მნიშვნელოვანისიახლეები

,,სიჩუმე დანაშაულია,,-აქციას რუსული კანონის წინააღმდეგ სტუდენტები უერთდებიან

ამ ეტაპზე აუდიტორიაში სწავლების განახლებაზე უარს 10-ზე მეტი უნივერსიტეტის სტუდენტი ამბობს.

გაფიცვას სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებით შეუერთდნენ.
“მიუხედავად იმისა, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და თვითმართველობა დუმს- ჩვენ, აქციების დაწყების დღიდან თეთრი ხალათებით ვდგავართ ჩვენი, მოქალაქეებისა და ქვეყნის ევროპული მომავლის სადარაჯოზე.
ბოლო საათების განმავლობაში, ჩვენ მკაფიოდ ვიხილეთ- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, კავკასიისა და სხვა უნივერსიტეტების რეაქცია, რომელსაც ვერ დავტოვებთ ყურადღების მიღმა. დღეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები ვუერთდებით და ვაცხადებთ გაფიცვას!
ვიქნებით ყველგან თქვენს შორის თეთრი ხალათებითა და სუფთა ხელებით, ქართული და ევროპული მომავლის სადარაჯოზე! ოფიციალურ განცხადებას გავაკეთებთ დღეს 20:30 საათზე”, – ამბობენ სტუდენტები.
ამ ეტაპზე აუდიტორიაში სწავლების განახლებაზე უარს 10-ზე მეტი უნივერსიტეტის სტუდენტი ამბობს.

გაფიცვას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერისტეტის სტუდენტებით უერთდებიან.
მათი განცხადებით, მაშინ, როცა ქვეყნის ევროპულ მომავალს საფრთხე ემუქრება, ხელისუფლება კი სასტიკ ზომებს მიმართავს, სიჩუმე დანაშაულია.
“ვხედავთ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. ქმედებებს, რომელიც ხორციელდება მოქალაქეების მიმართ. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ყოველთვის იდგა ისტორიის სწორ მხარეს! მაშასადამე, “იბსუ ერთი დიდი ოჯახია” – იყო, არის და იქნება ის ღირებულება, რაც სტუდენტებს გვაერთიანებს. სწორედ ახლა არის დრო, რომ გავერთიანდეთ.
მაშინ, როცა ჩვენს ევროპულ მომავალს საფრთხე ემუქრება და ხელისუფლება სასტიკ ზომებს მიმართავს, სიჩუმე დანაშაულია ! ჩვენ პირველი დღიდან ვდგავართ სხვა სტუდენტების გვერდით, ახლაც ნათლად და საჯაროდ ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას და ვუერთდებით სხვა უნივერსიტეტების წამოწყებას, რომ ვთქვათ უარი აკადემიური პროცესების ჩვეულ რეჟიმში წარმართვაზე. მაშინ, როცა ქვეყნის ბედი წყდება აუდიტორიებში ყოფნის დრო არ არის! სტუდენტები მოვითხოვთ, მკაფიოდ დააფიქსიროს უნივერსიტეტმა საკუთარი აზრი და დამოკიდებულება – “არა რუსულ კანონს! კი ევროპას!”
ლექტორებს მოვუწოდებთ, დაგვიდგნენ გვერდში და იმედი გვაქვს, ერთად ვიქნებით სიმართლისთვის ბრძოლაში. შევხვდებით იქ, სადაც ერთად ვიბრძოლებთ საქართველოსთვის! ევროპული მომავლისთვის!” – ნათქვამია განცხადებაში.

“კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები ვუერთდებით საერთო სტუდენტურ პროტესტს, რადგან ვფიქრობთ, რომ, სამწუხაროდ, აუდიტორიებში ჯდომის დრო აღარ არის,” – ამის შესახებ განცხადებას კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობა ავრცელებს და თსუ-ს სტუდენტების განცხადებას უერთდებიან, რომლის თანახმადაც ისინი ქვეყანაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე სასწავლო პროფესს წყვეტენ.
“ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ჩვენი ისტორიული არჩევანი – ევროპა და საზოგადოების გაცხადებული ნება – ოფიციალურად გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრები.
ჩვენ, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები, ვუერთდებით საერთო სტუდენტურ პროტესტს, რადგან ვფიქრობთ, რომ, სამწუხაროდ, აუდიტორიებში ჯდომის დრო აღარ არის – ახლა ქვეყანა ფიზიკურად არის დასაცავი გარუსებისგან. ამიტომ 12 მაისის დილას შეიქმნა პეტიცია სასწავლო პროცესის გაუქმებასთან დაკავშირებით, რომელსაც 18:00 საათის მონაცემებით, 1000-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.
რუსული კანონის მიღებით ქვეყანაში გაქრება და გაითელება ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, სამოქალაქო საზოგადოება, თავისუფალი მედია – ამ საფუძვლიან ეჭვში დაგვარწმუნა ჯერ კიდევ კანონის მიღებამდე, ბოლო დღეებში დაწყებულმა დევნამ, რეპრესიებმა და ძალადობამ როგორც მოქალაქეების, პოლიტიკოსების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების და ჟურნალისტების, ასევე მათი ოჯახის წევრების მიმართ.
ჩვენ არ დავთმობთ ქვეყნის დამოუკიდებლობას და მრავალსაუკუნოვან ევროპულ ღირებულებებს, ამიტომ, საქართველოს დასაცავად გვიწევს შევწყვიტოთ სასწავლო პროცესი იქამდე, ვიდრე მას ჩვეული, ევროპული მიმართულებით სვლის საშუალება მიეცემა!
ჩვენ, სტუდენტები ვგრძნობთ მხარდაჭერას ჩვენი უნივერსიტეტისგან, რომელიც იზიარებს მყარ პოზიციას, რომ ჩვენი გემი ევროპისკენ დაძრულია, რადგან საქართველო იყო, არის და იქნება ევროპის ნაწილი!
ევროპა ჩვენი ისტორიული არჩევანია! შევხვდებით პარლამენტთან, იქ, სადაც ქვეყნის ბედი წყდება!” – წერია განცხადებაში.

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები უერთდებიან რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტს და აკადემიური პროცესის განახლებაზე უარს აცხადებენ.
მათი თქმით, რუსული კანონი სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგაა მიმართული და ის ევროპული ოჯახის წევრობაზე ქართველი ხალხის გაცხადებულ ნებას უგულებელყოფს.
“ჩვენ მხარს ვუჭერთ და ვუერთდებით სხვა უნივერსიტეტის სტუდენტების, ჩვენი თანატოლებისა და თანამებრძოლების იდეას, უარი ვთქვათ სასწავლო პროცესის ჩვეულ ფორმატში გაგრძელებაზე, ვინაიდან მივიჩნევთ, რომ საქართველო იმყოფება ისტორიულ გზაჯვარედინზე, სადაც გადაწყდება ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა თუ რუსული მმართველობის ქვეშ მისი მოქცევის ბედი. მმართველი პარტია უპირისპირდება საქართველოს უმაღლეს კანონს – კონსტიტუციას, და უმძიმესი მეთოდებით არბევს მომიტინგეებს, რომლებსაც ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლის მიღწევა უპირველეს მიზნად აქვთ დასახული.
სწორედ ამიტომ, ჩვენი, როგორც თითოეული მოქალაქის ვალია, დავიცვათ საქართველოს ისტორიული არჩევანი და არ მივცეთ რუსულ ხელისუფლებას უფლება წაგვართვას უმთავრესი, რასაც თავისუფლება ჰქვია.
შევხვდებით იქ, სადაც ჩვენი ყოფნა გადამწყვეტია!
ცოდნით, შრომით და თავისუფლებით – ევროპისკენ”, – ნათქვამია განცხადებაში.

გაფიცულებს უერთდებიან თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები. გავრცელებულ საერთო მიმართვაში მოუწოდებენ ლექტორებს და აკადემიურ პერსონალს, დადგნენ მათ გვერდით და საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლა გააძლიერონ.
“საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ვუერთდებით საერთო სტუდენტურ გაფიცვას რუსული კანონის გაწვევის მოთხოვნით. მიგვაჩნია, რომ დღეს ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია ფატალურ საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს და ეწინააღმდეგება ჩვენს ფუნდამენტურ ღირებულებებს.
ჩვენ, პროტესტის დაწყების დღიდან, თავდაუზოგავად ვიცავთ ჩვენს თავისუფლებასა და დემოკრატიას. მიუხედავად სასტიკი დარბევების, ძალადობის, დევნისა და ტერორისა, ვინარჩუნებთ მხნეობას და ვდგავართ ისტორიის სწორ მხარეს. არ გვინდა, რომ ჩვენი ყოველდღიურობა მოცული იყოს შიშით, კონტროლითა და ძალადობით, რასაც ბოლო კვირების განმავლობაში ცხადად ვხედავთ.
ვერასდროს წარმოვიდგენდით, რომ მშვიდობიანი პროტესტის მონაწილე სტუდენტებს ძალადობრივი დარბევებისგან თავის დასაღწევად თეატრალური უნივერსიტეტის შენობაში მოგვიწევდა თავის შეფარება. ახლა, როცა ხელისუფლება იღებს კანონს, რომელიც გვიზღუდავს ჩვენი პროფესიებისთვის მნიშვნელოვან ღირებულებას, შემოქმედებით თავისუფლებას, ჩვენთვის წარმოუდგენელია სასწავლო პროცესის გაგრძელება.
ამიტომ ჩვენ ვიფიცებით და უარს ვამბობთ აკადემიურ პროცესში მონაწილეობაზე, სანამ პარლამენტი რუსულ კანონს არ გაიწვევს, საქართველო კი – ევროპულ გზას არ დაუბრუნდება.
მივმართავთ თეატრალური უნივერსიტეტის ლექტორებსა და აკადემიურ პერსონალს, დადგნენ ჩვენ გვერდით და გააძლიერონ ბრძოლა ჩვენი საერთო მომავლისთვის და საქართველოს თავისუფლებისთვის. მოიქეცით ისე, რომ თქვენი ამჟამინდელი პოზიციით იამაყოთ”, – აცხადებენ სტუდენტები.

ამ ეტაპზე აუდიტორიაში სწავლების განახლებაზე უარს 10-ზე მეტი უნივერსიტეტის სტუდენტი ამბობს და რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციას უერთდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button