“სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” კანონი “ქართული ოცნების” მიერ მომზადებული ცვლილებებით, ახლებურად დარეგულირდება
ახალი კანონები საქართველოში

“სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” კანონი “ქართული ოცნების” მიერ მომზადებული ცვლილებებით, ახლებურად დარეგულირდება. კანონპროექტის კანონად ქცევის შემდეგ, ცილისმწამებელი ვალდებული იქნება მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის სიზუსტე ამტკიცოს. მოქმედი ნორმით კი ეს ვალდებულება ცილისწამების მსხვერპლზე გადადიოდა. ცვლილების აუცილებლობას ინიციატორები სამართლიანობის აღდგენის პრინციპით და ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოების მიზეზით ხსნიან.
კანონის ახლებურად დარეგულირების წინააღმდეგი არიან ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ სიახლე არათუ მოაწესრიგებს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, არამედ მისი შეზღუდვისკენ იქნება მიმართული.
“სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” კანონში ცვილების მიხედვით მცირდება საპროცესო ვადები და სამართალწარმოების დაწყების შემთხვევაში სასამართლოს სარჩელის განხილვისთვის და გადაწყვეტილებისთვის მაქსიმუმ 1-თვიანი ვადა ექნება. სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, რომ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სიახლე პირს ინფორმაციის გასაჯაროების შემთხვევაში წყაროს დასახელებას ავალდებულებს.
“ქართული ოცნების” ინიციატივით, მომზადებული ცვლილებები კანონის ძალას კვირის ბოლოს მიიღებს.
სასამართლო პროცესებზე წესრიგის დამყარების მიზნით, “ქართული ოცნება” ახალ კანონპროექტს აინიცირებს. ინიციატორების თქმით, სასამართლო სხდომებზე ხმაურის, დაპირისპირებისა და მოსამართლეებზე ზეწოლის აღმოსაფხვრელად, სასამართლოს შენობაში, სხდომის დარბაზსა და ეზოში ფოტო-ვიდეო გადაღება და ტრანსლაცია, მხოლოდ მოსამართლის გადაწყვეტილებით იქნება შესაძლებელი.
“ქართული ოცნების” ოპონენტები ინიციატივას აკრიტიკებენ. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს.
კანონპროექტის ინიციატორების განმარტებით, მოქმედი პრაქტიკა საკმაოდ ლიბერალურია, რასაც ოპოზიცია საკუთარი დესტრუქციული მიზნებისთვის იყენებს. სწორედ არსებული ვითარების შესაცვლელად უმრავლესობაში იმ ამერიკულ და ევროპულ გამოცდილებასა და პრაქტიკაზე საუბრობენ, რომლის დანერგვასაც საქართველოში აპირებენ
საკანონმდებლო ორგანოში კანონპროექტი უკვე ინიცირებულია. კანონმდებლები ინიციატივას დაჩქარებული წესით განიხილავენ და კვირის ბოლომდე დაამტკიცებენ.
პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 84 ხმით, მხარი დაუჭირა „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს, რომელიც სხდომაზე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა წარადგინა.
„ბოლო წლებში, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საქართველოში შრომითი მიგრაციის პროცესების რეგულირებისა და აღრიცხვის კუთხით, თუმცა არსებობს გამოწვევები და საჭიროა დამატებითი ცვლილებები იმისთვის, რომ კიდევ უფრო გაუმჯობესდეს შრომითი მიგრაციული პროცესების მართვა და აღრიცხვა, რაც საშუალებას მოგვცემს ვაწარმოოთ სწორი და გამჭვირვალე სტატისტიკა შრომითი მიგრაციის შესახებ, აღმოვფხვრათ არალეგალური შრომითი მიგრაცია, ადგილობრივი შრომითი ბაზარი გავხადოთ უფრო მეტად დაცული და კონკურენტუნარიანი და ასევე, ეკონომიკური სექტორების მოთხოვნის შესწავლის შესაბამისად, შევიმუშაოთ მოქნილი და შედეგზე ორიენტირებული შრომითი პოლიტიკა, რომელიც მიმართული იქნება საქართველოს მოქალაქეების ეკონომიკური კეთილდღეობის გაზრდისკენ“, – განაცხადა მომხსენებელმა.
მისივე თქმით, განსაკუთრებული როლი მიენიჭება კერძო და საჯარო სექტორებს შორის თანამშრომლობას ადგილობრივი შრომითი ბაზრის კონკურენტუნარიანობის და მისი პროდუქტიულობის ამაღლებისთვის.
„საბოლოო ჯამში, აღნიშნული ცვლილებების მიზანია საქართველოში არსებული შრომითი რესურსის მაქსიმალური ინტეგრაცია ეკონომიკურ საქმიანობაში“, – განაცხადა მომხსენებელმა.
კანონპროექტის თანახმად: შემუშავდება და დაინერგება უცხოელის დასაქმებისთვის სპეციალური საქმიანობის უფლების გაცემის მექანიზმი; შემუშავდება აღნიშნული სამუშაო უფლების გაცემის კრიტერიუმები; დარეგულირდება საქართველოში უცხოელი ფიზიკური პირების შრომითი/სამეწარმეო საქმიანობა (ისეთი შემთხვევები, როდესაც არ გვაქვს კლასიკური დასაქმება); შემუშავდება კანონმდებლობით დადგენილი ნორმების აღსრულების ახალი მექანიზმები და განისაზღვრება მათი აღმასრულებელი უწყებები; გაიზრდება საჯარიმო სანქცია იმ დამსაქმებლებთან მიმართებაში, ვინც უცხოელს დაასაქმებს სპეციალური სამუშაო უფლების მოპოვების გარეშე; დაწესდება საჯარიმო სანქცია თითოეული შრომითი მიგრანტისთვის, რომელიც საქართველოში სპეციალური სამუშაო უფლების გარეშე ეწევა შრომით/სამეწარმეო საქმიანობას.
მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს გაუქმება იგეგმება.
პარლამენტი შესაბამის ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავს.
პროექტის თანახმად, მთავრობამ კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს უფლებამონაცვლე უწყებები უნდა განსაზღვროს.
პირველი ნოემბრიდან, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, საჯარო სამსახურში ერთზე მეტ ანაზღაურებად თანამდებობაზე დასაქმება დაუშვებელი ხდება. ამას ითვალისწინებს საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებების შესახებ საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც დღეს პარლამენტმა პირველი მოსმენით, 81 ხმით მიიღო.
ცვლილებათა პროექტი საჯარო სამსახურის და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონებში შესატან ცვლილებებს მოიცავს და დარღვევის შემთხვევაში სანქციებსაც ითვალისწინებს.
2025 წლის პირველი ნოემბრიდან პირს, რომელსაც ექნება ამგვარი შეუთავსებლობა, არა მხოლოდ თანამდებობის დატოვება მოუწევს, არამედ ორი წლის განმავლობაში აეკრძალება იმავე ან სხვა საჯარო სამსახურში მუშაობა და მოუწევს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დააბრუნოს აღებული ანაზღაურება.
პლენარულ სხდომაზე ცვლილებათა პროექტი პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა წარადგინა.
„საჯარო სამსახურში, მათ შორის საჯარო სამართლის იურიდიულ პირში, გარდა რელიგიური და წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლოს იურიდიული პირებისა, სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო, არაკომერციულ იურიდიულ პირში, ასევე იმ საწარმოში, რომლის აქციათა ან წილის 50 %-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი, აგრეთვე ამ საწარმოს შვილობილ საწარმოში, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება არა აქვს, ასრულებდეს სხვა რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური, შემოქმედებითი და სპორტული საქმიანობისა და საქართველოს თავდაცვის ძალების რეზერვში საქმიანობისა.
საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს იმ საჯარო დაწესებულებებს, დეფიციტურ საქმიანობებს, ფუნქციებს, რომელთა შემსრულებლებსაც ექნებათ შეთავსებით ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულების უფლება შესაბამისი ვადით, ერთჯერადად, არა უმეტეს ერთი წლით გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე, იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ არსებობს დეფიციტური კონკრეტული საქმიანობის სახეები, არსებობს დაწესებულებები, სადაც, საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, არ შეეხოს ცვლილებები. მთავრობას ეძლევა შესაძლებლობა, ეს ჩამონათვალი განსაზღვროს. პროექტი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას კანონით გათვალისწინებული ნორმების დარღვევისთვის. კერძოდ, შეუთავსებლობის არსებობის შემთხვევაში პირი თავისუფლდება ყველა დაკავებული თანამდებობიდან და უფლება არა აქვს, გათავისუფლების დღიდან ორი წლის განმავლობაში მუშაობა დაიწყოს საჯარო სამსახურში. ასევე, ზემოთ აღნიშნულ დაწესებულებებში“, -აღნიშნა მათიკაშვილმა.
ამასთან, მათიკაშვილის თქმით, პირს დაეკისრება კომპენსაცია შესაბამისი დაწესებულებების ბიუჯეტის სასარგებლოდ, დაკავებული თანამდებობის დატოვების ვალდებულების წარმოშობიდან შესაბამისი თანამდებობიდან გათავისუფლების პერიოდისთვის მიღებული შრომის ანაზღაურების ოდენობით.
„თუკი ამ აკრძალვის და დათქმის მიუხედავად, მეორე ან კიდევ დანარჩენ ანაზღაურებად სამსახურში დაკავდა კონკრეტული პირი და ამის შესახებ ინფორმირებული გახდა შესაბამისი უწყება, მას მოუწევს, არა მხოლოდ დატოვოს დაკავებული ორივე ან მეტი თანამდებობა, არამედ ორი წლის განმავლობაში აეკრძალება იმავე ან სხვა საჯარო სამსახურში მუშაობის დაწყება. რაც კი ხელფასის სახით აქვს მიღებული ორი წლის განმავლობაში, მას მოუწევს უკან დაბრუნება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ეს არის პრევენციული სანქცია, რათა კანონის დარღვევა შემდგომში იყოს თავიდან აცილებული. ორმაგი დასაქმების ნაწილში კანონი ამოქმედდება 2025 წლის პირველი ნოემბრიდან. შესაბამისად, პირებს, რომლებსაც ექნებათ ამგვარი შეუთავსებლობა, უფლება აქვთ, კანონის ამოქმედების შემდეგ გააგრძელონ საქმიანობა მხოლოდ ერთ თანამდებობაზე და ვალდებულნი არიან, პირადი განცხადების საფუძველზე შეწყვიტონ ყველა სხვა ანაზღაურებადი საქმიანობა“, – განმარტა დავით მათიკაშვილმა.