მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

გენშტაბის ინფორმაციით შეიარაღებული ძალების არტილერიამ და ავიაციამ რუსების 11 კონცენტრირებულ ზონას დაარტყა

უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა გრძელდება

უკრაინაში წინა დღეებში განხორციელებული მასშტაბური რუსული სამხედრო იერიშის შემდეგ, შედარებით მშვიდი იყო ბოლო 12 საათი, თუმცა აფეთქებების ხმა რამდენიმე ოლქში მაინც ისმოდა. გვიან ღამით აფეთქება მოხდა ხერსონში, მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენას ურჩევენ, თუმცა ოლქში საჰაერო განგაში არ გამოცხადებულა.
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, შეიარაღებული ძალების არტილერიამ და ავიაციამ რუსების 11 კონცენტრირებულ ზონას დაარტყა, შეტევისას გაანადგურეს ოკუპანტების 2 სამხედრო საწყობი და 1 საკომუნიკაციო სადგური.

ევროკავშირმა უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესაძენად 1 მილიარდი ევროს გამოყოფა დაამტკიცა. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.
თანხა “მშვიდობის ევროპული ფონდიდან” გამოიყოფა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის 155 მმ საარტილერიო ჭურვებისა და საჭიროების შემთხვევაში, რაკეტების შესაძენად. მათი შეკვეთა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და ნორვეგიაში მდებარე მწარმოებლებისგან მოხდება, თუმცა კომპონენტების შეძენა სხვა ქვეყნებშიც იქნება შესაძლებელი.
“უკრაინის შეიარაღებულ ძალებს საბრძოლო მასალის მნიშვნელოვანი რაოდენობა სჭირდებათ უკრაინელი ხალხისა და ტერიტორიის დასაცავად. სწრაფად სჭირდებათ. წინა გადაწყვეტილებასთან ერთად, რომ არსებული მარაგებიდან ოპერატიულად მივაწოდოთ საბრძოლო მასალა, ამ მიზნებისთვის 2 მილიარდ ევროს გამოვყოფთ, რითაც უკრაინისთვის ევროკავშირის მთლიანი სამხედრო დახმარება 5.6 მილიარდ ევრომდე აგვყავს,” – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა.
აღინიშნება, რომ ამ თანხით მოხდება იმ კონტრაქტების დაფინანსება, რომლებიც არაუგვიანეს 2023 წლის 30 სექტემბერს დაიდება.

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას გააგრძელებს – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინელებმა თითქმის ყველაფერი მიიღეს, რაც კონტრშეტევისთვის ითხოვეს. როგორც ჯონ კირბი აღნიშნავს, მათ უკრაინის დასახმარებლად ყველაფერი გააკეთეს რაც შეეძლოთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უკრაინისადმი მხარდაჭერა აღარ გაგრძელდება.
მან კომენტარი გააკეთა ომში მყოფი ქვეყნის კონტრიერიშებზეც და აღნიშნა, რომ ეს პრეზიდენტი ზელენსკის გადასაწყვეტია.
“უკრაინელებმა შეძლეს ბოლო 48-72 საათის განმავლობაში მათ წინააღმდეგ ნასროლი ფრთოსანი რაკეტების უმეტესი ნაწილის ჩამოგდება საჰაერო თავდაცვის სისტემების წყალობით, რომლებიც მათ არა მხოლოდ შეერთებულმა შტატებმა, არამედ მისმა მოკავშირეებმა და პარტნიორებმა მიაწოდეს. ასე რომ ჩვენ ვაგრძელებთ ამაზე ფოკუსირებას. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ შევჩერდებით, ეს არ ნიშნავს რომ დავასრულეთ. თქვენ ნახავთ შეერთებული შტატების მხარდაჭერას. რაც შეეხება ნებისმიერი სახის კონტრშეტევის განხორციელებას, ეს პრეზიდენტი ზელენსკის გადასაწყვეტია,” – განაცხადა ჯონ კირბიმ.

დანიისა და გერმანიის მიერ გაგზავნილი Leopard 1-ის ტანკები უკრაინაში 1-ელი ივნისისთვის იქნება. როგორც დანიის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ტროელს ლუნდ პულსენსმა განაცხადა, საერთო ჯამში დანია და გერმანი უკრაინაში 80 Leopard 1-ის ტანკს გაგზავნიან.

28 აპრილს უკრაინულმა სატანკო ეკიპაჟებმა Leopard 1-ის ტანკებზე ვარჯიში უკვე დაიწყეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button