რეგიონისაქართველოსიახლეები

სომეხთა გენოციდის 105–ე წლისთავი ახალციხეში

საგანგებო მდგომარეობის და ე.წ. კომენდანტის საათის გამო, ახალციხეში სომეხთა გენოციდის 105–ე წლისთავთან დაკავშირებით, მსვლელობა არ გამართულა. ეთნიკურად სომეხმა მოსახლეობამ, გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის ნიშნად, სანთლები სახლის ფანჯრებთან აანთო.

დღეს, 24 აპრილს სომეხთა გენოციდიდან 105 წელი გავიდა, ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის გამო, სამზე მეტი პირის თავშეყრა აკრძალულია, ამიტომ ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა ამ დღეს სახლში აღნიშნავს.

ახალციხეში სომეხთა გენოციდს მსვლელობით 1987 წლიდან აღნიშნავენ. ადგილობრივები შეძახილით, „აღიარე“ თურქეთსა და მსოფლიოს 1915 წელს ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა მასობრივი გენოციდის აღიარებისაკენ მოუწოდებენ. 23 აპრილის ღამეს ეკლესიაში წირვის დასრულების შემდეგ, ადგილობრივები ანთებული ჩირაღდნებით მარდის დასახლებაში, გარდაცვლილთა ხსოვნის მემორიალთან მიდიან. მეორე დღეს კი, იგივე გზას დროშებით და ყვავილებით გადიან.

სომხების მასობრივი დეპორტაციის დაწყების თარიღად 1915 წლის 24 აპრილი ითვლება, როდესაც ხელისუფლებამ 250–მდე სომეხი ინტელექტუალი და თემის ლიდერი ჯერ დააპატიმრა, შემდეგ კი, სიკვდილით დასაჯა. სომხები, რომლებიც ოსმალთა იმპერიის არმიაში მსახურობდნენ, განაიარაღეს და მოკლეს, კონფისკაცია გაუკეთეს სომხების ქონებასაც. ეს პროცესი 1918 წლის სექტემბრამდე გაგრძელდა. სამი წლის განმავლობაში 1,5 მილიონზე მეტი სომეხი ეროვნების მოქალაქე დაიღუპა.

2015 წლის მონაცემებით, 1915 წლის მოვლენებს გენოციდად 28 ქვეყნის მთავრობა აღიარებს, მათ შორის, არგენტინა, ბელგია, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, რუსეთი და ურუგვაი (პირველი ქვეყანა, რომელმაც 1965 წელს აღიარა). 1915 წელს რომის პაპმა ფრანცისკე პირველმა მოვლენას „XX საუკუნის პირველი გენოციდი“ უწოდა. გენოციდი ასევე აღიარა ევროპარლამენტმა.

თურქული მხარე აღიარებს, რომ 1915 წელს მართლაც დაიხოცა დიდი რაოდენობით ეთნიკური სომეხი, თუმცა კატეგორიულად უარყოფს, რომ ოსმალეთის იმპერიას მიზნად ჰქონდა კონკრეტულად სომხების სრული ან ნაწილობრივი განადგურება. თურქეთის ოფიციალური ვერსიით, ქვეყანაში 1915 წელს სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა, სომხები კი, ამ ომში ისევე იხოცებოდნენ, როგორც სხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები. განსხვავებაა მსხვერპლის რაოდენობაშიც. სომხური მხარის ვერსიით, მასობრივ ჟლეტას 1,5 მილიონი სომეხი შეეწირა. თურქულით კი, – 300-500 ათასი.

2015 წელს სომხურმა ეკლესიამ გენოციდის დროს დაღუპულები წმინდანად შერაცხა.

მსგავსი პოსტები

Back to top button