სოლიდარობის ნიშნად თელავში უკრაინის დროშები გამოფინეს

დღეს უკრაინაში გამართულ ერთიანობის მარშს თელავში სოლიდარობა გამოუცხადეს.
დემოკრატიული სკოლის შენობაზე უკრაინის დროშა გამოფინეს, რითაც მხარდაჭერა რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლი უკრაინელი ხალხის მიმართ კიდევ ერთხელ დაადასტურეს.
დემოკრატიული სკოლების კურსდამთავრებულთა ასოციაციამ, 15თებერვალს განცხადებაც გაავრცელა, სადაც რუსული აგრესიის წინააღმდეგ, უკრაინისა და საქართველოს მოსახლეობის ერთობლივ ძალისხმევაზეც იყო გაცხადებული.
სოლიდარობის გზავნილი თელავიდან, უკრაინას 2 თებერვალსაც გაუგზავნეს, როცა მოქალაქეებმა საქართველოს დროშას
მხარდამჭერი წარწერები გაუკეთეს და ქართველმა აქტივისტებმა ის, უკრაინაში ჩაიტანეს.
ერთიანობის დღედ, 16 თებერვალი, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ, ორი დღის წინ გამოაცხადა.
ცოტა ხნის წინ, უკრაინელები კიევში, ოლიმპიურ კომპლექსში შეიკრიბნენ და უკრაინის დროშა გაშალეს.
დღესვე ჩატარდება ტელემარათონი, რომლის ფარგლებშიც ყველა უკრაინული არხი მხოლოდ ერთიანობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებს გააშუქებს.
დასავლური პრესა ავრცელებდა ინფორმაციას, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან 130 ათასამდე ჯარისკაცს და სამხედრო ტექნიკას მოუყარა თავი და 16 თებერვალს ქვეყანაში შეჭრას გეგმავდა.
რუსეთის ფედერაცია ამტკიცებს, რომ არ აპირებს უკრაინაში შეჭრას, მაგრამ ამავდროულად, უკრაინისა და საქართველოსათვის ნატოს წევრობაზე უარის თქმას ითხოვს.