სკანდალებით ცნობილი მაღალჩინოსანი კახეთიდან იმერეთში გადაიყვანეს
სკანდალებით ცნობილი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამსახურის უფროსი, სხვა რეგიონში გადაიყვანეს. ბესიკ შუბითიძე იმერეთის რეგიონულ დეპარტამენტს უხელმძღვანელებს.
გარემოსდაცვითი დეპარტამენტის კახეთის რეგიონის სამმართველოს უფროსად, დავით ჯიღაური დაინიშნა, რომელიც მანამდე, სამეგრელო – ზემო სვანეთში მუშაობდა.
რადიო ჰერეთის ინფორმაციით, რეგიონული სამსახურების ხელმძღვანელების ცვლილებები რეგიონებში როტაციის პრინციპით განხორციელდა.
ბესიკ შუბითიძის კახეთში მუშაობა, სახელმწიფოს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დაკისრებულ 10 ათას ევროდ დაუჯდა. 2019 წლის მარტში, სამმართველოს უფროსს გურჯაანში მცხოვრებ ორ მოქალაქესთან, დაპირისპირება მოუხდა, რა დროსაც ის, სანადირო თოფიდან გასროლით, მსუბუქად დაიჭრა.
იმ დროისათვის გავრცელებული ინფორმაციით, მას შეიარაღებული დაპირისპირება ბრაკონიერებთან მოუხდა.
მოგვიანებით გაირკვა, რომ დაპირისპირების დროს, თავად შუბითიძემ, სამსახურებრივი იარაღიდან 10 გასროლა განახორციელა და ერთ- ერთ დაკავებულს 5 ჭრილობა ზურგის არეში მიაყენა.
პოლიციამ მომხდარ ფაქტზე, ორი პირი თორნიკე ტურიაშვილი და უჩა ილაშვილი დააკავა, რომელთაგან ერთ- ერთი ამტკიცებდა, რომ დაკავებისას პოლიციაში სცემეს.
საქართველოში საქმის დასრულების შემდეგ, უჩა ილაშვილმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა.
სასამართლომ, დაკავებისას მისი პოლიციაში ცემის ფაქტი დადასტურებულად მიიჩნია, სახელმწიფოს 10 ათასი ევრო დააკისრა და მოსარჩელის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის რეკომენდაცია გასცა.
ბესიკ შუბითიძის გვარი ფიგურირებდა ასევე, სწრაფი რეაგირების და პატრულირების განყოფილების უფროსის, ზაქარია ქინქლაძის დაკავების საქმეშიც.
ავტორი,
ხათუნა გულიაშვილი