სოლიდარობა სომეხ ხალხს – აქცია თბილისში
დღეს თბილისში სომეხი ხალხის მხარდასაჭერი აქცია გაიმართება – ამის შესახებ სოციალურ ქსელებში კამპანია დაიწყო.
“ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ სომეხ მოქალაქეებს, აქციის დროს დაშავებულებსა და დაკავებულებს. დაუშვებლად მიგვაჩნია მშვიდობიანი აქციის ძალადობრივი დარბევა პოლიციის მხრიდან, ისეთი სამართლიანი და ლეგიტიმური მოთხოვნისათვის, როგორიცაა ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდის გადაწყვეტილების გაუქმება.სახელმწიფომ განახორციელა როგორც ეკონომიკური (ტარიფის ზრდა), ასევე სოციალური (დარბევა) ჩაგვრა. მიუხედავად ამისა, მოქალაქეები კვლავ აგრძელებენ თავისი სოციალური ინტერესებისთვის ბრძოლას. პროტესტი გრძელდება და მოგიწოდებთ საჯაროდ გამოვხატოთ სოლიდარობა სომეხი მოქალაქეების მიმართ, ამიტომ გთხოვთ, მოხვიდეთ ხვალ, 24 ივნისს, გია ტეტელაშვილის N 4-ში, (მარჯანიშვილის მეტროსთან ახლოს) სომხეთის საელჩოსთან.” – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება.
უკვე მეხუთე დღეა, ერევანში რამდენიმე ათასი ადამიანი ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდის გადაწყვეტილებას აპროტესტებს. 23 ივნისს აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს ბაგრამიანის გამზირი, სადაც სომხეთის პრეზიდენტის, სერჟ სარქისიანის რეზიდენცია მდებარეობს.ელექტროენერგიის ტარიფების ზრდის წინააღმდეგ აქცია 19 ივნისს დაიწყო. სომხეთის საზოგადოებრივი მომსახურების რეგულირების სახელმწიფო კომისია ერთი კილოვატი ელექტროენერგიის ფასის 6,93 დრამით გაზრდას აპირებს.