მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის მიერ უკრაინის ჯარების განდევნა მათი პოზიციებიდან წარუმატებელი აღმოჩნდა

მწვავე ბრძოლები გრძელდება ბახმუტში, ლიმანში, ავდეევკაში და მარინკაში, დონეცკის რეგიონში, – იუწყება უკრაინის გენერალური შტაბი 5 ივლისს და დასძენს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში არეალში 40 შეტაკება მოხდა.

უკრაინის არმია ასევე აცხადებს, რომ რუსეთის ძალებმა გაახშირეს სადაზვერვო და საბოტაჟის ქმედებები სასაზღვრო რეგიონში.

პარალელურად, რუსეთში კურსკისა და ბელგოროდის გუბერნატორები ამბობენ, რომ რეგიონებს 5 ივლისის დილას ცეცხლი გაუხსნეს საზღვრის მეორე, უკრაინის მხრიდან და დასძენენ, რომ მსხვერპლის შესახებ ცნობები არ არის.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, 4 ივლისის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებსა და რუს ოკუპანტებს შორის 4 მიმართულებით 40 შეტაკება მოხდა.

უწყების ცნობით, გასული დღის განმავლობაში რუსეთმა სარაკეტო შეტევა განახორციელა ხარკოვის ოლქის ქალაქ პერვომაისკისა და სოფელ ბელი კოლოდეცზე. გარდა ამისა, დაფიქსირდა 47 საჰაერო დარტყმა და განხორციელდა 59 დაბომბვა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან.

“მტერი თავის ძირითად ძალისხმევას ამახვილებს ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებზე, მძიმე ბრძოლები გრძელდება. დღის განმავლობაში მოხდა 40 შეტაკება”, – ამბობს გენშტაბი.

უწყების ცნობითვე, ლიმანის მიმართულებით, დღის განმავლობაში, ავიაციის მხარდაჭერით, რუსეთმა სცადა უკრაინის ჯარების განდევნა მათი პოზიციებიდან ნოვოვოდიანოს დასავლეთით და დიბროვას სამხრეთით, ლუგანსკის რეგიონში, მაგრამ წარუმატებელი აღმოჩნდა.

ბახმუტის მიმართულებით, გენშტაბის ცნობით, უკრაინამ წარმატებით მოიგერია მტრის თავდასხმები დონეცკის ოლქის ორეხოვო-ვასილოვკასა და ბოგდანოვკას დასახლებების რაიონებში. ამავდროულად, უკრაინა აგრძელებს შეტევით ოპერაციებს ქალაქ ბახმუტის სამხრეთით და ჩრდილოეთით.
ამასთან 40-ზე მეტი პირი, მათ შორის 12 ბავშვი დაიჭრა 4 ივლისს აღმოსავლეთ ხარკოვის ქალაქ პერვომაისკიზე რუსეთის შეტევის შედეგად, – აცხადებენ უკრაინის ოფიციალური პირები იმ ფონზე, როცა უკრაინის არმია დონეცკის რეგიონში მწვავე ბრძოლაზე იუწყება.

ხარკოვის გუბერნატორი ოლეჰ სინეჰუბოვი ტელეგრამით წერს, რომ თავდასხმის შედეგად დაიწვა რამდენიმე მანქანა, სახლებში ჩაილეწა შუშები. სინეჰუბოვის განცხადებით, სარაკეტო შეტევისგან დაიჭრა 43 ადამიანი.

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრი ერმაკის თქმით, რუსეთის ძალებმა ქალაქს ძლიერი ჭურვი ესროლეს.

უკრაინის გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგების შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 5 ივლისამდე პერიოდს მოიცავს.

გენშტაბის ცნობით, 4 ივლისს ოკუპანტებმა კიდევ 670 სამხედრო დაკარგეს.

რუსეთის შეიარაღებული ძალების საერთო დანაკარგები ასეთია:

ჯარისკაცი – დაახლოებით 231 700
​ტანკი – 4 062
ჯავშანტექნიკა – 7 917
საარტილერიო სისტემა – 4 288
სარაკეტო სისტემა – 656
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 395
თვითმფრინავები – 315
ვერტმფრენი – 309
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 3 614
საკრუიზო რაკეტები – 1 264
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 6 865
გემი/ნავი/კატარღა – 18
​სპეციალური აღჭურვილობა – 598.

რუსული მხარის ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ტერიტორიაზე, კერძოდ, კურსკისა და ბელგოროდის ოლქებზე შეტევა განახორციელეს.

მოცემულ ინფორმაციას Telegram-ის საშუალებით ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი ავრცელებს – “ქალაქ ვალუკი უკრაინის შეიარაღებული ძალების ცეცხლის ქვეშაა”,- განაცხადა მან.

გლადკოვის ცნობით, უკრაინულმა მხარემ მოქმედება 5 ივლისს, გამთენიისას წამოიწყო და შეტევა ერთ საათს გრძელდებოდა.

ორივე ოლქის გუბერნატორი აცხადებს, რომ სარაკეტო თავდასხმას მოჰყვა ნგრევა და არის რამდენიმე დაშავებულიც.

აღსანიშნავია, რომ ბოლო თვეების განმავლოვაში გაიზარდა თავდასხმები რუსეთის მიწაზე, განსაკუთრებით უკრაინის მოსაზღვრე რეგიონებში. სამშაბათს, 4 ივლისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვის მახლობლად ჩამოაგდო ხუთი უკრაინული დრონი, რაც კრემლმა “ტერორისტულ თავდასხმად” შერაცხა. როგორც წესი, რუსეთის ტერიტორიებზე მომხდარ თავდასხმებზე უკრაინა ოფიციალურად პასუხისმგებლობას არ იღებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button