მნიშვნელოვანისიახლეები

ფარმაცევტული პროდუქტის უწყებათაშორისი კომისია საბითუმო სარეალიზაციო ფასს დაადგენს

პრემიერის გადაწყვეტილებით, ფარმაცევტული პროდუქტის ფასების რეგულირების უწყებათაშორისი კომისია უფლებამოსილი იქნება ფარმაცევტულ პროდუქტებზე შესაბამისი ზღვრული საბითუმო სარეალიზაციო ფასი დაადგინოს.

ფარმაცევტული პროდუქტის ფასის სახელმწიფო რეგულირების, წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ დადგენილებაში ცვლილებები შევიდა.

მაღალი საზოგადოებრივი ან სახელმწიფოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ფარმაცევტული პროდუქტის ფასების რეგულირების უწყებათაშორისი კომისია უფლებამოსილი იქნება კონკრეტულ ფარმაცევტულ პროდუქტებზე შესაბამისი ზღვრული საბითუმო სარეალიზაციო ფასი დაადგინოს ექსპერტული შეფასების საფუძველზე.

ასევე, უწყებათაშორისი კომისია უფლებამოსილი იქნება კონკრეტულ ფარმაცევტულ პროდუქტებზე შესაბამისი საბითუმო სარეალიზაციო ფასი შემოიღოს ან განსაზღვროს და მასთან დაკავშირებული სხვა საკითხები მოაწესრიგოს. განახლებული ფასი ფასების კატალოგში გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში შევა ძალაში…

ყოვლად დაუშვებელია ის ფაქტები, რაც რეფერენტული ფასების დაწესებას გარკვეულ მედიკამენტებზე მოჰყვა – სახელმწიფოს პოზიცია საკმაოდ მკაცრი იქნება და ჰოლდინგური შეთქმულებების წინააღმდეგ კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება მოგვიწევს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

როგორც აზარაშვილმა განმარტა, თურქეთიდან შემოტანილ გარკვეულ მედიკამენტებზეც ფასების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ საქმე დიდი ალბათობით, შეთანხმებულ მოქმედებებთან გვაქვს.

მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი გამომდინარეობს იქიდან, რომ რამდენიმე ჰოლდინგი ფარმაცევტულ ბაზარზე დომინანტია.

მინისტრის განცხადებით, ოთხი კომპანია, რომელთა სახელებიც მას არ დაუკონკრეტებია, ჯამში ფარმაცევტული ბაზრის 90%-ზე მეტს ფლობს.

„თურქეთიდან შემოტანილ მედიკამენტებზეც ფასების მნიშვნელოვანი ზრდა მოხდა. სამწუხაროდ, ფაქტი გვაჩვენებს იმას, რომ საქმე დიდი ალბათობით, შეთანხმებულ მოქმედებებთან გვაქვს და ეს სამწუხარო ფაქტი ისევ და ისევ გამომდინარეობს იქიდან, რომ რამდენიმე ჰოლდინგი არის დომინანტი ფარმაცევტულ ბაზარზე, მთლიანად სამედიცინო ბაზარზე და აქედან გამომდინარე, ნებისმიერი ფასის, ნებისმიერი შეზღუდვის, დეფიციტს, თუ ცვლილებების და ძალიან სამწუხარო ფაქტების შესაძლებლობა აქვთ.

მინდა დავაფიქსირო, რომ სახელმწიფოს პოზიცია იქნება საკმაოდ მკაცრი. ჩვენ შესაბამისი ცვლილებებით რეგულაციაში უკვე მივმართეთ მთავრობას, ასევე, მივმართავთ პარლამენტს. ასევე ჩართულია კონკურენციის სააგენტო და მსგავს ფაქტებზე ჩვენი მიდგომა, რეაგირება ყოველთვის საკმაოდ მკაცრი იქნება, რადგანაც მოგეხსენებათ, ჩვენი პოლიტიკა მიმართულია მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომობის გაზრდაზე, როგორც ფარმაცევტულ სექტორში, ასევე სამედიცინო სექტორში და ყოვლად დაუშვებელია ის ფაქტები, რაც სამწუხაროდ, რეფერენტული ფასების დაწესებას გარკვეულ მედიკამენტებზე მოყვა.

აქედან გამომდინარე, ჩვენ მივყვებით იმ რეფორმას, რაც ფარმაცევტულ ბაზარზე და სამედიცინო სექტორში დაგეგმილი და მკაცრად გაწერილი გვაქვს. ამ რეფორმას აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე და ამ რეფორმის ნაწილი ყველაზე რთული და ყველაზე მკვეთრი, რაც იქნება ჩვენი მხრიდან, ეს იქნება ჰოლდინგური შეთქმულებების წინააღმდეგ და აქედან გამომდინარე, მოგვიწევს კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც საბოლოო ჯამში, დადებითად აისახება ამ რეფორმაზე და ფასწარმოქმნაც იქნება სამართლიანი. ამასთან, ბაზრის მონაწილეებიც ერთმანეთთან კონკურენტულ გარემოში იქნებიან და ორი და სამი ჰოლდინგის შეთანხმებისას ბაზარზე რაიმე გადაწყვეტილების მიღება და რაიმე ზემოქმედების მოხდენა შეუძლებელი იქნება,“ – განაცხადა აზარაშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button