მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინაში ისევ აფეთქებების ფონზე გათენდა

რუსული აგრესიის 199-ე დღე უკრაინაში ისევ აფეთქებების ფონზე გათენდა. თუმცა, ომში მყოფი ქვეყანა სამხრეთისა და აღმოსავლეთის ფრონტზე წარმატებულ კონტრშეტევებს განაგრძობს. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსი დამპყრობლებისგან უკრაინის ტერიტორიის ათას კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

ოკუპანტები უკან იხევენ და ოკუპირებულ ქალაქებზე კონტროლს კარგავენ. ხელისუფლების ინფორმაციით, ხარკოვში უკრაინულმა ძალებმა ოკუპანტებისგან 30-ზე მეტი დასახლებული რაიონი გაათავისუფლეს.
“ზოგიერთი მიმართულებით თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა მტრის თავდაცვაში 50 კმ სიღრმეზე შეაღწიეს. ხარკოვის ოლქში რუსების მიერ ოკუპირებული 30-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს ან კონტროლი დაამყარეს”, – აცხადებენ გენშტაბში.

ამასთან, უწყებაში ახადებენ, რომ გასული დღის განმავლობაში უკრაინის სახმელეთო ჯარების სარაკეტო ძალებმა და არტილერიამ გაანადგურა სხვადასხვა დონის 18 სამეთაურო პუნქტი და საბრძოლო მასალისა და საწვავ-საპოხი მასალების 20-ზე მეტი საწყობი.

„ასევე, დარტყმები მიაყენეს მტრის ცოცხალი ძალის, საჰაერო თავდაცვისა და საარტილერიო დანაყოფების კონცენტრაციის ტერიტორიებს“, – აცხადებენ გენშტაბში.

თუმცა აგრესორები შეტევებს არ წყვეტენ – იბომბება დასახლებული პუნქტები, თავდასხმებს კი მშვიდობიანი მოსახლეობა ეწირება.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პრესსპიკერი, ოლექსანდრ სტუპუნი ამბობს, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა მტრის შეტევები რამდენიმე მიმართულებით წარმატებით მოიგერიეს.

“მტერი ფოკუსირებულია დონეცკის ოლქზე, სრული კონტროლის დასამყარებლად და ახორციელებს საჰაერო დაზვერვას მაღალი ინტენსივობით. გასული ღამის განმავლობაში მტერმა უკრაინის ტერიტორიაზე საჰაერო იერიშები მიიტანა. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. თავდაცვის ძალებმა წარმატებით მოიგერიეს მტრის შეტევები რამდენიმე მიმართულებით. ბოლო დღეების განმავლობაში უკრაინელმა დამცველებმა რუსი ოკუპანტებისგან 1000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია გაათავისუფლეს. გათავისუფლებულია 30-ზე მეტი დასახლება, რომელებიც დამპყრობლებს დროებით ჰქონდათ დაკავებული ხარკოვის რეგიონში. ოკუპანტებმა დატოვეს დანგრეული, განადგურებული ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი სახლები. ამ ტერიტორიებზე განაღმვის ოპერაციები მიმდინარეობს,” – აცხადებს სტუპუნი.

გარდა ამისა უკრაინელმა სამხედროებმა ხარკოვის ოლქში კონტრშეტევის დროს ძალიან ბევრი რუსი დაატყვევეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა განაცხადა.

„უკვე აღარ ვიცით, რა ვუყოთ ტყვეებს, იმდენი დაგროვდა, რომ ჯარები ვერ უმკლავდებიან. რატომ ხდება ეს? ხარკოვის ოლქში 30 დასახლებული პუნქტი გათავისუფლდა, ეს ყველაფერი ბალაკლეიაზე და შემდგომ კუპიანსკზე შეტევის შედეგია“, – აღნიშნა არესტოვიჩმა.

მისი თქმით, ერთ-ერთი რუსული მოტომსროლელი პოლკი მას შემდეგ მიმოიფანტა, რაც მეთაურებმა მიატოვეს. სამხედროები უკრაინის ტყვეობაში ჩაბარების შესაძლებლობას ეძებენ. „არის სრული კოლაფსი და კატასტროფა, რაც, ცუნამივით ანგრევს რუსულ ჯარს. თუ იზიუმის კატასტროფას ბოლოს მოვუღებთ, ტყვეების რაოდენობა ათასობით გაიზრდება“, – აღნიშნა არესტოვიჩმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button