სიბნელე სიცივე და შიმშილი რა მიზანი აქვს პუტინს

მომავალი თვეები რთული იქნება, რადგან რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიზანია, უკრაინა ამ ზამთარში ცივი და ბნელი დატოვოს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ჰააგაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის გასვლა ხერსონიდან აჩვენებს უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმოუდგენელ გამბედაობას.
„უკრაინის გადასაწყვეტია, რა პირობებია მისაღები მოლაპარაკებებისთვის ომის დასასრულებლად,”- განაცხადა სტოლტენბერგმა და დასძინა, რომ ნატო-ს როლი კიევის მხარდაჭერაა.
„ჩვენ არ უნდა დავუშვათ შეცდომა და არასათანადოდ არ უნდა შევაფასოთ რუსეთი. რუსეთის შეიარაღებული ძალები ინარჩუნებენ მნიშვნელოვან შესაძლებლობებს, ასევე დიდი რაოდენობით ჯარისკაცებს და რუსეთმა გამოავლინა მზადყოფნა მნიშვნელოვანი დანაკარგები აიტანოს. მათ ასევე გამოიჩინეს უკიდურესი სისასტიკე”, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.
პუტინის ომს მილიონობით ადამიანი შიმშილის ზღვარზე მიჰყავს. ევროკავშირი აგრძელებს სასურსათო უსაფრთხოების მხარდაჭერას მთელ მსოფლიოში. დღეს ჩვენ კიდევ უფრო გავზრდით ჩვენს სასურსათო დახმარებას 210 მილიონი ევროთი, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი “ტვიტერში“ წერს.
ევროკომისიის ხელმძღვანელი „დიდი ოცეულის“ სამიტის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ აუცილებელია სურსათისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხების კუთხით რუსეთის ომის გლობალური შედეგების მოგვარება.
„ეს განსაკუთრებული „დიდი ოცეულია“. ჩვენ უნდა მოვაგვაროთ რუსეთის ომის გლობალური შედეგები სურსათისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხების კუთხით და ამავდროულად გავაგრძელოთ გლობალური დღის წესრიგი. ეს არის გამოწვევა, რომლისთვისაც ევროპა მზად არის. ყველა სხვა გლობალურმა ძალამ ასევე უნდა აიღოს თავისი პასუხისმგებლობა”, – აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენი.