სოხუმშის ცენტრში, თავი ბადრაკ ავიძბამ აიფეთქა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრი ასლან კობახია უარყოფს მედიაში გავრცლებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ტერორისტი რომელმაც სოხუმში, ტელევიზიის ტერიტორიაზე თავი აიფეთქა უკრაინის მოქალაქე ალეკსეი ტოროსენკოა.
აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს განცხადებით, ქალაქის ცენტრში თავი ბადრაკ ავიძბამ აიფეთქა, რომელიც ერთერთ პოლიტიკოსზე თავდასხმას გეგმავდა.
„მედიასაშუალებებმა ნებისმიერი რამე შეიძლება დაწერონ, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ასეთი ცნობა. ეს ინფორმაცია თითიდან გამოწოვილია“ – განაცხადა ასლან კობახიამ. მან მედიასაშუალებებს მოუწოდა, რომ მხოლოდ ოფიციალურ ინფორმაციებს დაეყრდნონ და არა „ანონიმშიკებს“.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივნის მუჰამედ კილბას თქმით, მამაკაცის სახელი და გვარია ბადრაკ ავიძბა და ის პოლიტიკოსზე თავდასხმისთვის ემზადებოდა, თუმცა გავრცელებულ ინფორმაციაში არაფერია ნათქვამი, კონკრეტულად რომელი ქვეყნის მოქალაქე იყო აღნიშნული პიროვნება:
„ის ჩამოვიდა კონკრეტული მიზნით, რომ კონკრეტულ პოლიტიკოსზე თავდასხმა განეხორციელებინა“ – განაცხადა კილბამ.
მუჰამედ კილბამ აღნიშნა, რომ უფრო მეტი ინფორმაცია ხელმისაწვდომი რამდენიმე დღეში გახდება.
„ეს ადამიანი აფხაზეთში მეორედ იმყოფებოდა. პირველად ის იყო ზაფხულში, გარკვეული პერიოდი. მეორედ ის 2 ოქტომბერს ჩამოვიდა და მას შემდეგ აქ იმყოფებოდა. მისი პიროვნება დადგენილია, დგინდება მისი აქაური კავშირები, პირველ ჯერზე ის ჩამოვიდა ერთ მამაკაცთან ერთად, რომელიც ან ყრუ-მუნჯი იყო, ან თავს ამად ასაღებდა. ყველა კავშირები და კონტაქტები, რომელიც მას აქ ქონდა დგინდება, საინტერესოა მისი კონტაქტები რუსეთშიც. ამ ნაწილის დადგენაზე ჩვენი რუსი კოლეგები გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობენ, რადგან აღნიშნულ საქმიანობას ის შესაძლოა რუსეთშიც ეწეოდა“ – განაცხადა კილბამ.
სოხუმის ცენტრში მამაკაცმა თავი გუშინ დილით აიფეთქა.