მნიშვნელოვანისიახლეები

სიცრუეა თითქოს წერეთლის გამზირზე არ მუშაობს სანიაღვრე სისტემა ეს არის ძალიან დიდი ტყუილი- რობოტი რომელიც ათვალიერებს სანიაღვრე სისტემებს დადგინდა რომ არანაირი პრობლემა არ არსებობს-კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე გუშინ, ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილ წერეთლის გამზირზე ირწმუნება, რომ სანიაღვრე სისტემა “გამართულად მუშაობს”.

კალაძის მტკიცებით, გამზირი სპეციალური მოწყობილობით – რობოტით დაათვალიერეს და ” არსად არანაირი პრობლემა არ არსებობს”.

თბილისის მერი ინფორმაციას იმაზე, რომ სანიაღვრე სისტემები არ მუშაობს, “სპეკულაციას და სიცრუის კამპანიას” უწოდებს.

„ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. მინდა, საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდებოდა წერეთლის გამზირზე და იმ კონკრეტულ ქუჩაზე, სადაც იყო შეტბორვა, რამ გამოიწვია ეს ყველაფერი. სეტყვის შედეგად ჩამოყრილი იყო ტოტები, ფოთლები, წყალს გვერდით ქუჩებიდან ჩამოტანილი ჰქონდა სხვადასხვა ნივთი, მაგალითად, იყო ავტომობილის ბამპერი, რომლითაც ფაქტობრივად ჩაკეტილი იყო წყლის მიმღები სისტემა, გადავსებული იყო სანიაღვრე ცხაურები.

სპეციალური მოწყობილობით – რობოტით, რომელიც შევიძინეთ და რომელიც ათვალიერებს სანიაღვრე სისტემებს, დათვალიერებულ იქნა წერეთლის გამზირი და არსად არანაირი პრობლემა არ არსებობს, სანიაღვრე სისტემა ნალექს უპრობლემოდ ატარებს”, – თქვა კალაძემ.
“რამდენიმედღიანმა ძლიერმა წვიმამ და უამინდობამ თბილისის ზოგიერთ რაიონში დააზიანა გზები, დამჭერი კედლები, სხვადასხვა სახის პრობლემა შეუქმნა მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს. პროცესში ჩართულია ყველა რაიონული გამგეობა, ჩვენი თანამშრომლებიც ყველგან მივიდნენ, სადაც პრობლემები გამოიკვეთა. დაფიქსირდა ხის წაქცევის შემთხვევები. ამჟამადაც მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები სხვადასხვა რაიონში.

მინდა, მოსახლეობამ იცოდეს: ყველგან მივალთ. არ დარჩება არც ერთი პრობლემური ადგილი, სადაც ჩვენი თანამშრომლები არ მივლენ და შესაბამის რეაგირებას არ მოახდენენ. ყველა რაიონს, უბანს, ოჯახს გვერდით დავუდგებით და ხელს შევუწყობთ იმ პრობლემების აღმოფხვრაში, რაც უხვმა ნალექმა შეუქმნა. არც ერთი ადამიანი უყურადღებოდ არ დარჩება“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მიმდინარეობს მდინარე ვერეს კალაპოტის გაწმენდის სამუშაოებიც.
გუშინ ძლიერი წვიმის შედეგად თბილისის ქუჩები დაიტბორა, მათ შორის წერეთლის გამზირი, რომლის რეაბილიტაციაც რამდენიმე თვის წინ დასრულდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button