სოხუმის აეროპორტს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელის შვილი აღადგენს

დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტის ასლან ბჟანიას მონაწილეობით 27 ოქტომბერს, ოკუპირებული აფხაზეთის მთავრობამ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას სოხუმის აეროპორტის ყოვლისმომცველი რეკონსტრუქციის შესახებ შპს „ინფრასტრუქტურის დეველოპმენტთან“.
როგორც ekhokavkaza წერს, ხელშეკრულება გაფორმდა ე.წ. მთავრობასა და შპს “ინფრასტრუქტურის დეველოპმენტს” შორის კომპანიის ხელმძღვანელი და მფლობელი რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელის, ახლა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პირველი მოადგილის, რაშიდ ნურგალიევის ერთ-ერთი ვაჟი, რაშიდ რაშიდოვიჩ ნურგალიევია.
როგორც საინფორმაციო სააგენტო Apsnypress-ი წერს, შეთანხმების ფარგლებში, აღდგება აეროდრომი, განახლდება 3100 მეტრი სიგრძისა და 45 მეტრი სიგანის ასაფრენი ბილიკი, რაც შესაძლებელს გახდის თანამედროვე რუსული და უცხოური წარმოების თვითმფრინავების მიღებას.
ასევე, აშენდება ახალი სამგზავრო ტერმინალი და გარემონტდება ისტორიული აეროპორტის შენობა. ისტორიული ტერმინალის შენობაში ოფიციალური პირებისა და დელეგაციების მომსახურება იგეგმება. ე.წ. მთავრობის პრესსამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალი აეროპორტის კომპლექსის გამტარუნარიანობა იქნება 1300 მგზავრი საათში.
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO) არ ცნობს სოხუმის აეროპორტს საერთაშორისო აეროპორტად, ვინაიდან აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ICAO-მ 2006 წლიდან გააუქმა აეროპორტის კოდი და დოკუმენტებიდან ამოიღო ინფორმაცია მის შესახებ.