მნიშვნელოვანისიახლეები

“უცნობის” აქციაზე შეკრებილები ქვეყნაში მშვიდობას მოითხოვენ

რესპუბლიკის მოედანზე ხელისუფლებასთან დაახლოებული მომღერლის მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს. რომლის სლოგანია “არა ომს – მშვიდობა ჩვენს ქვეყანას”. აქციაზე შეკრებილები ქვეყნაში მშვიდობას მოითხოვენ, ისმის ანტიდასავლური მოწოდებები.

მოსახლეობამ შეკრება აქციამდე 2 საათით ადრე დაიწყო. ისინი, პარალელურად, თვალს ადევნებენ და გულშემატკივრობენ ხვიჩა კვარაცხელიას საფეხბურთო თამაშს.
აქციის მონაწილეების შეკრების მიზანი ქვეყნის სამშვიდობო პოლიტიკის მხარდაჭერაა. აქციის მონაწილეებს ადგილზე მოტანილი აქვთ საქართველოს დროშა. საპროტესტო აქციის გამო, საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.

ამჟამად ადგილზე შეკრებილებს სიტყვით აქციის ორგანიზატორები მიმართავენ.
ხალხის შესაკრებად დღეს მმართველმა პარტიამ ადმინისიტრაციული რესურსი გამოიყენა და რეგიონებიდან ჩამოყვანილი ადამიანების უმრავლესობას საჯარო სამსახურებში დასაქმებული პირები შეადგენენ.

აქციაზე მიყვანილი მოქალაქეების უმრავლესობას არ აქვს ინფორმაცია, რა მოთხოვნით იმართება აქცია.

“იქნებ თქვენ მითხრათ რა აქციაა… აქციაზე ვდგავარ? მე დიდ ეკრანზე ფეხბურთის საყურებლად გამოვედი. უნებლიედ თუ ნებით [აქციასთან კავშირი მაქვს]. აქ დავიბადე, აქ გავიზარდე და აქ მოვკვდები”, – თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

“მე ასე მაქვს გაგებული, რომ აქციაა ვისაც ომი არ უნდა. ამიტომ [მოვედი აქციაზე], რომ ომი არ მინდა”, – ამბობს ერთ-ერთი მონაწილე.

“უბრალოდ შეკრებაა ქართველი ხალხის და თავიანთი სურვილების გამოხატვა. მოვისმინოთ ხალხის შეხედულება… გავიგებთ ალბათ”, – თქვა მონაწილემ.
ქვეყნები, რომლებიც ვითომ მეგობრებად გვევლინებოდნენ, შიდა საქმეებში ძალიან უხეშად ჩაერივნენ – ქართველი ხალხი არ დაუშვებს ღირსების შელახვას, – ამის შესახებ ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა განაცხადა, რომელიც რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე აქციაზე იმყოფება.

როგორც ია მეტრეველმა აღნიშნა, “ნაციონალური მოძრაობა” ცდილობს, როგორღაც ქვეყანაში რევოლუცია მოახდინოს.

” შეკრების მთავარი მიზანი არის ის, რომ მსოფლიოში რთული პროცესები მიმდინარეობს და ამ პროცესში ჩვენი ჩართვა უნდათ. ეს ჩვენთვის ძალიან საშიში იქნება.

ჩვენ გვინდა მშვიდობა, არავითარ შემთხვევაში ომი. მათ უნდათ, რომ მეორე ფრონტი გაიხსნას. ამას ქართველი ერი არ დაუშვებს. ამაში ძალიან კარგად უწყობს ხელს ე.წ. ოპოზიცია. მე მათ ოპოზიციას ვერ ვუწოდებ, ქვეყნის მტრებს “ნაციონალური მოძრაობის ” სახით, მათ მომხრეებს და სატელიტებს უნდათ როგორღაც ამ ქვეყანაში რევოლუცია, აჯანყება, ან პროვოკაცია მოახდინონ. ამ და ომის გზით როგორღაც ხელისუფლებაში დაბრუნდნენ. ამას ქართველი ერი არ დაუშვებს.

ის ქვეყნები, რომლებიც ჩვენ ვითომდა მეგობრებად გვევლინებოდნენ, დღეს ვხედავთ, რომ შიდა საქმეებში ძალიან უხეშად ჩაერივნენ. ქართველი ხალხი არ დაუშვებს ღირსების შელახვას, თავისუფლების დაკარგვას, რაც დიდი ბრძოლით გვაქვს მოპოვებული.

ჩვენი შვილების ნათელი მომავლისთვის ვართ აქ, მსოფლიოს გავაგებინოთ, რომ არ გვინდა ომი“, – აღნიშნავს მეტრეველი.

კითხვაზე, თუ ვინ იგულისხმება „ვითომდა მეგობრებში“, მეტრეველი განმარტავს: „როგორც ჩანს, ეს არის ამერიკის და ევროპის ქვეყნები, თუმცა რა თქმა უნდა, იქაც საღად მოაზროვნე ხალხი წინააღმდეგია იმ ძალების, რომლებიც წარმოადგენენ ლიბერალურ ძალებს, რომლებსაც აქაც უნდათ დანერგონ დანომრილი დედ-მამა, ქალის და ქალის, კაცის და მამაკაცის ქორწინება. ამას არ დავუშვებთ. მაგ ძალებს არ მივცემთ უფლებას, რომ ჩვენს ქვეყანაში ჩაერიონ“.
უნდა ვიმსჯელოთ რა არის ახალ მსოფლიო წესრიგში რეალური უსაფრთხოების გარანტია – რომელიმე სამხედრო კავშირში გაწევრიანების არარეალისტური გეგმები და მიზნები, თუ ნეიტრალიტეტი და მიუმხრობლობა , – ამის შესახებ ვატო შაქარიშვილმა რესპუბლიკის მოედანზე, მოძრაობა “აი უცნობის” ორგანიზებით მიმდინარე აქციაზე სახელმწოდებით -“მოვდივარ” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

შაქარიშვილი მიიჩნევს, რომ ნეიტრალიტეტი შესაძლოა, “დაგვეხმაროს მშვიდობის შენარჩუნებაში”.
ცნობისთვის, რესპუბლიკის მოედანზე აქცია მიმდინარეობს, რომლის ორგანიზატორია მოძრაობა “აი უცნობი”.

მსგავსი პოსტები

Back to top button