მნიშვნელოვანისაქართველო

შუალედურ არჩევნებში “ქართული ოცნების” კანდიდატებმა გაიმარჯვეს – ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ლაგოდეხის საარჩევნო ოლქის აფენის თემში, ოთხ საარჩევნო უბანზე ჩატარებულ, საკრებულოს შუალედურ არჩევნებში ხმების 84,4%-ით (1991 ხმა) გაიმარჯვა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა, ომარ შველიძემ.

„ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ კანდიდატს, მალხაზ მელაშვილს ხმა მისცა 14,71%-მა(347 ხმა) და „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“ კანდიდატს, დავით ბეგლარაშვილს 0,89%-მა(21 ხმა).

ადიგენის საარჩევნო ოლქის არალის თემის ერთ უბაზე წარდგენილმა ერთადერთმა კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან“ ზურაბ ფეიქრიშვილმა მიიღო 875 ხმა(100%).

ოპოზიციას კანდიდატები არ დაუსახელებია არც მარტვილის საარჩევნო ოლქის კიწიის თემის ორ საარჩევნო უბანზე, სადაც საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატად „ქართული ოცნების“ კანდიდატი რობერტ კაკულია აირჩიეს 549 ხმით(100%).

სამი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის შვიდ უბანზე საკრებულოს შუალედური არჩევნები 27 ოქტომბერს ჩატარდა. აფენის თემში შუალედური არჩევნების საფუძველი ის იყო, რომ დეპუტატმა უფლებამოსილება თავისი სურვილით შეიწყვიტა. არალის და კიწიის თემებში კი, წინა თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული მაჟორიტარი დეპუტატები გარდაიცვალნენ.

შვიდ საარჩევნო უბანზე საერთო ჯამში, რეგისტრირებულია 6 798 ამომრჩეველი. მათგან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ნახევარზე ნაკლებმა, 2933-მა ამომრჩეველმა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის აფენის თემის ოთხ საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 57,06%(2413 ამომრჩეველი), ადიგენის მუნიციპალიტეტის არალის თემის ერთ საარჩევნო უბანზე 60,5 %(887 ამომრჩეველი) და მარტვილის მუნიციპალიტეტის კიწიის თემის ორ საარჩევნო უბანზე 51,22%(565 ამომრჩეველი).

საკრებულოს შუალედურ არჩევნებს აკვირდებოდა 10 ადგილობრივი ორგანიზაციის 76 და ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის 5 დამკვირვებელი.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საარჩევნო უბნებზე არც ერთი საჩივარი არ დაწერილა.

მსგავსი პოსტები

Back to top button