სომხეთში საპარლამენტო არჩევნებზე ნიკოლ ფაშინიანი ლიდერობს

სომხეთის ცენტრალურმა კომისიამ ხმების დათვლის პროცედურა დაასრულა. 2008 საარჩევნო უბნიდან მიღებული წინასწარი მონაცემების თანახმად, არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის პარტია, „სამოქალაქო შეთანხმება“, ხმების 53.92%-ით ლიდერობს.
ეს ნიშნავს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად, პარტიას „სამოქალაქო შეთანხმება“, პარლამენტში 105 დეპუტატიდან მინიმუმ 71 დეპუტატი წარმოადგენს , რომელსაც ექნება საკონსტიტუციო უმრავლესობა და მთავრობის ფორმირების უფლებამოსილება.
სომხეთის პრემიერ-მინისტრობის მოალეობის შემსრულებელმა, ნიკოლ ფაშინიანმა ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის გამარჯვებას “ფოლადის რევოლუცია” უწოდა, რომელიც მას საშუალებას მისცემს ქვეყანა უფრო მკაცრი მეთოდებით მართოს და “კანონის დიქტატურა” დაამყაროს.
“სომეხმა ხალხმა თქვა თავისი სიტყვა და მიიღო გადაწყვეტილება. კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო მადლიერება და პატივისცემა სომხეთის ყველა მოქალაქის მიმართ, რომ ამ მძიმე განსაცდელის შემდეგ, ჩვენ კვლავ ვიპოვეთ ერთმანეთი. სომეხმა ხალხმა ბოლო სამი წლის განმავლობაში მეორე, ამჯერად ფოლადის რევოლუცია მოახდინა. ყველა შეთანხმება აუცილებლად შესრულდება. დროა, აღდგეს საზოგადოებრივი და ეროვნული ერთიანობა. უახლოეს დღეებში დავიწყებთ კონსულტაციებს არჩევნებში მონაწილე ყველა ჯანსაღ ძალასთან. კანონის დიქტატურა არის მანდატი, რომელიც ხალხმა მოგვცა და ამ მანდატს სწრაფად განვახორციელებთ”,- თქვა ფაშინიანმა.