მნიშვნელოვანისიახლეები

2024 წლიდან პირველკლასში შესვლას ის ბავშვები შეძლებენ რომლებსაც 6 წელი 1-ელ დეკემბრამდე უსრულდებათ

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 8 საკითხი განიხილეს.

განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოს კანონის პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.
2024-2025 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1-ელ დეკემბრამდე შეუსრულდებათ.

გადაწყვეტილების მიხედვით, ბავშვის მზაობისა და მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, 2024-2025 სასწავლო წლის დაწყების მომდევნო დღიდან 1 დეკემბრამდე დაბადებულ პირებს უფლება ექნებათ, გააკეთონ არჩევანი − გააგრძელონ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიღება სასკოლო მზაობის პროგრამაში ჩართვით ან დარეგისტრირდნენ პირველ კლასელებად. აღნიშნული მსგავსად გავრცელდება 2025-2026 სასწავლო წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებზე.

„მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განვიხილეთ სკოლაში შესვლის ასაკთან დაკავშირებული საკითხი. იცით, საზოგადოებაში დიდი ინტერესია, მათ შორის მშობელთა ძალიან დიდი მომართვიანობაა ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენ ამ საკითხის ცვლილება დავიწყეთ ორი წლის წინ და ყოველწლიურად ერთი თვით ვწევდით ვადას, რა ვადამდეც შესაძლებელია ბავშვების სკოლაში შეყვანა. ცვლილება შეხება 2024 წლის სასწავლო წელს. სკოლაში შესვლა შეეძლება ყველა ბავშვს, ვისაც ექვსი წელი შეუსრულდება პირველ დეკემბრამდე. ამავდროულად, კანონში ვწერთ, რომ უკვე წინასწარ განჭვრეტადი იყოს ცვლილებაც, რომლის მიხედვითაც, 2025-2026 სასწავლო წელში, 31 დეკემბრის ჩათვლით ვისაც შეუსრულდება ექვსი წელი, ყველას შეეძლება, შევიდეს სკოლაში.

ეს ცვლილება, გადაწყვეტილება, შესაძლებლობა არის ნებაყოფლობითი. შესაბამისად, თუ მშობელი, ოჯახის წევრი ან მეურვე მიიჩნევს, რომ ბავშვი იმ ასაკში არ არის სკოლისთვის მზად, ბუნებრივია, ბაღებში რჩება ვალდებულება და მას შეუძლია, ბავშვი დატოვოს ბაღში და ერთი წლის შემდეგ მიიყვანოს სკოლაში“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

შეგახსენებთ 2023-2024 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირება შეეძლოთ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 1-ელ ნოემბრამდე უსრულდებათ.
როგორც მთავრობის სხდომაზე აღინიშნა, გადაწყვეტილების საფუძველი გახდა მოქალაქეთა არაერთი განცხადება, რომლებიც ითხოვენ საქართველოში დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკის მარეგულირებელი ნორმის გადახედვას.

ამილახვარის თქმით 2024-2025 სასწავლო წელს პირველკლასელი დამატებით, დაახლოებით 5 ათასი ბავშვი გახდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button