გამოიყენებს თუ არა უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთი ბირთვულ დარტყმას-უკრაინაში ომის 241-ე დღე

თუ რუსეთი ბირთვულ დარტყმას მიიტანს უკრაინის პრეზიდენტის ოფისზე, ამას მსოფლიომ რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებების მიღების ცენტრზე დარტყმით უნდა უპასუხოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კანადურ ტელეარხებთან ინტერვიუში განაცხადა.
ზელენსკის თქმით, მნიშვნელობა არ აქვს უკრაინა ნატო-ს წევრი ქვეყანაა თუ არა, რადგან არავის არ აქვს ტერორისტივით შანტაჟის უფლება.
“ჩვენ მუდმივად გვესმის მოწოდებები, რომ რუსეთმა დარტყმა უნდა მიიტანოს [უკრაინის] გადაწყვეტილებების მიღების ცენტრებზე. როგორ უნდა უპასუხოს მსოფლიომ? მნიშვნელობა არ აქვს უკრაინა ნატო-ს ქვეყანაა თუ არ არის ნატო-ში. ეს დღეს ევროპულ კონტინენტზე ხდება. არავის არ აქვს უბრალოდ ტერორისტივით შანტაჟის უფლება. თუ ისმის მესიჯი, რომ დარტყმა იქნება გადაწყვეტილებების მიღების ცენტრზე, მაშინ მსოფლიოს პასუხი შემდეგი უნდა იყოს: ნახე, შენ თუ ბანკოვის ქუჩას დაარტყამ, მაშინ დარტყმა იქნება იქ, სადაც შენ იმყოფები. დარტყმა იქნება იმაზე, ვინც ხალხის ხოცვის დავალებას იძლევა”, – განაცხადა ზელენსკიმ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ბევრი შეიძლება ჰუმანიზმზე საუბარი, თუმცა უკრაინა ისეთ ვითარებასა და ისეთ მეზობელთან არის, “რომელსაც ძალის მეტი არაფერი არ ესმის”. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსულმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ მათი პრეზიდენტი უკრაინის მოქალაქეებს კლავს.
გარდა ამისა, ზელენსკი ამბობს, რომ რუსეთი მსოფლიოსგან იზოლირდება, თუ ქვეყნის მოსახლეობა პუტინზე ზეწოლას არ განახორციელებს, – “ფულს ვერ იშოვით, ბიზნესს ვერ იქონიებთ ევროპასთან, კანადასთან, შეერთებულ შტატებთან თუ თქვენ მხარს უჭერთ ტერორისტ ხელისუფლებას”
“თუ თქვენ ზეწოლას არ იქონიებთ თქვენს პრეზიდენტზე, ასეთ შემთხვევაში მსოფლიო თქვენგან იზოლირდება. მსოფლიო თქვენთან არ ილაპარაკებს, ვინაიდან თქვენ მუქარის ენაზე ლაპარაკობთ. საზღვარგარეთ არ დაისვენებთ, ფულს ვერ იშოვით, ბიზნესს ვერ იქონიებთ ევროპასთან, კანადასთან, შეერთებულ შტატებთან. თქვენ მხარს უჭერთ ტერორისტ ხელისუფლებას”, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.