სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მდგრადი მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია-პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) წევრი ქვეყნების ლიდერების სამიტზე განაცხადა, რომ რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რათა ბაქოსა და ერევანს შორის ურთიერთობების ყოვლისმომცველ ნორმალიზებას მიაღწიოს. მისი სიტყვებით, რუსეთი ყოველთვის მხარს უჭერდა სომხეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
”ეჭვგარეშეა, ერთადერთი შესაძლო და რეალური გზა მშვიდობისკენ შეიძლება იყოს გზა, რომელიც დაისახება მხარეების მიერ რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების ცნობილი ერთობლივი განცხადებების ყველა დებულების მკაცრად დაცვით”, – აღნიშნა პუტინმა.
მისი თქმით, საუბარია სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციაზე, სატრანსპორტო კომუნიკაციების განბლოკვაზე და ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარებაზე.
„ყველასთვის აშკარაა, რომ არც ისე დიდი ხნის წინ აზერბაიჯანიც, სომხეთიც, ისევ როგორც რუსეთი, ერთი ქვეყნის შემადგენლობაში შედიოდნენ. ჩვენ ერევანთან და ბაქოსთან უამრავი კავშირი გვაქვს და ამის გაუთვალისწინებლობა უბრალოდ შეუძლებელია“, – განაცხადა პუტინმა სიტყვით გამოსვლისას.
ის დარწმუნებულია, რომ ერევანსა და ბაქოს შორის „მშვიდობისთვის ერთადერთი შესაძლო და რეალური გზა“ შესაძლოა, გახდეს რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების ერთობლივი განცხადებების ყველა დებულების მკაცრი დაცვა.
პუტინის სიტყვებით, როგორც სომხეთში, ასევე აზერბაიჯანში საკმაოდ რთული ვითარებაა და რუსეთი დაინტერესებულია, სამხრეთ კავკასია იყოს მშვიდი და სტაბილურად განვითარებადი რეგიონი.
კრემლის პრესსამსახურის ცნობით, 31 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სოჭში სამმხრივ მოლაპარაკებებს გამართავენ.
„დაგეგმილია რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს შორის 2020 წლის 9 ნოემბრით, 2021 წლის 11 იანვრით და 2021 წლის 26 ნოემბრით დათარიღებული სამმხრივი შეთანხმებების შესრულების განხილვა, ამიერკავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცების შემდგომი ნაბიჯები“, – ნათქვამია ცნობაში.
შეხვედრისას ასევე განიხილება სავაჭრო, ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების აღდგენისა და განვითარების საკითხები.
კრემლში აცხადებენ, რომ შედგება ცალკეული საუბრები პუტინსა და ფაშინიანსა და ალიევს შორის.
კრემლის პრესცენტრის ცნობითვე, შეხვედრა რუსული მხარის ინიციატივით გაიმართება.
მანამდე, 31 ოქტომბერს, სოჭში დაგეგმილი სამმხრივი შეხვედრის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
ოქტომბრის დასაწყისში ევროკავშირის შუამავლობით პრაღაში გაიმართა ოთხმხრივი შეხვედრა, რომლის დასრულების შემდეგ აღინიშნა, რომ აზერბაიჯანმა და სომხეთმა სამშვიდობო შეთანხმება, შესაძლოა, წლის ბოლომდე გააფორმონ.
2020 წლის ნოემბერში, ე.წ. 44-დღიანი ომის შემდეგ, სომხეთი და აზერბაიჯანი რუსეთის შუამავლობით შეთანხმდნენ საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე. ამ შეთანხმებით, აზერბაიჯანმა დაიბრუნა ყარაბაღის რამდენიმე რაიონზე 90-იან წლებში დაკარგული კონტროლი. რეგიონში განთავსდა რუსეთის “სამშვიდობო კონტინგენტი”. 2022 წლის სექტემბერში, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის განახლდა შეიარაღებული დაპირისპირება, რომლის შედეგად ორივე მხრიდან დაიღუპა 200-ზე მეტი სამხედრო.
შეგახსენებთ, დღეს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი დათანხმდა აზერბაიჯანთან ურთიერთობების დამყარების რუსეთის მიერ შეთავაზებულ ძირითად პრინციპებზე მუშაობას და მზადაა, ეს სოჭშიც დაადასტუროს.