სირიაში რუსი ოფიცრები თათბირზე ააფეთქეს [Video]
სირიაში ისლამისტ მეამბოხეთა დაჯგუფება “არჰარ ალ-შამის” წევრებმა შენობა ააფეთქეს, სადაც რუსეთის ფედერაციის ოფიცრები თათბირს ატარებდნენ, – იუწყება საერთაშორისო ვოლონტიორული საზოგადოება IformNapalm.
საზოგადოების ინფორმაციით, ოპერაცია მთიან რაიონში, სირიის ქალაქ ლატაკიის მახლობლად, ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის მეშვეობით განხორციელდა, რომელიც რუსეთის სამხედრო ბაზასთან იდგა. ბომბი რუსეთის უფროსი ოფიცრების შემადგენლობის თათბირის დროს დისტანციურად ააფეთქეს.
“აფეთქების ადგილზე სასწრაფო დახმარების მანქანები, რუსული სამხედრო ვერტმფრენები და მეხანძრეები გამოცხადდნენ. დაჭრილები ჯაბლისა და ლატაკიის საავადმყოფოებში გადაიყვანეს”, – ნათქვამია ვოლონტიორული საზოგადოების განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ ოპერაცია 21 თებერვალს ჩატარდა, მაგრამ ვოლონტიორებმა ინფორმაცია სირიული წყაროებიდან რამდენიმე დღის დაგვიანებით მიიღეს. რუსეთის ფედერაციას აფეთქების შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.
IformNapalm-ის პორტალმა აგრეთვე შემთხვევის ადგილზე გადაღებული ვიდეორგოლიც გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, რომ 22 თებერვალს, მოსკოვმა და ვაშინგტონმა სირიაში საბრძოლო კონფლიქტში ჩართულ მხარეებს შორის ცეცხლის დროებით შეწყვეტაზე მოილაპარაკეს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ორი ქვეყნის ერთობლივი განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, 27 თებერვალს მორიგების რეჟიმი ძალაში შევა.
ნიშანდობლივია, რომ მიღწეული მოლაპარაკება მხოლოდ სირიის სამთავრობო ჯარებსა და ზომიერი ოპოზიციის ძალებს შორის გაჩაღებულ საბრძოლო მოქმედებებს ეხება.