სომხეთში საპროტესტო აქციები განახლდა
ოპოზიციურმა მოძრაობამ – “ახალი სომხეთი” ერევნის თავისუფლების მოედანზე ოცდაოთხსაათიანი მჯდომარე აქცია დაიწყო, – გადმოსცემს News.am.
“დემონსტრანტები მოედანზე ღამეს შენაცვლებით გაათენებენ”, – განაცხადა პარტია “მემკვიდრეობის” ლიდერმა რაფი ოვანისიანმა და აღნიშნა, რომ ხალხი მანამ არ დაიშლება, სანამ ხელისუფლების შეცვლას არ მიაღწევს.
მისი თქმით, დღეს 18 საათზე, მოედანზე ახალი მიტინგი დაიწყება, რომელსაც მსვლელობა მოჰყვება.
შეგახსენებთ, რომ 17 ივნისს სომხეთის საზოგადოებრივი მომსახურების რეგულირების სახელმწიფო კომისიამ ელექტროენერგიის 6.93 დრამით გაძვირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რამაც მოსახლეობის საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია. სამართალდამცავებმა მანიფესტანტების დასაშლელად ძალა ორჯერ გამოიყენეს.
მაშინ მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად, ელექტროენერგიის ტარიფი მაინც გაიზარდა.