუფლების საზღვრებს არ გასცდება და იმედი აქვთ, რომ პოლიციაც ასე მოიქცევა.
“ადამიანების შეკრებას ჯერ კიდევ ველოდებით. იმედია, ძალიან ბევრნი ვიქნებით. ჩვენი პროტესტი სპონტანურია და პროცესში იგეგმება. დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაც ვნახეთ და ვფიქრობთ, არსებობს რისკი, რომ რაღაც სახის პროვოკაციები იყოს.
პროტესტი დღეს არ დაწყებულა და არც დამთავრდება. ის სპონტანურია, მაგრამ მშვიდობიანი, ლაღი და მტკიცეა. ჩვენ გამოხატვის ჩარჩოებს არავითარ შემთხვევაში არ გავცდებით და დიდი იმედი გვაქვს, რომ პოლიციაც ასე მოიქცევა”, – განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.
რამდენიმე წუთის წინ, ერთ-ერთმა სპიკერმა აქციის მონაწილეებს მიმართა და მოუწოდა ხელის აწევით დაეფიქსირებინათ, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების მიუხედავად, სურდათ თუ არა გზის გადაკეტვა. სწორედ ამის შემდეგ, აქტივისტები რუსთაველზე საავტომობილო მოძრაობისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე გადავიდნენ.
ჯერჯერობით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს, მომხდარის გამო, რეაგირება არ მოუხდენიათ, პირიქით, ისინი აორგანიზებენ საავტომობილო მოძრაობას იმისთვის, რომ ავტომობილებს მიმართულება შეეცვალათ.
სტუდენტები და მოსწავლეები, რომლებიც რუსულ კანონს აპროტესტებენ, რუსთაველის გამზირზე ყოველ საღამოს იკრიბებიან, საიდანაც მსვლელობით სხვადასხვა ადგილისკენ მიდიან.
როგორ აისახება “ქართული ოცნების” მიერ რუსული კანონის დამტკიცება საქართველოს რიგით მოქალაქეებზე – რეპრესიული კანონის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ქვეყანაში სამოქალაქო სექტორის გაქრობაა, რომელიც დასავლეთის ფონდებიდან ფინანსდება. ამ შემოსავლის უდიდესი ნაწილი კი სწორედ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობისთვის იხარჯება.
ძალადობის მსხვერპლი ქალები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ადამიანები, რომელთა უფლებები ქვეყანაში ილახება და მათ დასაცავად მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციები იბრძვიან, ეს ყველაფერი არ არის, რასაც ქართული არასამთავრობო სექტორის პარტნიორი უცხოური ორგანიზაციები აფინანსებენ. რუსული კანონის მიღების შემდეგ კი მოქალაქეები საკუთარი მძიმე პრობლემების პირისპირ მარტო რჩებიან.
13 თვის შემდეგ, 2024 წლის 3 აპრილს, მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხელმეორედ დააინიციირა „აგენტების შესახებ“ კანონი, რომელსაც გასულ წელს ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. კანონპროექტის საწინააღმდეგო განცხადებები გაავრცელეს არა მხოლოდ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა, არამედ კულტურისა და სპორტის წარმომადგენლებმაც, მათ შორის საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელებმაც.
15 აპრილს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა „აგენტების კანონს“, 17 აპრილს კი პარლამენტმა მიიღო პირველი მოსმენით. 15 აპრილის შემდეგ თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, აქციები იმართება.