სკოლის გამოსაშვები გამოცდები გაუქმდა
პარლამენტმა სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების შესახებ მთავრობის საკანანმდებლო ინიციატივა დაამტკიცა. ,,ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე 80 ხმით, მესამე მოსმენით მიიღეს. გამოცდების გაუქმების წინააღმდეგ, ხმა 8 დეპუტატმა მისცა.
საკანონმდებლო ინიციატივა სხდომაზე განმეორებით იყო გატანილი, რადგან 5 აპრილის სხდომაზე, მას დამტკიცებისთვის ხმები არ ეყო და კენჭისყრის შედეგად ჩავარდა.
დღეს მიღებული საკანონმდებლო ინიციატივის შედეგად, “ზოგადი განათლების შესახებ“ კანონს გარდამავალი დებულებების სახით დაემატება ნორმა, რომლის თანახმად, იმ პირების სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩაბარების ვალდებულებისაგან გათავისუფლება ხდება, რომლებმაც სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ მოიპოვეს. უფრო კონკრეტულად, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ სახელმწიფო დოკუმენტს – ატესტატს მიიღებენ ის პირები, რომლებმაც 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე ზოგადი განათლების საშუალო საფეხური დაძლიეს, მაგრამ სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში მონაწილეობა არ მიუღიათ. აგრეთვე, ატესტატი გაიცემა პირებზეც, რომლებმაც სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში მონაწილეობა მიიღეს, მაგრამ ატესტატის მოპოვებისათვის საჭირო საგნებში დადებითი შეფასება ვერ დააგროვეს.
გამოსაშვები გამოცდების წელსვე გაუქმების საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ განათლების სისტემის ახალი მოდელის პრეზენტაციაზე ინფორმაცია გაავრცელა, რომ 2020 წლიდან სკოლის გამოსაშვები გამოცდები მოიხსნებოდა, ხოლო ძირითადი ცვლილებების განხორციელებამდე, 2019 წელს, მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის გაუქმდებოდა გამოსაშვები გამოცდები. ამან პროტესტი გამოიწვია მე-12 კლასის მოსწავლეებში, მათ აქციები გამართეს, სადაც აღნიშნავდნენ, რომ გამოცდები მე-12 კლასელებისთვისაც უნდა გაუქმებულიყო.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, გამოსაშვები გამოცდების ზღვარი 2018 წელს, 2 410-მა მოსწავლემ ვერ გადალახა. მათგან 1983, მე-12 კლასელი იყო.
საქართველოს სკოლებში, საატესტატო გამოცდები 2011 წლიდან ტარდებოდა.