მნიშვნელოვანისიახლეები

“წულუკიანი არ უნდა იყოს კულტურის მინისტრი!”-რუსთაველის გამზირზე ხელოვანების აქცია მიმდინარეობს

“წულუკიანი არ უნდა იყოს მინისტრი” – პარლამენტის უკანა შესასვლელთან კულტურის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები აქციას მართავენ.
საქართველოს პარლამენტში მინისტრობის კანდიდატების საკომიტეტო მოსმენების პარალელურად, კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა პარლამენტთან აქცია გამართეს და დეპუტატებს სთხოვეს, არ გამოუცხადონ ნდობა თეა წულუკიანს კულტურისა და სპორტის მინისტრის პოსტზე.

აქციის მონაწილეებმა პერფორმანსი გამართეს და 54 შეკითხვა, რომელიც კულტურის მინისტრის მიმართ აქვთ, პროექტორის საშუალებით პარლამენტის კედლებზე გამოსახეს.
“მისთვის ნდობის გამოცხადებით თქვენც თანაბარი პოლიტიკური პასუხისმგებლობა დაგეკისრებათ ეროვნული მემკვიდრეობის განადგურებაზე, დამოუკიდებელი ინსტიტუციების ჩამოშლაზე, პროფესიონალთა დევნაზე, ცენზურაზე, ნეპოტიზმსა და კორუფციაზე.

თუ კულტურის სფეროსთვის მის მიერ მიყენებული ზიანის გრძელი ჩამონათვალი თქვენთვის უმნიშვნელოა, გამოიჩინეთ პრაგმატიზმი, რადგან გაზაფხული ცხელი იქნება”, – ნათქვამია მეცნიერების და კულტურის სფეროს წარმომადგენელთა მიმართვაში პარლამენტის დეპუტატებისადმი. ამავე მიმართვით ისინი ითხოვენ აუდიტის ჩატარებასაც კულტურის და სპორტის სამინისტროში.

პრობლემები, რომელთა გამოც თვლიან აქციის მონაწილეები, რომ თეა წულუკიანი კულტურის მინისტრი არ უნდა იყოს, მიმართვაში ასეა ფორმულირებული:

ნადგურდება გელათი;
ნადგურდება არქეოლოგიური ძეგლები;
მეცნიერებს არ ეძლევათ პროფესიული საქმიანობის შესრულების შესაძლებლობა;
არ წყდება თავდასხმა ხელოვანებზე;
კინოცენტრის ბიუჯეტი იფლანგება პარტიის პროპაგანდისტების ბერლინში ვოაიჟისთვის;
ფერხდება ლიტერატურული პროცესი;
უკანონოდ ათავისუფლებენ დასაქმებულებს და სამინისტრო შრომით დავებს აგებს;
სამეცნიერო და სახელოვნებო სფეროებში დარგის სპეციალისტებს ანაცვლებენ პენიტენციური სისტემის კადრებით.
მათი თქმით, პარლამენტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, მათ წულუკიანთან კითხვების პირისპირ დასმის საშუალება არ მიეცათ.

“ივნისის თვიდან მოყოლებული ქალბატონი მინისტრი არ გვხვდება და არ პასუხობს ჩვენს შეკითხვებს. არ მოხერხდა ის, რომ ბოიკოტში მყოფი 450-მა კაცმა აუხსნას და გაუზიაროს ის წუხილი, რაც ამ სექტორს აქვს., ჩვენთვის დიდი დანაკლისია, როცა ჩვენ ბოიკოტს ვაცხადებთ. ჩვენ უარს ვამბობთ კუთვნილ თანხებსა და იმ პროცესებზე, რაც ჩვენი პროფესიის შემადგენელი ნაწილია… დღეს, როდესაც ქალბატონ მინისტრს ჰქონდა მოხსენება, ჩვენ გავმართეთ აქცია იმისთვის, რომ თითოეულ დეპუტატს დავაკისროთ ვალდებულება მისი ხელმეორედ ამ თანამდებობაზე ლეგიტიმაციის მიცემისთვის. ჩვენი აზრით, ქალბატონი თეა, როგორც კულტურის მინისტრი ფაქტობრივად შლის კულტურის სფეროს”-ამბობს აქციის მონაწილე, მსახიობი თინა ლაღიძე.

დღეს პარლამენტში კომიტეტების ერთობლივი სხდომა მიმდინარეობს, სადაც მინისტრობის რამდენიმე კანდიდატს, მათ შორის თეა წულუკიანს უსმენენ.

მინისტრთა კაბინეტის წევრების ხელახლა დამტკიცების საჭიროება მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოსტი დატოვა. ახალი პრემიერისა და მისი მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებამდე, პარლამენტმა უნდა მოისმინოს სამთავრობო პროგრამა და მინისტრობის კანდიდატების ხედვები.

მსგავსი პოსტები

Back to top button