ეკონომიკამსოფლიოპოლიტიკა

სინგაპური რუსეთისთვის სანქციების დაწესებას აპირებს, სასანქციო ღონისძიებებს სამხრეთ კორეაც უერთდება

სამხრეთ კორეა და სინგაპური რუსეთისთვის სანქციების დაწესებას აპირებს. ამის შესახებ სინგაპურში ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვივიან ბალაკრიშნამ პარლამენტში განაცხადა.

მან უკრაინაში რუსეთის შეჭრას საერთაშორისო ნორმების ცხადი და უხეში დარღვევა უწოდა. მისი თქმით, სინგაპური სხვა ქვეყნებთან შეთანხმებულად იმოქმედებს და ძლიერ პოზიციას დაიკავებს.
„ჩვენ დავაწესებთ კონტროლს ისეთი ხელსაწყოების ექსპორტზე, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს პირდაპირ როგორც იარაღი უკრაინაში. ასევე დავბლოკავთ კონკრეტულ რუსულ ბანკებსა და ფინანსურ ტრანზაქციებს, რომელიც დაკავშირებულია რუსეთთან“, როგორც სინგაპურის პირველმა დიპლომატმა აღნიშნა, ამ სანქციებს შეიძლება მოჰყვეს კონკრეტული შედეგები მისი ქვეყნისთვის, ამიტომ მოსახლეობას მოუწოდა, მოემზადონ ამისთვის.
„ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ რომ ერთი ქვეყანა თავს ესხმოდეს მეორეს, გამართლების გარეშე“, – აღნიშნა მან.

რუსეთის წინააღმდეგ სასანქციო ღონისძიებებს უერთდება სამხრეთ კორეაც. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, ოფიციალური სეული რუსეთში სტრატეგიული მასალების ექსპორტს აკრძალავს და უერთდება საერთაშორისო ძალისხმევას დაბლოკოს რუსეთი SWIFT-ის პროგრამაში. მინისტრს არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რომელი მასალის ექსპორტს აკრძალავს, თუმცა აღნიშნა, რომ თავისი გადაწყვეტილების შესახებ შეერთებულ შტატებს დიპლომატიური არხების საშუალებით აცნობებს.

სამხრეთ კორეა გაზრდის ჰუმანიტარულ დახმარებას უკრაინისთვის საერთაშორისო თანამეგობრობასთან თანამშრომლობით და გაგზავნის არალეტალურ სამხედრო აღჭურვილობას.

მსგავსი პოსტები

Back to top button