„სისტემა რეალურად მორყეულია, არ მუშაობს,,- ბაჩიაშვილის თქმით საქართველოდან წასასვლელად ადამიანები გამოიყენა

“თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი ხელმძღვანელი, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მოკავშირე გიორგი ბაჩიაშვილი, რომელიც ბრალდებულია და პასპორტი ჩამორთმეული აქვს, ამბობს, რომ ქვეყნიდან გასვლისთვის “სისტემაში არსებული ხვრელები მათ შორის, ადამიანები” გამოიყენა. ამის შესახებ მან “ტვ პირველის” ეთერში ისაუბრა.
ბაჩიაშვილი არ ასახელებს, თუ რომელ ქვეყანაში გაემგზავრა.
მანამდე ბაჩიაშვილი საუბრობდა, რომ სისტემა მორყეულია და მასში მყოფ ადამიანებს საქმის კარგად კეთების მოტივაცია აღარ აქვთ.
„სისტემა რეალურად მორყეულია, არ მუშაობს. არის ძალიან ბევრი ხვრელი და ადამიანები, რომლებიც მასში არიან, არ არიან მოტივირებულები, რომ ბოლომდე კარგად გააკეთონ თავისი საქმე“, – განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა, მის ამ განცხადებას წამყვანის, ინგა გრიგოლიას კითხვა მოჰყვა: “ანუ სისტემიდან დაგეხმარნენ, სისტემაში შსს-ს გულისხმობთ? საზღვარში გადასვლაში დაგეხმარნენ?”, რაზეც ბაჩიაშვილმა უპასუხა: “სისტემაში არსებული ხვრელები და მათ შორის ადამიანებიც, გამოვიყენე”.
მისივე თქმით, მეტ დეტალს „ნამდვილად ვერ იტყვის“.
მან გადაცემაში გააკრიტიკა ქვეყნის მმართველობითი სისტემა და თქვა, რომ “ასეთ სისტემაში არ არის არანაირი გამართულობა, ვერანაირად ვერ იმუშავებენ ეფექტურად ვერც მესაზღვრეები, ვერც პოლიციელები, ვერც ვერავინ”.
ბაჩიაშვილი დარწმუნებულია, რომ სუს-ი და შსს „ჯერჯერობით ერთმანეთის გადაბრალებაში არიან, თუ ვისი ბრალი იყო“, რომ „გაძვრა“ და შესაძლოა, არც იმაში არიან დარწმუნებული გავიდა თუ არა ქვეყნიდან.
„როდესაც ადამიანებს ვერ ჯობნი ძალით, მათ უნდა აჯობო მოტივაციით და ჭკუით. ზუსტად სუს-ის თვალთვალი და ამდენი ხალხი გამოვიყენე იმისათვის, რომ მათი ყურადღება მომედუნებინა. ეს ხალხი შეიძლება დავალებებს ასრულებს, მაგრამ ქმედებების უკან რა დგას არ უკვირდებიან და ვერ აანალიზებენ, სისტემა გახრწნილი და რეალურად გადასულია მომიტინგეების თვალთვალზე. დარწმუნებული ვარ, ჯერჯერობით ერთმანეთის გადაბრალებაში არიან, თუ ვისი ბრალი იყო, რომ გავძვერი. შეიძლება იმაშიც არ არიან დარწმუნებული, ქვეყნიდან გასული ვარ თუ არა“, – განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.
მისივე თქმით, მისი ოჯახის წევრები ამ დროისთვის, ევროპაში იმყოფებიან.
გიორგი ბაჩიაშვილი არ ასახელებს, თავად რომელ ქვეყანაში იმყოფება საქართველოს დატოვების შემდეგ. მისი თქმით, ქვეყანა 10 საათისა და 23 წუთის წინ დატოვა.
დღეს მან Facebook-ზე დაწერა, რომ საქართველო დატოვა და მიზეზად დაასახელა მიღებული ინფორმაცია მის უსაფრთხოებაზე რეალური საფრთხის შესახებ.
“გარდა ამისა, მე მივიღე სანდო ინფორმაცია ჩემს უსაფრთხოებაზე რეალური საფრთხეების შესახებ – საფრთხის, რომელსაც დღევანდელ საქართველოში შეიძლება სასიკვდილო მნიშვნელობა ჰქონდეს. ციხეში, აბსოლუტურად დაუცველი დავრჩებოდი ივანიშვილის ჯალათების პირისპირ… იმ ციხეში, სადაც ივანიშვილმა გაჭყლეტა შემომითვალა. ვუცხადებ სოლიდარობას იმ ათასობით ქართველს, ვინც უკანონოდ არიან რეპრესირებული და დატყვევებული ამ რეჟიმის მიერ, და მათ, ვინც დღეს იბრძვის ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის”, – დაწერა გიორგი ბაჩიაშვილმა.
შეგახსენებთ, თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველოს დატოვების შესახებ 4 მარტს სოციალური ქსელის საშუალებით განაცხადა. გიორგი ბაჩიაშვილის საქმის პროკურორის მიხეილ სადრაძის განცხადებით, ბაჩიაშვილს ჩამორთმეული აქვს პასპორტი, აკრძალული აქვს საზღვრის დატოვება, მაგრამ “ფაქტობრივი მოცემულობა არის ის, რაც არის – საკითხი საჭიროებს შესწავლას, გამოძიება დაიწყება”.
ბრალდება და 2.5-მილიონიანი გირაო
გიორგი ბაჩიაშვილს ორ საქმეზე აქვს ბრალი წაყენებული: „კრიპტოვალუტების მითვისების“ საქმესა და „მტკვარი ჰესის“ საქმეზე, – ორივე შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილი ფიგურირებს.
გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ პირველი საქმე ბიძინა ივანიშვილის განცხადების საფუძველზე 2023 წლიდან არის აღძრული.
პროკურატურა – ბიძინა ივანიშვილის განცხადების საფუძველზე – გიორგი ბაჩიაშვილს 39 215 820 აშშ დოლარის ბიტკოინის მითვისებას ედავება. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2023 წლის 6 ივლისს აღკვეთის ღონისძიებად 2,5 მლნ ლარის გირაოს გადახდა შეუფარდა.
„მტკვარი ჰესის“ საქმეზე, – რაც ამ საქმეში თავიდანვე ფიგურირებდა, ბიზნესმენს ბრალი 2025 წლის 25 თებერვალს წაუყენეს და ამ შემთხვევაშიც გირაო შეუფარდეს – ამჯერად 50 000 ლარი.
ახალი ბრალდების თანახმად, გიორგი ბაჩიაშვილს ედავებიან ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდში გენერალური დირექტორის თანამდებობაზე „სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას“.
„კრიპტოვალუტების საქმეზე“ მას 9-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა, „მტკვარი ჰესის“ საქმესთან დაკავშირებით წარდგენილი ბრალდება კი 2-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.