სიცრუეა, თითქოს ეს კანონი ამერიკულს ეფუძნება
ვინც ამ კანონს რუსულს უწოდებს, ის უბრალოდ ცრუპენტელაა

სიცრუეა, თითქოს ეს კანონი ამერიკულს ეფუძნება, ჩვენი კანონი არ ეხება არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ან დაფინანსების წყაროებს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტმანეტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა.
“ბევრი პროპაგანდა იყო ამ კანონთან დაკავშირებით, თქვენ ერთი ასეთი სიცრუე ახსენეთ – წარმოდგენა, თითქოს ეს კანონი ჩვენს “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტს” (FARA) ეფუძვნება.
ჩვენი “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი” მოითხოვს ხალხისგან, რომლებიც უცხოეთის მთავრობების აგენტები არიან, რომ ასეთებად დარეგისტრიდნენ. ჩვენი კანონი არ ეხება არასამთავრობო ორგანიზაციების საქიანობას ან დაფინანსების წყაროებს. FARA-სთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები შეგვიძლია მოაგაწოდოთ, თუ გამოგადგებათ.
FARA ძალიან ვიწროა, შექმნილია, რომ მხოლოდ უცხოეთის მთავრობების აგენტებს მოერგოს, რაც ძალიან განსხვავებული რამ არის და ამიტომ ვართ ამის გამო ასე შეშფოთებულები”, – თქვა პრაისმა.
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, USAID-ის ხელმძღვანელი სამანტა პაუერი „ტვიტერის” ანგარიშზე ეხმაურება საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს მიერ ინიციირებულ კანონპროექტს „უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ.
„საქართველოს მიერ შემოთავაზებული უცხოური აგენტების კანონები სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს და ქართველების შესაძლებლობას, განახორციელონ საკუთარი ეკონომიკური, სოციალური და სხვა მისწრაფებები. მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტს, უარი თქვას ამ შემოთავაზებულ კანონებზე”, – წერს სამანტა პაუერი.
ამბობენ, რომ სიტყვა აგენტი ხელს შეუწყობს სტიგმატიზაციას. ამ დროს მათი მოგონილია, საბჭოური მეთოდები არსებობს და დაარქვეს კანონს რუსული კანონი. ვინც ამ კანონს რუსულს უწოდებს, ის უბრალოდ ცრუპენტელაა , – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, დღევანდელ დისკუსიაში, ვისაც ქონდა საშუალება თვალი ედევნებინა, დარწმუნდებოდა, რომ ეს ტყუილი გახდა აბსოლუტურად ცხადი.
„ტყუილზე მეტიცაა, სტიგმატიზაცია არ მოწონთ, ამბობენ, რომ სიტყვა აგენტი ხელს შეუწყობს სტიგმატიზაციას. ამ დროს მათი მოგონილია, საბჭოური მეთოდები არსებობს და დაარქვეს კანონს რუსული კანონი, რაც არა მარტო სიყალბე, სიცრუე და ტყუილია, ეს არის უხეშ ტერმინს გამოვიყენებ, ჩვეულებრივი ცრუპენტელობა. ვინც ამ კანონს რუსულ კანონს უწოდებს, ის არის უბრალოდ, ცრუპენტელა, არამარტო მატყუარა.
მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, საქართველოში ხომ ჩამოყავთ ამერიკული მანქანები და ჩამოიყვანეს „ფორდი“, ან „კრაისლერი“ და გიმტკიცებენ, რომ ეს არის „მოსკვიჩი“, ან „ჟიგული“. ამ დონის ცრუპენტელობასთან გვაქვს საქმე, რა შეიძლება ამას დაარქვა?
არის ორი კანონი, ერთი არის ამერიკული კანონის ზუსტი ასლი და დღეს ამაზეც კი ამტკიცებდნენ, რომ ესეც რუსულიაო, ამერიკულის ასლია, ერთადერთი, აშშ – საქართველოთია ჩანაცვლებული. დღეს იმ დისკუსიიდან პირდაპირ გამოჩნდა, რომ სტიგმატიზაციის მცდელობა – რუსული კანონი და ა.შ. არის ცარიელი სიყალბე და სირცხვილი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება მეორე – ქართულ კანონპროექტს, ირაკლი კობახიძის თქმით, ეს არის გაფილტრული, გაკეთილშობილებული ვარიანტი.
„ამერიკული ვარიანტი არის ძალიან უხეში, კატასტროფული კანონია, პირდაპირ ვამბობ ამას, მეორე დოკუმენტი, რომელსაც ფორმალურად ვუჭერთ მხარს ჩვენი პოლიტიკური პარტია. რაც შეეხება ქართულ ვარიანტს, ეს არის ბოლომდე დაწმენდილი, გაფილტრული, მოყვანილი შესაბამისობაში ადამიანის უფლებებთან. ამასაც უწოდებენ რუსულ კანონს. ანუ, ამერიკულს უწოდებენ რუსულ კანონს და ქართულ კანონს, რომელიც არის ამერიკულის გაკეთილშობილებული ვარიანტი, ამას უწოდებენ კიდევ უფრო რუსულ კანონს თუ პირიქით, აღარც მახსოვს. ეს არის უმძიმესი სიცრუე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტებმა გაერთიანებულ სხდომაზე პროტესტის ფონზე მხარი დაუჭირეს მმართველი პარტიიდან “სიმართლის სათქმელად” გამოყოფილი დეპუტატების მოძრაობა “ხალხის ძალის” მიერ ინიციირებულ კანონპროექტებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ.“ კანონპროექტებს შემდეგი იურიდიული კომიტეტი განიხილავს.