მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

სკოლები ახალ სასწავლო წელს სიახლეებით ხვდება

რა სიახლეებით ხვდება სკოლები ახალ სასწავლო წელს – განათლების სამინისტროს ცნობით, საგანმანათლებლო პროცესი 15 სექტემბერს განახლდება, პირველ დღეს ყველა საჯარო სკოლაში საქართველოს ჰიმნი გაჟღერდება და დროშა აღიმართება.

2022-2023 სასწავლო წლიდან საჯარო სკოლებში ახალი საგანმანათლებლო პროექტის „სამხედრო საქმის“ პილოტირება იწყება, რომელშიც მაღალმთიანი რეგიონების 18 სკოლის საბაზო საფეხურის (VII-IX კლასის) 300-ზე მეტი მოსწავლე ჩაერთვება. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს კვირაში ერთხელ გაკვეთილს სპეციალურად გადამზადებული მოქმედი სამხედრო ოფიცრები ჩაუტარებენ.

გარდა ამისა, უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფართოვდება საგანმანათლებლო პროექტის „თავდაცვა და უსაფრთხოება“ მასშტაბები.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით, 2022-2023 სასწავლო წლიდან საჯარო სკოლებში ახალი საგანმანათლებლო პროექტის „სამხედრო საქმის“ პილოტირება იწყება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს პარტნიორობით, პროექტის პილოტირების პროცესში დამატებით 18 ბენეფიციარი ჩაერთო და გადამზადდა როგორც 12 ყოფილი სამხედრო მომსახურე, ასევე, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის 6 ინსტრუქტორი. გადამზადებული პირები სკოლის მოსწავლეებს არჩევითი კურსის – „თავდაცვა და უსაფრთხოება“ ფარგლებში აუმაღლებენ ცოდნას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: სამოქალაქო უსაფრთხოება, შესაძლო საფრთხეების წყაროები, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზა, პირველადი დახმარების მეთოდები, საქართველოს თავდაცვის სისტემა და თავდაცვის ძალების საქმიანობა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყებაში აცხადებენ, რომ ახალ სასწავლო წელს სკოლები მნიშვნელოვანი სიახლეებით ხვდებიან.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით, 2022-2023 სასწავლო წლიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში „საქართველოს ისტორია“ დამოუკიდებელ საგნად შეისწავლება. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს, მათივე ცნობით, ამ მიზნით, ისტორიკოსებით დაკომპლექტებული ჯგუფის მიერ გადაიხედა საშუალო საფეხურის საქართველოს ისტორიის სტანდარტი და განხორციელდა ახალი სახელმძღვანელოს გრიფირება.

„შედეგად, ახალგაზრდები საშუალო საფეხურზე საქართველოს ქვეყნის ისტორიას უძველესი დროიდან დღემდე უწყვეტად, სიღრმისეულად შეისწავლიან“, – აცხადებენ უწყებაში.

მათივე ცნობით, ახალი სასწავლო წლიდან მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, მოსწავლეები ჭადრაკს პირველ კლასში სავალდებულო საგნად შეისწავლიან.

„ზაფხულის განმავლობაში, სამინისტროსა და ჭადრაკის ფედერაციის თანამშრომლობით, ჭადრაკის საერთაშორისო დიდოსტატებითა და ოსტატებით დაკომპლექტებულმა ტრენერთა ჯგუფმა გადაამზადა 4000 პედაგოგი. ამასთან, მომზადდა შესაბამისი სასწავლო რესურსი, რომელიც სასკოლო ბუკებში ჩაიტვირთება“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
2022-2023 სასწავლო წლიდან ყველა სკოლის II-VI კლასების მოსწავლეებისთვის კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლება სავალდებულო ხდება. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაწყებითი კლასებიდანვე შეისწავლება პროგრამირების ელემენტები, რაც მათივე ცნობით, უზრუნველყოფს მოსწავლეებში ალგორითმული აზროვნებისა და ტექნოლოგიური უნარების განვითარებასა და გაძლიერებას.

ამასთან, განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში არსებული რესურსების გათვალისწინებით, მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება STEAM კლუბები, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები სხვადასხვა ტექნოლოგიურ პროექტს შექმნიან და ექნებათ შესაძლებლობა სასკოლო პროექტები STEAM კონფერენციაზე წარმოადგინონ.

გარდა ამისა, მათივე ცნობით, 2022-2023 სასწავლო წლიდან პირველად თბილისის, რუსთავის, ქუთაისისა და ბათუმის 50 სკოლის V-VI კლასების 4000-მდე მოსწავლე საპილოტე რეჟიმში მაკმილანის მათემატიკის ბილინგვური სახელმძღვანელოებით ისწავლის, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეების სააზროვნო უნარების განვითარებას და დაეხმარება მათ პრაქტიკაში ინგლისური ენის გამოყენებაში.

„საპილოტე პროგრამის ფარგლებში ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე თავად მაკმილანის წარმომადგენლების მიერ შემუშავებული გადამზადების კურსი 60-ზე მეტმა ინგლისურის მცოდნე მათემატიკის მასწავლებელმა გაიარა. მატერიალური სახელმძღვანელოს გარდა, პროექტი მოიცავს სასწავლო პროცესში სწავლების მართვის სისტემის ინტეგრირებას, რაც მისცემს საშუალებას მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, ელექტრონულად მართონ საკუთარი ანგარიშები და თვალი ადევნონ პროგრესს.

ეროვნულ სასწავლო გეგმაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საშუალო საფეხურს დაემატა სავალდებულო პროექტებით სწავლება სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში, მუსიკასა და სამოქალაქო განათლებაში. აღნიშნული მიდგომა მოსწავლეებში შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას შეუწყობს ხელს. პროექტის შერჩევა მოსწავლეებთან შეთანხმებით, მათი ინტერესების გათვალისწინებით მოხდება და მისი განხორციელება შესაძლებელი იქნება, როგორც ინდივიდუალურად, ასევე, ჯგუფურად“, – აცხადებენ უწყებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button