შსს: საქართველოს გადაეცა სამი ნაყიდი ახალი სამაშველო ვერტმფრენიდან ერთ-ერთი

საქართველოს გადაეცა სამი ნაყიდი ახალი სამაშველო ვერტმფრენიდან ერთ-ერთი. ინფორმაციას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელმაც ფრანგულ მხარესთან კონტრაქტი გააფორმა.
მათივე ცნობით, ვერტმფრენის გადმოცემა, გერმანიაში, „Airbus Helicopters“-ის საწარმოში განხორციელდა, რომელსაც სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილე გიორგი მალანია და სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის დირექტორი, იოსებ არჯევანიშვილი დაესწრნენ.
შსს პრესსამსახური აღნიშნავს, რომ 15 მარტამდე სასაზღვრო პოლიციის მფრინავები და ბორტტექნიკოსები თეორიულ და პრაქტიკულ მომზადებას გერმანიაში, Airbus Helicopters-ის სასწავლო აკადემიაში გადიან. სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ გადამზადებული ეკიპაჟის წევრები ვერტმფრენს საქართველოში ჩამოიყვანენ.
“სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის მფრინავები და ბორტ-ტექნიკოსები თეორიულ და პრაქტიკულ მომზადებას გერმანიაში, Airbus Helicoptersის სასწავლო აკადემიაში გადიან. მომზადების კურსი 15 მარტს დასრულდება, რომლის შემდგომაც ქართული ეკიპაჟის მიერ ვერტმფრენის საქართველოში ტრანსპორტირება განხორციელდება”, – აღნიშნავენ შსს-ში.
როგორც შსს-ში აცხადებენ, თანამედროვე ევროპული ტიპის H 145 ვერტმფრენი ფრანგული კომპანია Airbus Helicopters ერთ-ერთი უახლესი მოდელია.
H145 მრავალფუნქციური შვეულმფრენია, რომელსაც შეუძლია შეასრულოს პოლიციური, სატრანსპორტო, სამძებრო და სამაშველო ფუნქციები. ახალი შვეულმფრენები სრულად იქნება დაკომპლექტებული ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით. მათ აქვთ 2 ძრავა, რაც ზრდის ფრენის უსაფრთხოებას.
ამ ტიპის შვეულმფრენი მაღალ სიმაღლეზე ოპერირებისა და მანევრის შესაძლებლობებით გამოირჩევა, რაც, საქართველოს მაღალმთიანი რელიეფის გათვალისწინებით, არსებულ ამოცანებთან სრულად თავსებადი იქნება.
უწყებაში აცხადებენ, რომ მსგავს ვერტმფრენებს წარმატებით იყენებენ გერმანიის, შვეიცარიის, საფრანგეთის, კანადისა და სხვა ქვეყნების პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურები.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ Airbus Helicopters-თან ხელშეკრულება 2022 წლის დეკემბერში დადო – დოკუმენტს ხელს აწერენ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი ნიკოლოზ შარაძე და Airbus Helicopters-ის წარმომადგენელი რომეინ ლანა. შემდეგი ორი ბორტის გადმოცემა ქართული მხარისთვის 2024 წლის ივნისამდე იგეგმება.
სამი ვერტმფრენიდან ერთი 17 თვეში უნდა ჩამოსულიყო, მეორე – 19 თვეში, მესამე – 20 თვეში.
ახალი შვეულმფრენების შეძენა სახელმწიფოს 26 500 000 ევრო უჯდება. ამავდროულად, შინაგან საქმეთა სამინისტრო Airbus Helicopters-ს 5 500 000 ევროს სანაცვლოდ გადასცემს AS332 L1e S/N 2833-ს (“სუპერ პუმას”), რომელიც წლების განმავლობაში გამოუყენებელია.